სიახლეები

გოროზიამ სტაბეკს მოაგებინა, მაიკლ ბრედლიმ ქართველი შეაქო [ვიდეო]

გაუზიარე

ნორვეგიის ჩემპიონატის მე-12 ტურში მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა სეზონის მთავარმა აღმოჩენამ _ სტაბეკმა, რომელმაც შინ ბოდო-გლიმტს 3:2 სძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სტაბეკში კვლავ გამორჩეული იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი გიორგი გოროზია, რომელმაც 68-ე წუთზე ანგარიში 3:1 გახადა და თავისიანების გამარჯვებაში თავისი წილი დაიდო.

ამ მოგების შემდეგ სტაბეკს 26 ქულა აქვს. გოროზია და მისი თანაგუნდელები კვლავინდებურად მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ რუსენბორგს 3 ქულით ჩამორჩებიან. ახლა სანაკრებო პაუზის გამო ნორვეგიის ჩემპიონატში მცირე შესვენებაა, რომლის შემდეგ, 21 ივნისს, სტაბეკი ალესუნდს ესტუმრება.

ბოდო-გლიმტთან მოგებული მატჩის შემდეგ სტაბეკის მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ბრედლიმ გოროზიას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა: "ჩემპიონატის დაწყებამდე სტაბეკში ათზე მეტი ახალი ფეხბურთელი მოვიყვანე, რამდენიმე მათგანი უკვე ძირითადი შემადგენლობის წევრია, რამდენიმეს კი ჯერაც ადაპტაცია სჭირდება საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოსაჩენად. გოროზია თამაშიდან თამაშამდე უმატებს, მან ნახევარდაცვაში არსებული პრობლემები მოგვიგვარა."      

პაატა ძნელაძე