სიახლეები

მომავალ შეკრებამდე ქართველი ქალები ძალებს ფუტსალშიც მოსინჯავენ

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

რამდენიმე დღეში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ლეგიონერები მშობლიურ კლუბებში გაემგზავრებიან და ადგილობრივი ქვეყნების ჩემპიონატებისთვის მზადებას შეუდგებიან. ნაკრების დანარჩენი წევრები, რომლებიც ძირითადად საქართველოში, ფუტსალის ჩემპიონატში მონაწილეობენ, მორიგ სათამაშო სეზონს 7 ივნისს დაასრულებენ. კვირას, თბილისში „არენა 2“–ზე ფუტსალში, ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, ფინალური შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთის პირისპირ თბილისის „იბერია–სთარი“ და ქუთაისის „იმერეთი“  წარსდგებიან.  დაპირისპირება 12:00 დაიწყება.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნუილი ნაკრების წევრები თამაშობენ. ამდენად, მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს. ფუტსალის ფინალს, საქარათველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მესვეურებიც დაესწრებიან. ამ მატჩამდე კი, ნაკრების მწვრთნელები აზერბაიჯანის შეკრებას დამაკმაყოფილებლად აფასებენ. „აზერბაიჯანის შეკრებამ საერთო ჯამში პროდუქტიულად ჩაიარა. ჩვენ მოგვეცა საშუალება გაგვესინჯა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი. მაგალითად, 17 წლის მარიამ დანელია პირველად იყო გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში და ამ ეტაპისთვის არც თუ ცუდად წარმოაჩინა თავი. მინდა გამოვყო მეკარე - თამარ ნადირაშვილი, რომელიც  მეორე მეკარის არყოფნის გამო, ფაქტიურად შეუცვლელია. თუ არ მოგვარდა მეკარეების საკითხი, შესაძლოა ევრო 2017-ზე ეს სერიოზული პრობლემა გახდეს.  ბუნებრივია, ბაქოში იყო ხარვეზებიც, მაგალითად აზერბაიჯანელებთან პირველ შეხვედრაში ბევრი გამოუყენებელი საგოლე მომენტი. არადა შეიძლებოდა სოლიდურად მოგება.

ჩემი აზრით სწორედ, ამის გამო და ალბათ, ქართულ ბუნებას დავაბრალებ ამას, მეორე შეხვედრაში უფრო თავდაჯერებულები გავედით. გოგოებს ეგონათ, უფრო იოლად გაივლიდნენ, მაგრამ შედეგად მე-5 წუთზე საკუთარ კარში მივიღეთ გოლი. საბოლოოდ, კი მოვახერხეთ გათანაბრება, მაგრამ ამას საკმაოდ დიდი დრო, თითქმის მთელი თამაში მოვანდომეთ. ამ კუთხით ნაკრებში საკმაოდ ბევრი სამუშაოა,  დრო კი ცოტა.  ევრო 2017-ის წინ ჩვენი მთავარი მიზანია,  გუნდმა კიდევ უფრო ირწმუნოს საკუთარი ძალების, ერთმანეთის. არიან ტრამვირებულები, თუმცა მათი რეაბილიტაციის პროცესი დასასრულისკენ მიდის და ვფიქრობთ, უკვე შემდეგი ამხანაგური თამაშებისთის გოგოები მზად იქნებიან“, ამბობს ნაკრების მწვრთნელი, არჩილ ჩხაბერიძე, რომელიც ბაქოში ნაკრების მთავარ მწვრთნელს თამაზ კოსტავას ცვლიდა

კლუბებში გამგზავრებისა და ფუტსალის დასკვნითი მატჩის წინ თამაზ კოსტავას შეგირდები „მარაკანაზე“ შეიკრიბნენ. ევრო 2017-ამდე საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები, ზაფხულში, კიდევ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვას გეგმავს.

სფფ–ს პრესსამსახური