სიახლეები

დინამო სულ სხვაა...

გაუზიარე
თბილისის დინამომ გიორგი ქვილითაიას სახით საკმაოდ კარგი შევსება მიიღო. წინა სეზონში დინამოს თავდასხმის ხაზში აშკარად ჰქონდა პრობლემები, ახლა კი გუნდში საკმაოდ ძლიერი ფორვარდები მოდიან და ერთ-ერთი მათგანია ქვილითაია, რომელსაც გუშინ დავუკავშირდით.

დინამოსთან კონტრაქტის გაფორმება შენთვის რამდენად მოულოდნელი იყო?

ჯერ კიდე სასკოში თამაშისას დაინტერესდა დინამო ჩემით, შემდეგ უნგრეთში გადასვლამდე იყო დინამოზე საუბარი, მაგრამ როგორც ხედავთ, საბოლოოდ დინამოში ახლა აღმოვჩნდი და ძალიან გახარებული ვარ. ალბათ, არ არსებობს ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დინამოში თამაშზე არ ოცნებობდეს და გამონაკლისი არც მე ვარ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა, მაგრამ დინამოს ფეხბურთელობა პირველ რიგში პასუხისმგებლობაა. აქვე ვიტყვი, რომ გუნდში იდეალური პირობებია ფეხბურთელისთვის შექმნილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

კონტრაქტი რამდენხნიანი გააფორმე?

1+1 - ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ეს არის საუკეთესო ვარიანტი.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, შენი გადაბირება სხვა გუნდებსაც სურდათ.

იყო შემოთავაზება სლოვაკური გუნდისგან, ასევე მიწვევდნენ ბათუმის დინამო და ქუთაისის ტორპედო, მაგრამ არჩევანი დინამოზე შევაჩერე.

დინამოში ახლახანს მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. მასთან თუ გიმუშავია ადრე?

არა, აქამდე არ მიმუშავია, მაგრამ ჩემი მეგობრებისგან, რომლებსაც გეგუჩაძესთან ნამუშევარი აქვთ, ვიცი, რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტია და საკმაოდ საინტერესო ვარჯიშები აქვს. გარკვეულწილად დინამოსთან კონტრაქტის გაფორმება იმანაც გადამაწყვეტინა, რომ მთავარი მწვრთნელი გეგუჩაძეა. სხვათა შორის, მასთან მუშაობის შანსი ადრე მქონდა, როდესაც ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი იყო და ჩემი გადაყვანა სურდა, მაგრამ მაშინ ეს ვარიანტი ჩაიშალა.

დინამოს თავდასხმაში ალექსანდრე იაშვილის გვერდით მოგიწევს თამაში.

იაშვილთან ერთად ჯერ არ მივარჯიშია, ის მალე შემოუერთდება გუნდს და დარწმუნებული ვარ, მისგან ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი. კაცმა კარიერის უდიდესი ნაწილი ბუნდესლიგაში გაატარა და ახლა საქართველოში ჩამოვიდა იმისათვის, რომ გამოცდილება გაუზიაროს ახალგაზრდებს. ეს დასაფასებელია და ნამდვილად მიხარია, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელთან რომ მომიწევს თამაში.

საქართველოში დინამოს გულშემატკივარი ყველაზე მომთხოვნია. ჩემპიონობის დაკარგვის შემდეგ მომავალ სეზონში მხოლოდ პირველ ადგილს მოგთხოვენ, მანამდე კი ევროტურნირებია.

დინამოს სულ სხვა გუნდია და ბუნებრივიცაა, ყოველი სეზონის წინ მთავარ ფავორიტად რომ მიიჩნევა. მომდევნო ჩემპიონატში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი მიზანი გვექნება და ეს მიზანი ჩემპიონობაა, მთავარი კი ჩემი აზრით, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გავხდებით ევროპული მაშტაბით კონკურენტუნარიანები. რაც შეეხება ევროპის ლიგას, ბევრი რამ წილისყრაზე იქნება დამოკიდებული. პირველ ეტაპზე განთესილები ვიქნებით, მაგრამ არც ერთ მეტოქესთან მოდუნების უფლება არ გვაქვს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დინამოში პრაქტიკულად ახალი გუნდის მშენებლობა მიმდინარეობს, ახალი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები და ყოველივე ამის დალაგებას გარკვეული დრო სჭირდება. ისე, ერთ რამეს შეგახსენებთ - მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელია, მხოლოდ ერთხელ შევძელით ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ეს 2004 წელს დინამომ სწორედ გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით შეძლო. ვფიქრობ, ახლაც ანალოგიურის გამეორების წინააღმდეგი არავინ იქნება.

ახლა უნგრეთზეც ვისაუბროთ. დიორიში რომ გადახვედი, მაშინ ეს გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ბოლო ორ სეზონში პირველ და მეორე ადგილებზე გავიდნენ და ბუნებრივია, ამ ჩემპიონატის დაწყებამდეხ სერიოზული გეგმები ჰქონდათ. შემადგენლობაც ისეთი იყო, რომ სულ მცირე ევროსაგზური უნდა მოგვეპოვებინა, მაგრამ თავიდანვე ცუდად მიდიოდა ყველაფერი და გუნდი სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში ტრიალებდა, შემდეგ კი კლუბის პრეზიდენტი დაიჭირეს, რასაც მთავარი სპონსორის, "აუდის" წასვლა მოჰყვა. შედეგად, სერიოზული ფინანსური პრობლემები შეიქმნა, რის გამოც გუნდი მესამე დივიზიონში დააქვეითეს.

უნგრეთში გატარებულმა პერიოდმა პირადად შენ რა შეგძინა?

საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და მხოლოდ ამიტომ ღირდა დიორიში გადასვლა, მაგრამ ბუნებრივია, მთლიანობაში უფრო მეტის მოლოდინი მქონდა. როგორც ვთქვი, გუნდში არსებულმა პრობლემებმა ყველა შეგვაფერხა. ასევე სერიოზული პრობლემები შემიქმნა ტრავმებმა, რომელთა მორჩენა არაერთი თვე მოვანდომე, კიდე კარგი ახლა თავს კარგად ვგრძნობ და თანდათანობით ოპტიმალურ ფორმაშიც შევალ.

უნგრეთისა და საქართველოს ჩემპიონატები შეადარე ერთმანეთს.

მთლიანობაში იქ უფრო პროფესიონალურად უდგებიან საქმეს და მთავარი სხვაობა სწრედ ესაა. ამ მხრივ, დიორში გატარებულმა პერიოდმა მართლა ბევრი რამ მასწავლა. სხვა მხრივ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სხვაობა საგრძობია. ჩვენს გუნდებს თუ დაფინანსების მხრივ მდგომარეობა გამოუსწორდებათ, ნამდვილად შეგვიძლია სულ მცირე უნგრეთზე უკეთესი ჩემპიონატი გვქონდეს.

პაატა ძნელაძე