სიახლეები

დანის ბოლო შანსი და კმაყოფილი პორტუგალიელები

გაუზიარე

გუშინ პორტუგალიელებმა პრესკონფერენცია გამართეს. ნაკრების მედიაოფიცერმა პრესის წინაშე დანი წარადგინა.

დანი: გუშინ ჩამოვედით თბილისში, ერევანთან საკმაოდ ახლოს დავბინავდით და კმაყოფილი ვართ იმით, რაც დაგვხვდა. აქაური კლიმატიც საკმაოდ მიახლოებულია ერევანთან. სომხეთის დედაქალაქამდე აქედან ავტობუსით სულ რამდენიმე საათის გზაა...

...ფოკუსირებული ვართ გამარჯვებაზე და ასეთი განწყობით ვემზადებით 13 ივნისის მატჩისთვის. ისეთ გუნდებთან თამაშს, როგორიც სომხეთის ნაკრებია, თავისი სპეციფიკური სირთულეები ახლავს, რადგან, ერთი შეხედვით, სუსტ ნაკრებებად ითვლებიან, სინამდვილეში კი მოედანზე ბოლომდე იბრძვიან. ამიტომ თამაშის მოსაგებად საჭირო იქნება, მასპინძლებზე უფრო თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ, მარტო კლასის ხარჯზე ვერ გავიმარჯვებთ...

...მუდმივად ვგრძნობ ფერნანდო სანტუშის ნდობას, რაც სტიმულს მაძლევს და დამატებით ძალებს მმატებს. ჩვენი მთავარი მიზანი, ცხადია, ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა და იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ჩვენ გვყავს, რა თქმა უნდა, ეს ამოცანა უნდა გადავწყვიტოთ...

 ...როცა ზენიტთან ორი წლით გავახანგრძლივე კონტრაქტი, ვთქვი, რომ ეს, ალბათ, ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, ბოლო ორი წელი იქნება. მომავალს ზუსტად ვერ განსაზღვრავ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს ჩემი ბოლო შანსია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო... 

...რადგან სომხეთის ნაკრები სახლში, საკუთარი მაყურებლის თვალწინ თამაშობს, ქულებიც სჭირდება, სავარაუდოდ, ისინი შეტევაში უფრო აგრესიულები იქნებიან, ვიდრე პორტუგალიაში იყვნენ. მეტს შეგვიტევენ და ის შემსრულებლები, რომლებიც ჩვენ მრავლად გვყავს, შეეცდებიან იმ შანსების გამოყენებას, რაც მატჩის მსვლელობისას შეგვექმნება...

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ ჩვენს კოლეგას ფერნანდო ურბანოს, წამყვანი პორტუგალიური სპორტული გაზეთიდან “ა ბოლა”:
“პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია კმაყოფილია იმით, რომ სომხეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად არჩევანი თბილისზე შეჩერდა. კმაყოფილი არიან მასპინძლობით, სტადიონით, პირობებით, სასტუმროთი. მოსწონთ ქალაქი და ზოგადად გარემო. ჩვენი 19-წლამდელებიც, რომლებმაც აქ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ითამაშეს, ხაზს უსვამდნენ აქაურ პირობებს და მათ შორის მოედნის საფარის კარგ ხარისხსაც. ასე რომ, ვიმედოვნებთ, ერევნის მატჩისთვის გუნდი თქვენთან სრულფასოვნად მოემზადება.”

დაგვეთანხმებით, პორტუგალიელთა ასეთი შეფასება სასიამოვნო მოსასმენია ნებისმიერი ქართველი ქომაგისთვის. პორტუგალიის ნაკრების თბილისში დაბინავება და რონალდუს ვარჯიშის ყურების შანსი ბევრი ქვეყნის ქომაგებს შესაძლოა, საერთოდ არასოდეს მიეცეს...