სიახლეები

ლაშა დვალი: საქართველოს ნაკრები სწორი მიმართულებით მიდის

გაუზიარე

ლაშა დვალს ნაკრების დებიუტანტი აღარ ეთქმის. ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა საქართველო-გერმანიის მატჩში კარგად ითამაშა, ავტორიტეტებს არ შეუშინდა და საიმედოდ მოქმედებდა. როგორც იცით, დვალმა 3 ივნისს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა (სან მარინოსთან 3:0), ახლა კი ავსტრიაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადება. 9 ივნისს უკრაინასთან ამხანაგური შეხვედრაა, ხოლო 13 ივნისს - პოლონეთთან ევროშესარჩევი. 

დვალს ავსტრიაში დავუკავშირდით და სანაკრებოს გარდა, საკლუბო თემაზეც ვკითხეთ:           

სან მარინოსთან მატჩს როგორ შეაფასებდი? 

პირველი გოლის გატანა გაგვიჭირდა, ხოლო როცა გავიტანეთ, ყველაფერი მშვიდად, გეგმის მიხედვით წარიმართა. პირველი გოლიც იმიტომ დაგვიგვიანდა, რომ მეტოქე მთელი გუნდით იცავდა თავს, სულ დაცვაში იყვნენ. მეორე ტაიმში გაგვიადვილდა თამაში, ემოციებიც მეტი იყო და მცირე ფსიქოლოგიური წნეხიც მოგვეხსნა.   

ეროვნული ნაკრების მზადების შესახებ: როგორი პირობებია, როგორი ინტენსივობით ემზადებით? 

პირობებიც კარგია და საფეხბურთო ატმოსფეროც. საბრძოლო განწყობა გვაქვს და ეტაპობრივად ვემზადებით პოლონეთთან მატჩისთვის, თუმცა მანამდე საინტერესო ამხანაგური თამაში გველის უკრაინასთან.  

კახა ცხადაძე რაზე უფრო ამახვილებს ყურადღებას?

ცხადაძეს სურს, რომ "ჩამჯდარი" ფეხბურთი არ ვითამაშოთ. ცდილობს, დაალაგოს ჩვენი თამაში და უფრო შემტევი გახადოს, იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს საქართველოს ნაკრების დადებითი მხარეები. რა თქმა უნდა, დიდი მოცულობის სამუშაო სჭირდება ამ ყველაფერს. მოსმენა და შესრულება გვჭირდება, რათა ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რასაც ცხადაძე გვავალებს. ვფიქრობ, ნაკრები სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა, ვიმეორებ: დრო და დიდი მუშაობა სჭირდება ამ ყველაფრის დახვეწას.       

პირადად შენს ფორმაზე რას იტყვი, გადაღლილობას ხომ არ გრძნობ? რაც უნდა იყოს, თითქმის არ დაგისვენია. 

ცოტა გადაღლილობას ყველა გრძნობს. სეზონი ახლახან დასრულდა, თუმცა ასევე გადაღლილები იქნებიან ჩვენი მეტოქეებიც. ასე რომ, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.

ქასიმფაშა რას აპირებს? ხომ არ გადაუწყვეტია ინგლისური რედინგიდან შენი გამოსყიდვა?

ქასიმფაშაში დიდი ცვლილებები მოხდა. ფაქტობრივად, მთელი გუნდი გაუშვეს - 17 ფეხბურთელი. ახალი გეგმები აქვთ, მეც დამიმთავრდა საიჯარო ხელშეკრულება და ისევ რედინგს ვეკუთვნი. სავარაუდოდ, კვლავ განათხოვრებით წავალ სხვა გუნდში, მაგრამ სად, ჯერ არ ვიცი. არის სხვადასხვა ვარიანტი, აგენტები მუშაობენ და ამ ეტაპზე კლუბებს ვერ დავასახელებ. არ გამოვა სწორი. 

ბარსელონა-იუვენტუსის ფინალს ნაკრებმა ერთად უყურეთ. ამ თამაშზეც გვითხარი შენი აზრი. 

ბარსელონას ვგულშემატკივრობდი. საერთოდ, რაც თავი მახსოვს, ბარსელონას სულ ვქომაგობდი. გამიხარდა, რომ ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. დიახ, ნაკრებმა ერთად ვუყურეთ და, ბუნებრივია, არც ემოციები გვაკლდა.  

ილია ნანობაშვილი