სიახლეები

გურამ გოშთელიანი: არადა, შანსი იყო...

გაუზიარე

საბურთალოს შემტევმა გურამ გოშთელიანმა თბილისში ამ დღეებში გამართულ 19-წლამდელთა ევროჩემპიონატის ელიტრაუნდში ორი გოლი მიითვალა, თურქებთან ბოლო შეხვედრაში თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გატანილი მისი გოლი კი გამარჯვებისა გამოდგა.

მართალია, ურთულეს ჯგუფში მოხვდით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ელიტრაუნდი თბილისსი იმართებოდა, გულშემატკივარს ჰქონდა იმედი, რომ საქართველოს ნაკრები ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებდა.

მაგის იმედი ჩვენც გვქონდა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვეძლო კიდეც. ვინც ნახა თამაშები, დამეთანხმება, რომ რიგ საფეხბურთო კომპონენტებში ძლიერ მეტოქეებს არაფერი დავუთმეთ, უბრალოდ, ბოლოსკენ დაღლილობამ იჩინა თავი და ესპანეთთანაც და პორტუგალიასთანაც ბოლო ათი წუთი ჩავაგდეთ. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ნაკრების წევრთა უმრავლესობა საქართველოს ჩემპიონატში ვთამაშობთ, აქ კი ისეთ ტემპია, რომ ელიტრაუნდზე გადაწყობა გაგვიჭირდა. 

ბოლო ტურში თურქეთს სძლიეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი.

ეს იმიტომ, რომ ბოლო ტურის შეხვედრა იყო და უკვე დაღლილები ვიყავით, წინა ორმა შეხვედრამ ენერგიის მაქსიმუმი წაიღო. ჩემი აზრით, ესპანეთთან და პორტუგალიასთან წაგებულ შეხვედრებში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ.

როგორც უნდა იყოს, ესპანეთთან 1:4 წააგეთ და ძნელია, ასეთი სხვაობით მარცხის შემდეგ ითქვას, კარგად ვითამაშეთო.

სხვათა შორის, ესპანელებთან მატჩის შემდეგ მათმა მწვრთნელმა აღნიშნა, მეტოქემ კარგად ითამაშაო და საქართველოს ნაკრების მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა. მართლა ძნელია, ასეთი ანგარიშის მარცხის მერე რაიმე მიზეზებზე ილაპარაკო, მაგრამ, როდესაც 1:2-ს ვაგებდით, სამი რეალური მომენტი შევქმენით და ერთიც რომ გაგვეტანა, არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა ჯერ კონკრეტულად ამ შეხვედრის, შემდეგ კი მთლიანად ელიტრაუნდის ბედი.

თქვენს უმთავრეს მეტოქეებად ესპანეთი და პორტუგალია ითვლებოდნენ, მათთან შეხვედრებში კი ჯამში შვიდი გოლი გაუშვით.

ვერ ვიტყვი, რომ ამდენი გოლის გაშვება მხოლოდ დაცვის ბრალია. ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ფიზიკური მზადყოფნის პრობლემაა, რის გამოც მატჩის ბოლო წუთებში ძალიან გვიჭირდა და ესპანელებმაც და პორტუგალიელებმაც ეს სათავისოდ გამოიყენეს.

ელიტრაუნდში ორი გოლი გაიტანე, საერთოდაც, ერთ-ერთი საუკეთესი იყავი გუნდში.   

გიორგი დევდარიანი მენდო და რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, ეს ნდობა რომ გამემართლებინა. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი ტურნირის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და მაშინაც კი, როდესაც ვაგებდით, არც ერთი დროზე ადრე არ წასულა სტადიონიდან.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე ესპანელები გავიდნენ _ მათ სამივე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგეს.

ესპანელებს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, გუნდი საუცხოოდ არის დაბალანსებული და დამსახურებულადაც გავიდნენ პირველ ადგილზე. დარწმუნებული ვარ, ესპანელები ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები იქნებიან.

საბურთალოზეც ვთქვათ. პირველი ლიგის დამაჯერებლად მოგების შემდეგ გულშემატკივარი თქვენგან უმაღლეს ლიგაშიც კარგ, სანახაობრივ თამაშს ელის.

ეს ლოგიკურიც არის, რადგან საბურთალო ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და შეიძლება, ჩვენი გუნდის სახით ქართული ფეხბურთის მომავალს ხედავენ. რაც შეეხება გეგმებს, მალე დავიწყებთ მზადების პირველ ეტაპს და ჩემპიონატის დაწყებას სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. გამიჭირდება თქმა, კონკრეტულად რომელი ადგილი იქნება ჩვენი სამიზნე, მაგრამ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში უნდა ვიყოთ აუცილებლად.

პაატა ძნელაძე