სიახლეები

თორნიკე ოქრიაშვილი : გადაწყვეტილია, რომ გენკიდან წავალ, ტვენტე რეალურია

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში უკრაინის ნაკრებთან ამხანაგური და პოლონეთის ნაკრებთან ევროპის 2016 წლის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. კახა ცხადაძის გუნდი 4 ივნისს ავსტრიის კურორტ დაბა ვინდიშგარშტენის სასტუმროში დაბინავდა და 11 ივნისამდე იქ იცხოვრებს. ჯვაროსნები უკრაინის ნაკრებს 9 ივნისს ავსტრიის ქალაქ ლინცში დაუპირისპირდებიან, 13 ივნისს კი ვარშავაში პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ოფიციალურ მატჩში ითამაშებენ. ჩვენი ნაკრებისთვის ორივე მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფიფას ბოლოდროინდელ რეიტინგებში საქართველოს ნაკრების პოზიცია მკვეთრად გაუარესებულია, უკრაინელებთან და პოლონელებთან წარმატებით თამაშით კი ნაკრები ფსიქოლოგიურადაც მოძლიერდება და ფიფას რეიტინგშიც უკეთეს პოზიციაზე აღმოჩნდება. მომავალი მატჩებისა და ნაკრების მზადების შესახებ ჩვენი თამაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, თორნიკე ოქრიაშვილს ავსტრიაში დავუკავშირდა. ინტერვიუ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ჩავწერეთ, ამიტომ ოქრიაშვილს პირველად ამ იუვენტუსისა და ბარსელონას დაპირისპირების შეფასება ვთხოვეთ.

იუვე-ბარსას დაპირისპირებას ნაკრების ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ერთად ვუყურეთ. რა თქმა უნდა
, ფავორიტი ბარსელონა იყო, მაგრამ გული დამწყდა, რადგან მინდოდა, ჩემპიონთა ლიგა ბუფონს მოეგო. იუვენტუსის მეკარე ძალიან დიდი ფეხბურთელია და იმსახურებდა ამ ჯილდოს მოგებას. თუმცა, მიუხედავად ბუფონისადმი ჩემი სიმპათიისა, ბარსას თამაშით უფრო დიდი სიამოვნება მივიღე. ჩემპიონთა ლიგას ღირსეული გამარჯვებული ჰყავს.


ავსტრიული შეკრება როგორ მიმდინარეობს? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ საქართველოს ნაკრებისგან მომავალ ორ მატჩში?

მზადება კარგად დაიწყო. რაც მთავარია, კარგ პირობებში ვემზადებით. კარგა ხანია, უცხოეთში შეკრებზე ამდენი ხნით არ ვყოფილვართ. ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ახალ ტაქტიკაზე ვმუშაობთ. დღითიდღე უკეთესობისკენ მივიწევთ და ვფიქრობ, ეს ჩვენს თამაშზეც აისახება.

კონკრეტულად რა სიახლეებია ტაქტიკასთან დაკავშირებით? უკრაინისა და პოლონეთის ნაკრებებთან მატჩებში ნაკრები უფრო შემტევი სტილით ითამაშებს?

ტაქტიკა დაახლოებით იგივე იქნება, რაც მალტასთან და გერმანაისთან მატჩებში იყო. მაშინ ცხადაძე ახალი დანიშნული იყო და ტაქტიკის ათვისებისთვის ცოტა დრო გვქონდა, ახლა კი მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც მწვრთნელი გვავალებს. უკრაინის ნაკრებთან თამაშამდე მაქსიმალურად უნდა დავხვეწოთ ჩვენი ტაქტიკა. ცხადია, შემტევი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ.

პოლონეთის ნაკრები ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია. შენი აზრით, რის ხარჯზე შეიძლება ამ გუნდთან წარმატების მიღწევა?

საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჩვენთანაც ფავორიტები არიან, მაგრამ სწორ ფეხბურთს თუ ვითამაშებთ, შეუძლებელი არაფერია. მთავარია, ფეხბურთი ვითამაშოთ და არა მოშორებაზე და წინ უაზროდ დარტყმაზე. ცხადაძე ჩვენგან სწორედ ამას ითხოვს და შევეცდებით, ისე ვითამაშოთ, როგორც მწვრთნელი დაგვავალებს.

შენი აზრით, რამდენი დროა საჭირო, ნაკრების თამაშს პროგრესი რომ დაეტყოს?

წინასწარ ამის თქმა ძნელია, როდის ვითამაშებთ უკეთესად. თუმცა ჩვენ ამისთვის ვარჯიშებზეც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თამაშები გამოვასწოროთ და უფრო სანახაობრივად და შედეგიანად ვითამაშოთ. წესით მომავალ ორ მატჩში პროგრესი უკვე უნდა გამოჩნდეს.

თემურ ქეცბაიას მუშაობის ბოლო პერიოდში ჩვენი ნაკრების ირგვლივ ბევრი პრობლემა დაგროვდა. ახლა როგორი ატმოსფეროა გუნდში?

იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არც ღირს. ახლა არანაირი დაძაბულობა და პრობლემა არ არის. გუნდშიც კარგი ატმოსფეროა და ვარჯიშებზეც ყველა მაქსიმალურად ვიხარჯებით. მთავარია, მომავალ ორ მატჩში გამოჩნდეს ის შრომა, რომელსაც ვარჯიშებში ვდებთ.

ბელგიაში სეზონი ერთი თვის წინ დასრულდა და პირადად შენ როგორ ფორმაში ხარ?

ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. გენკში ბოლოს ერთი თვის წინ კი ვითამაშე, მაგრამ რაც თბილისში ჩამოვედი, ვარჯიში არ შემიწყვიტავს და ნაკრების შეკრებაზეც ბოლომდე ვიხარჯები. მომავალი ორი მატჩისთვის ასი პროცენტით მზად ვარ.

გენკში რამდენიმე ვარჯიში თვალის ანთების გამო გამოტოვე. რა გჭირდა თვალზე?

ვირუსი მქონდა, მაგრამ მე ერთ კვირაში გამიარა, მაგრამ ოჯახში დედაჩემს და ჩემს ძმას გადავდე. ისინი ერთი თვე მკურნალობდნენ.

ევროპის ლიგის ზონაში მოსახვედრ პლეი ოფის მატჩებში მეხელენმა გაჯობათ. რა დააკლდა გენკს სასურველი შედეგის მისაღწევად?

მართალი გითხრათ, გენკზე ლაპარაკი აღარ მინდა. არაფერი დაგვაკლდა, უბრალოდ, მეხელენი უკეთეს ფორმაში იყო და გამარჯვებაც დაიმსახურა.

როგორც შენი ლაპრაკიდან ჩანს, გენკიდან მიდიხარ.

კი, გადაწყვეტილია, რომ გენკიდან წავალ, მაგრამ ის სისულელე, რაც ქართულ მედიაში წავიკითხე, სინამდვილეს არ შეესაბამება. საუბარი იყო, თითქოს გუნდიდან 10 ფეხბურთელს უშვებენ და მათ შორის მეც, ეს ტყუილია. გენკთან პირობებზე ვერ შევთანხმდი და ამიტომაც მივდივარ ამ გუნდიდან.

როგორც ვიცი შენით ტვენტეა დაინტერესებული. რამდენად რეალურია ამ კლუბის ინტერესი და სხვა შემოთავაზებები თუ გაქვს?

კი, ტვენტეს ინტერესი რეალურია, მაგრამ არიან სხვა კლუბებიც. ამაზე წინასწარ ლაპრაკი არ მინდა, რადგან მირჩევნია, ასი პროცენტით გადაწყვეტილი რომ იქნება, მერე გავაკეთო კომენტარი. ერთი იმის თქმა შემიძია, რომ გენკზე უკეთეს გუნდში ნამდვილად ვითამაშებ.

ოთო მუმლაძე