სიახლეები

ქუთაისში ევროტურნირი ახსენეს, ტორპედოს მერია დააფინანსებს

გაუზიარე

ქუთაისის ტორპედოში სერიოზული ცვლილებებია, გუნდი ათამდე ფეხბურთელმა დატოვა, მათ ნაცვლად კი ახალი მოთამაშეები მოდიან. ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობენ, ახალი გუნდის შენება იწყებაო, გუნდისა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს. გუშინ კლუბის მენეჯერს, რამაზ ჩხიკვაძეს დავუკავშირდით და მიმდინარე მოვლენებზეც ვესაუბრეთ და გასული სეზონის შეფასებაც ვთხოვეთ: "როდესაც ტორპედო გიორგი დარასელიამ ჩაიბარა, მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო. მართალია, მეორე წრის საწყის ტურებში ქულები დავკარგეთ, მაგრამ შემდეგ გუნდმა აშკარად მოუმატა და ამას მოჰყვა მოგებათა სერია. საბოლოოდ, ტორპედომ უპრობლემოდ შეინარჩუნა ადგილი ლიგაში, რაც გიორგი დარასელიასა და მთლიანად სამწვრნელო შტაბის დამსახურებაა. რომ არა ზემოთ ნახსენები ქულების დაკარგვა, ტორპედოს მეოთხე ადგილისთვისაც შეეძლო ბრძოლა. თასის გათამაშებაში კი ძალიან არ გაგვიმართლა, ვინც სამტრედიასთან ჩატარებული თამაშები ნახა, დამეთანხმება, რომ ტორპედოს ამ მატჩებში ძალიან არ უმართლებდა, თუმცა, როგორც ვთქვი, გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია და მომავალ სეზონშიც უძლიერესთა შორის იასპარეზებს."

რაც შეეხება სელექციასა და მომავალი სეზონის მოსამზადებელ გეგმებს, რამაზ ჩხიკვაძემ შემდეგი გვითხრა: "ახალი გუნდის შენებას წინა სეზონში ჩაეყარა საფუძველი და გუნდის ჩონჩხი უკვე ჩამოყალიბებულია. ტორპედოში ის ფეხბურთელები დარჩნენ, რომლებიც მთავარმა მწვრთნელმა შეარჩია. რა თქმა უნდა, გული გვწყდება ირაკლი კლიმიაშვილისა და ზაზა ჭელიძის წასვლის გამო, ეს მართლაც დანაკლისია ჩვენთვის. რაც შეეხება ახლებს, დაგვიბრუნდნენ კუხიანიძე და სიჭინავა, ცხინვალიდან დაგვემატა შინდაგორიძე, მათი მოსვლით ნახევარდაცვა სერიოზულად გაძლიერდა. მომავალ სეზონში ტორპედოში ითამაშებს დავით ოდიკაძე, რომელიც გამოცდილი ფეხბურთელია და მისი სახით სერიოზული შევსება მივიღეთ. ტორპედო 15 ივნისს ქუთაისში შეიკრიბება, მოთამაშეები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და საწვრთნელი პროცესი განახლდება. დაახლოებით ერთი თვე ადგილზე მოვემზადებით, ამ პერიოდში კი გაირკვევა, სად გაივლის გუნდი მეორე შეკრებას."

ჩხიკვაძის თქმით, კლუბის დაფინანსებისა და სამომავლო მიზნების საქმე ასეა: "ახლა ტორპედოს აქციების ასი პროცენტი ქალაქის მერიას ეკუთვნის და, ბუნებრივია, კლუბის დაფინანსებასაც მერია აიღებს საკუთარ თავზე. გამიჭირდება კონკრეტული თანხის დასახელება, თუ როგორი იქნება გუნდის ბიუჯეტი, რადგან გარკვეული საკითხებია მოსაგვარებელი, მაგრამ ერთი რამის თქმა ახლავე შემიძლია _ მერია ტორპედოს პრობლემებს არ შეუქმნის, რადგან მერიც, ვიცე-მერიც და მთლიანად ქალაქის ხელმძღვანელობა დიდადაა მოწადინებული, რომ ქუთაისში ფეხბურთი განვითარდეს. რაც შეეხება მიზნებს, გიორგი დარასელიას გაწვრთნილ გუნდებს ის ახასიათებთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან მხოლოდ მოსაგებად გადიან მოედანზე და ასე იქნება მომავალ სეზონშიც. ვნახოთ, რა შედეგი გვექნება, იმედია, ევროტურნირის საგზურისთვისაც ვიბრძოლებთ."

პაატა ძნელაძე