სიახლეები

ქუთაისის „იმერეთმა“ ქალთა ფუტსალის ჩემპიონატი მოიგო

ფუტსალი
გაუზიარე

დღეს თბილისში, „არენა 2“-ზე დასრულდა ქალთა შორის საქართველოს მე-2 ჩემპიონატი ფუტსალში. პირველობაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 5 გუნდი მონაწილეობდა. ფინალური მატჩი თბილისის „იბერია-სთარისა“ და ქუთაისის „იმერეთის“ გუნდებს შორის გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები თამაშობდნენ, მათ შორის ლეგიონერები, რომლებიც უკვე ხვალიდან საკუთარ კლუბებში გაემგზავრებიან. ფინალური, შეხვედრა დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.  საბოლოოდ, 2 ბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 6:4 ქუთათურებმა გაიმარჯვეს და ფუტსალში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლენ.  ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ქუთაისის იმერეთისა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე ლანა გორგაძე დასახელდა.

„მთელი ტურნირის მანძილზე ხუთი გუნდიდან გამოკვეთილი ორი გუნდი იყო.  არავის შეპარვია ეჭვი, რომ ფინალური შეხვედრა, სწორედ ამ გუნდებს შორის გაიმართებოდა. დღევანდელი მატჩი მართლა დაძბული გამოდგა და ამაზე ანგარიშიც მეტყველებს. მინდა, თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო ქალთა ფეხბურთის ფედერაციას“, აღნიშნა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ,  საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა დიანა მჭედლიშვილმა.

„ფუტსალის ასოციაცია და ჩვენი ფედერაცია ერთმანეთთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა რაც შეიძლება მეტი გოგონას დაინტერესება და ჩართვა შევძლოთ ფეხბურთში. მოგეხსენებათ, ჩვენს ორ ასაკობრივ ნაკრებს შემოდგომაზე სერიოზულ ტურნირებზე მოუწევთ ასპარეზობა. ეროვნული ნაკრები კი სექტემბრიდან „ევრო 2017“-ის შესარჩევ ჯგუფში იწყებს ასპარეზობას.  ჩვენი ძირითადი ნაკრების გოგონები დღეს „იბერია-სთარის“ სახელით თამაშობდნენ. ამდენად, ჩვენთვის საინტრესოა მათთვის, თუნდაც ფუტსალის ტურნირის დროს დაკვირვება“, ამბობს ნინო სორდია, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ფუტსალში, ქალთა შორის ფინალურ შეხვედრას, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ კოსტავა ესწრებოდა. ასე, რომ არაა გამორიცხული, ეროვნული ნაკრების მორიგ შეკრებაზე, რომელიც ივლსიში იგეგმება დღევანდელ ორთაბრძოლაში მონაწილე გოგონებიდან ახალი სახეებიც გამოჩნდნენ.

სფფ-ს პრესსამსახური

მართა ბოკუჩავას ფოტო