სიახლეები

ქართველები პოლონეთში: თვალს სიამოვნებს

გაუზიარე

ლამაზი ფოტოებია: იაგელონიას ქართველები საქართველოს დროშით... პოლონეთის ჩემპიონატი დასრულდა, ბიალისტოკის იაგელონიამ კი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია: მესამე ადგილზე გავიდა. თანაც, მესამეცაა და მესამეც, გუნდი ბოლომდე იბრძოდა ჩემპიონობისთვის და ოთხი ტურით ადრე ვარშავის ლეგიასთან მსაჯს რომ არ დაეჩაგრა, ვინ იცის, ახლა ბრინჯაოს ნაცვლად ოქროს მედლები ჩაეხუტათ. იაგელონია მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა ჩემპიონს პოზნანის ლეხს და ერთი ქულით - ლეგიას. 

იაგელონიაში ორი ქართველია: შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე და მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე. ძალამიძე იაგელონიაში საუკეთესო ასისტენტი გახდა (11 საგოლე პასი), თავისი წილი კარგი მატჩები ჩაატარა ფოფხაძემაც. 

ფოფხაძე ხუთი თვის წინ გადავიდა ბიალისტოკის გუნდში (უფრო სწორად, დაბრუნდა, რადგან მანამდე შარშანაც თამაშობდა), თუმცა ამჯერადაც ხანმოკლე გამოდგა მისი პოლონური კარიერა. 

„გუნდიდან მივდივარ. ეს დღეს გადაწყდა. კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდი და ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შევთანხმდით, ძველი კი დამიმთავრდა. საწყენია. არ მინდოდა, ასე მომხდარიყო. ყოველდღე ვგრძნობდი, აქ ხალხს როგორ ვუყვარდი... კლუბს დაბალი ბიუჯეტი ჰქონდა, მაგრამ მშვენიერი სეზონი გამოგვივიდა“ - გვითხრა ფოფხაძემ. 

სად გააგრძელებს კარიერას 28 წლის მარცხენა მცველი, ჯერ უცნობია. ამბობს, ჯერ არავინ დამკავშირებიაო. 

ამ ფოტოებზე კი ბოლო ტურის მატჩის შემდგომი ამბებია ასახული. იაგელონია 0:2-ს აგებდა გდანსკის ლეხიასთან და 4:2 გაიმარჯვა. ფოფხაძე მეუღლესთან და 5 წლის ქალიშვილ ნიტასთან ერთადაა, ძალამიძე კი ჯერ დასაოჯახებელია...

თვალს სიამოვნებს, როცა ქართველი ბიჭები კარგ სახელს ტოვებენ უცხოეთში და ქართულ დროშასაც აფრიალებენ. 

ილია ნანობაშვილი