სიახლეები

11 აგვისტოს სტუმრობაო

გაუზიარე

11 აგვისტო, „დინამო არენა“ - სასწაული აჟიოტაჟი იქნება თბილისში, რადგან ამ რანგის მატჩი, როგორიც ევროპის სუპერთასია, საქართველოში არასოდეს ჩატარებულა. თანაც, როგორი გუნდები ჩამოვლენ... 

დიდებული ბარსელონა, რომლის მზეც სულაც არ ჩასვენებულა, როგორც ბევრი ვარაუდობდა ხოსეპ გვარდიოლას კატალონიიდან წასვლის შემდეგ. ბარსელონა უპირველესად თავისი ლეო მესით, რომელსაც სხვა ვარსკვლავებიც მოჰყვებიან. საწყენია, რომ მათ შორის არ იქნება ჩავი, მაგრამ სხვა მხრივ, ვინ გინდა, სულო და გულო: ნეიმარი, ლუის სუარესი, ანდრეს ინიესტა და სხვები. 

მეორე მხარესაც სახელიანი გუნდი იდგება. ყოველ შემთხვევაში, ავცდით `შემთხვევით გამარჯვებულებს~, რომლებიც ბოლო წლებში არაერთხელ გვიხილავს ევროპის ლიგაზე, ან მის წინამორბედ უეფას თასზე. გაუტეხელი, სწრაფი და საოცრად იღბლიანი სევილია - რომელმაც ბოლო ცხრა წელიწადში ოთხჯერ მოიგო ეს ტიტული. 

მოდით, გადავხედოთ, ბარსელონასა და სევილიას რომელი ფეხბურთელები ყოფილან საქართველოში. აგვისტომდე დროა და შესაძლოა, გარკვეულწილად შეიცვალოს შემადგენლობები, დღევანდელი მოცემულობით კი, საქართველოში ყოფილან და უთამაშიათ:  

ბარსელონადან: 

ჟერარდ პიკე (2007 წელს, საქართველო-ესპანეთის 21-წლამდელების მატჩი - 0:1 და 2012 წელს, საქართველო-ესპანეთი 0:1); 

ივან რაკიტიჩი (2011 წელს, საქართველო-ხორვატია 1:0); 

სერხიო ბუსკეტსი (2012 წელს, საქართველო-ესპანეთი 0:1); 

ჩავი (2012 წელს, საქართველო-ესპანეთი 0:1); 

ანდრეს ინიესტა (2012 წელს, საქართველო-ესპანეთი 0:1); 

მარკ ბარტრა (2011 წელს, საქართველო-ესპანეთის 21-წლამდელების მატჩი ქუთაისში 2:7)

პედრო (2012 წელს, საქართველო-ესპანეთი 0:1); 

სერხი რობერტო (2011 წელს, საქართველო-ესპანეთის 21-წლამდელები 2:7);

ხორდი ალბა (2012 წელს, საქართველო-ესპანეთი 0:1);  

სევილიადან: 

გჟეგოჟ კრიხოვიაკი (2014 წელს, საქართველო-პოლონეთი 0:4)

მიქაელ კრონ-დელი (2004 წელს, საქართველო-დანია 21-წლამდელებში 2:4)

ამ ფეხბურთელებიდან სამს გაუტანია გოლი საქართველოში: ბარტრას საქართველოს 21-წლამდელთა კარში, კრიხოვიაკს ჩვენს ეროვნულ ნაკრებთან და კრონ-დელის 11 წლის წინ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან. ცნობისთვის, კრონ-დელი გასულ სეზონში არ თამაშობდა სევილიაში: ახლახანს გადავიდა ვიგოს სელტადან.

არც ბარსელონა ყოფილა როდესმე თბილისში და არც - სევილია. ეს გუნდები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ევროპის სუპერთასზე, ეს მოხდა 2006 წელს და კატალონიელებმა მოულოდნელად 0:3 წააგეს. 

მთლიანობაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში ბარსა და სევილია 28-ჯერ გადაეყარნენ ერთმანეთს: 17 ბარსელონამ მოიგო, 5 სევილიამ, ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა. პრიმერადივიზიონის გასულ სეზონში ნოუ კამპზე ბარსამ 5:1 იმარჯვა, ხოლო ანდალუსიაში მატჩი 2:2 დასრულდა. 

ილია ნანობაშვილი