სიახლეები

გუშინ „მიხელ მესხზე“ პორტუგალიელი მეგავარსკვლავი გამოჩნდა

გაუზიარე

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები თბილისში კვირას, გვიან ღამით ჩამოფრინდა. ის, ვისი ხილვაც ქართველ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად უნდოდათ, ცხადია, გუნდს ჩამოჰყვა. სხვაგვარად თითქოს შეუძლებელიც იყო, თუმცა რატომღაც რამდენიმე დღის წინ დეზინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, კრიშტიანუ რონალდუ საქართველოს დედაქალაქს რამდენიმე დღის წინ მარტო ესტუმრა და ნაკრებს აქ ელოდებოდა. გვერწმუნეთ, მსოფლიოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ქართულ მიწაზე ფეხი სწორედ გუშინწინ დადგა...

მისი მრავალრიცხოვანი ქართველი ფანებისთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ეს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის პირველი აქაური ვიზიტი არაა. კრიშტიანუ თბილისს პირველად 2013 წლის ზაფხულში ესტუმრა და უკრაინელ ანდრეი შევჩენკოსთან ერთად დინამო თბილისის ვიტალი დარასელიას სახელობის ბაზა გახსნა. მაშინ რონალდუ თბილისში რუს საცოლე ირინა შეიკსა და პატარა შვილთან ერთად ეწვია. შეიკს იგი რამდენიმე თვის წინ დაშორდა, თუმცა ეს ყვითელი პრესის თემა უფროა...

თუკი ორი წლის წინ რონალდუს იღბლიანმა ქართველმა ფანებმა მასთან მიახლოება, სამახსოვრო ფოტოების გადაღება და ავტოგრაფის ჩამორთმევა შეძლეს, ეს ახლა ჯერჯერობით არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში, გუშინ პორტუგალიის ნაკრებმა "მიხეილ მესხის" მინდორზე ისე შეაბიჯა, გზად არც ქართველ ქომაგებთან ჰქონია კონტაქტი, არც – პორტუგალიელებთან. ეს გასაგებიცაა: ამგვარი მეგავარსკვლავის ჩამოსვლისას ყოველთვის დაცვის გაძლიერებული ზომები ტარდება. თავად ის ფაქტი, რომ პორტუგალია თავის რონალდუიანად თბილისშია და ,,მიხეილ მესხზე” ვარჯიშობს – უკვე მრავლისმეტყველია.

პირინეელთა ათიოდე გულშემატკივარი სტადიონის ტერიტორიაზე ტრიალებდა. როგორ მათ მითხრეს, დღეს-ხვალ თბილისში დაახლოებით 50 გულშემატკივარს ელიან, ამაზე ბევრად მეტი კი გუნდის საქომაგოდ პირდაპირ ერევანში ჩაფრინდება. პორტუგალიის ნაკრების ფანებს გული დიდად არ დასწყვეტიათ, მათი საყვარელი გუნდი თბილისში დახურულ ვარჯიშებს რომ ატარებს. სანამ პორტუგალიის ნაკრები აქ იქნება, ისინი ტურისტის როლს მოირგებენ და თბილისისა და კახეთის დათვალიერებას აპირებენ, საფეხბურთო ემოციებს კი მთლიანად ერევანში დახარჯავენ.

ქართველი გულშემატკივრების ემოციებს კი პორტუგალიელი ფეხბურთელების მხრიდან პასუხად მხოლოდ ავტობუსიდან ხელის დაქნევა მოჰყვა. როგორც უკვე გითხარით, ქართველ ქომაგებს რონალდუსა და მისი თანამემამულეების ხილვის საშუალება მხოლოდ შორიდან მიეცათ. რაც შეეხება პორტუგალიელ გულშემატკივრებს, როგორც კი ნახეს, რომ ფეხბურთელებთან მიახლოებას ვერც თავად შეძლებდნენ, უმალ ქალაქის ცენტრისკენ აიღეს გეზი.

"პორტუგალიას ამაზე ბევრად ძლიერი ნაკრებიც ჰყოლია, მაგრამ ნამდვილი გულშემატკივრები მას არც გასაჭირში მივატოვებთ. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატზე კრახი განვიცადეთ, მაგრამ მწვრთნელის შეცვლამ შედეგი გამოიღო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სათუო არ უნდა გავიხადოთ. ჯგუფს ვლიდერობთ, თუმცა დანიასა და ალბანეთს მხოლოდ ორი ქულით ვუსწრებთ. სომხეთს რომ ვერ მოვუგოთ, შეიძლება, ლიდერობაც დავკარგოთ. იოლ გამარჯვებას არ ველოდები, მაგრამ მჯერა, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩება.
რომ არ მოგატყუოთ, ქართულ ფეხბურთზე ბევრი არაფერი ვიცი, სამაგიეროდ, თქვენს ქვეყანაზე ბევრი კარგი რამ მსმენია. მე და ჩემი მეგობრები აქ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ნაკრების გამო ვართ, მაგრამ არც კულტურულ პროგრამაზე ვიტყვით უარს და ქართული ღირსშესანიშნაობების მონახულებას ვაპირებთ. მანამდე კი, ქართული ლუდი უნდა გავსინჯოთ", - გვითხრა ლისაბონელმა სტუდენტმა ვიტორმა, რომელიც სპორტინგის ფანი ყოფილა და როგორც ამ კლუბის აღზრდილი, რონალდუ განსაკუთრებით ჰყვარებია. 

17 საათზე პორტუგალიელთა თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა გუნდი მოედანზე გაიყვანა. მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის საწყისი 15 წუთის ნახვის საშუალება მოგვეცა და როგორც ამგვარ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ორიგინალური არაფერი გვინახავს – ფეხბურთელები ხალისიანად გამოიყურებოდნენ და ერთმანეთს ეხუმრებოდნენ. ფერნანდუ სანტუში ვარჯიშში აქტიურად არ მონაწილეობდა. სანამ ვარჯიში ღია იყო, ფეხბურთელები ფიზმომაზდების მწვრთნელთა დავალებებს ასრულებდნენ. ამას ჩვეულებრივი "კვადრატები" მოჰყვა, რა დროსაც მეკარეებმა ცალკე განაგრძეს მუშაობა, წვრთნის მთავარი და ყველაზე საინტერესო ნაწილი კი უთუოდ მისი დახურვის შემდეგ დაიწყებოდა.

რონალდუს სახიდან ღიმილი არ მოსცილებია – როგორც ჩანს, პირადი პრობლემებისა და მადრიდის რეალის წარუმატებლობების შემდეგ მას შვება სწორედ სანაკრებო შეკრებამ მოჰგვარა. რონალდუს ყოველ მოძრაობასა და ბურთთან შეხებაში იგრძნობოდა, რომ კლასით ახლოს ვერც ერთი თანაგუნდელი ვერ დაუდგებოდა, თუმცა ამის გამო თავი ყინჩად სულაც არ ეჭირა. დანარჩენი პორტუგალიელები მასაც ყოველგვარი ბარიერებისა და მორიდების გარეშე ეხუმრებოდნენ. ერთი სიტყვით, პორტუგალიის ნაკრების ბანაკში მეგობრული ატმოსფერო სუფევს, რონალდუს კი აქ გაცილებით მეტი მეგობარი უნდა ჰყავდეს, ვიდრე რეალში.

ყველაზე ხალიასიან განწყობაზე კი, ერთი შეხედვით, რონალდუს რეალელი თანაგუნდელი ფაბიო კოენტრაო იყო. ცნობილია, რომ იგი კრიშტიანუს საუკეთესო მეგობარია.

ერთი სიტყვით, გუშინ "მიხეილ მესხზე" ვარსკვლავთცვენა იყო. სანტუშის გუნდი მორიგ თბილისურ ვარჯიშს დღეს, 10 საათსა და 30 წუთზე დაიწყებს და ისევე, როგორც გუშინ, მისი საწყისი 15 წუთი იქნება ღია, ისიც მხოლოდ მედიისთვის.

რაც შეეხება გუშინდელ ვარჯიშამდე გამართულ პრესკონფერენციას, იქ უმრავლესობაში არა ქართველი, არამედ პორტუგალიელი ჟურნალისტები იყვნენ – თბილისში ჩვენი 30-მდე კოლეგა ჩამოვიდა. პრესკონფერენციის დარბაზიდან პირდაპირი ტელე და რადიოჩართვებიც განხორციელდა.

აქამდე საქართველოს ნაკრებს ყველა ევროპული გრანდისთვის უმასპინძლია, ჰოლანდიისა და პორტუგალიის გარდა. პორტუგალიის ნაკრების გრანდობაზე, ვფიქრობთ, კამათიც არ შეიძლება – მართალია, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი არ არის, მაგრამ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, დიდ საფეხბურთო ფორუმებზე წარმატებულად გამოდის. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ამის დასადასტურებლად 2004 წლის ევროპული ვერცხლი და 2006 წლის მუნდიალზე დაკავებული მეოთხე ადგილიც კმარა.
პორტუგალია და საქართველო ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვდნენ და ისიც ამხანაგურად – 2008 წელს, როცა ჩვენს ეროვნულ გუნდს დროებით ხორვატი პეტარ შეგრტი წვრთნიდა, პორტუგალიაში მასპინძლებმა 2:0 გვაჯობეს.

პორტუგალიის ნაკრების ბოლოდროინდელ ისტორიასა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში შექმნილ მდგომარეობაზე "ჩვენი თამაშის" ხვალინდელ ნომერში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.  

თბილისში პორტუგალიის ნაკრები ამ შემადგენლობით ჩამოვიდა:

მეკარეები: რუი პატრისიო (სპორტინგი), ბეტო (სევილია, ესპანეთი), ანტონიო ლოპესი (ლიონი, საფრანგეთი);

მცველები: სედრიკი (სპორტინგი), ვიეირინია (ვოლფსბურგი, გერმანია), ბრუნო ალვეში (ფენერბაჰჩე, თურქეთი), ჟოზე ფონტე (საუთჰემპტონი, ინგლისი), რიკარდუ კარვალიუ (მონაკო, საფრანგეთი), დანიელ კარიკო (სევილია, ესპანეთი), ფაბიო კოენტრაუ (რეალი, ესპანეთი), ელიზეუ (ბენფიკა);

ნახევარმცველები: ვილიამ კარვალიუ (სპორტინგი), დანილო პერეირა (მარიტიმუ), ჟოაუ მოუტინიუ (მონაკო, საფრანგეთი), ტიაგუ (ატლეტიკო, ესპანეთი), ადრიან სილვა (სპორტინგი), ანდრე ანდრე (გიმარაეში), პიცი (ბენფიკა), ბერნარდო სილვა (მონაკო, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: დანი კარვალიუ (ზენიტი, რუსეთი), რიკარდუ კვარეშმა (პორტუ), ლუიშ ნანი (სპორტინგი), კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, ესპანეთი), ვარელა (პარმა, იტალია), ედერი (ბრაგა).

ლევან ჯანეზაშვილი