სიახლეები

ლიპარტიამ ჯგუფი დაგეგმა

გაუზიარე

თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ლუგანსკის ზორია უკრაინის ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენაა. ლუგანსკელებმა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულეს და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვეს. ამაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა ლიპარტიამ, რომელიც ჩემპიონატის მსვლელობისას ზორიას ერთ-ერთ ლიდერად იქცა და არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ევროპის ლიგის ფინალში დნიპროს სევილიასთვის რომ მოეგო, ზორია ევროპა ლიგის მომდევნო გათამაშებას პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებდა, ახლა კი ჯგუფში შესაღწევად ერთი ეტაპის დაძლევა მოუწევს. ამასთან დაკავშირებით უკრაინელ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ჯაბა ლიპარტიამ:

"ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ევროტურნირებზე წარმატებული გამოსვლაა. სულ მცირე, ჯგუფში უნდა მოვხვდეთ, დანარჩენი კი მერე გამოჩნდება. როგორც ვიცი, ამისათვის კლუბის ხელმძღვანელობა რამდენიმე ფებურთელის დამატებას აპირებს, გაძლიერება ნამდვილად არ გვაწყენს. რაც შეეხება უკრაინის ჩემპიონატს, კარგად გვესმის, რომ ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ ჩვენი გულშემატკივარი, სულ მცირე, ანალოგიურის განმეორებას მოგვთხოვს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება იმას მივაღწევთ თუ არა უფრო მეტს, ამ ეტაპზე ზორიას ძალიან გაუჭირდება კიევის დინამოსთვის, შახტარისთვის და დნიპროსთვის სათანადო კონკურენციის გაწევა. ეს რეალობაა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ."

პაატა ძნელაძე