სიახლეები

ქართველთა მომავალმა მეტოქემ მსოფლიო ჩემპიონთან თავი არ შეირცხვინა

გაუზიარე

გეხსომებათ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში წარმატებით რომ გამოვიდა. თამაზ კოსტავას მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მალტაში გამართულ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა, სადაც მეტოქეებად, მასპინძელთა გარდა, ფარერები და ანდორა ჰყავდა. ამით საქართველოს ნაკრებმა მთავარ შესარჩევ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ეს ეტაპი ჩვენი ქალებისთვის 18 სექტემბერს დაიწყება და გაისად, 15 სექტემბერს დასრულდება. ჯგუფში საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ჩეხეთი, იტალია, ჩრდილოეთ ირლანდია და შვეიცარია ჰყავს. მატჩები ორ წრედ, მიმოსვლით ჩატარდება. ფინალურ ეტაპს 2017 წელს ჰოლანდია უმასპინძლებს. იქ შესარჩევი ჯგუფების გამარჯვებულები და ექვსი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხვდება. 
რამდენიმე დღის წინ კი კანადაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ჩვენი ოთხი მოწინააღმდეგიდან მხოლოდ ერთი, შვეიცარია გამოდის. პირველ ტურში ეს გუნდი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, იაპონიას დაუპირისპირდა და მინიმალურად, 0:1 დამარცხდა. იაპონელებმა ეს ერთადერთი გოლი მატჩის 29-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით გაიტანეს.
ბოლოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების კალენდარს გაგაცნობთ:
2015 წელი
18 სექტემბერი: იტალია-საქართველო
22 სექტემბერი: საქართველო-ჩეხეთი
24 ოქტომბერი: საქართველო-ჩრდილოეთ ირლანდია
27 ოქტომბერი: შვეიცარია-საქართველო
2016 წელი
12 აპრილი: ჩეხეთი-საქართველო
3 ივნისი: ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო
7 ივნისი: საქართველო-იტალია
15 სექტემბერი: საქართველო-შვეიცარია

ლევან ჯანეზაშვილი