სიახლეები

მეკარეები: როცა 18 წლის ბიჭები საუკეთესონი არიან

გაუზიარე

ბექა ქურდაძე და ოთო გოშაძე - ბოლო პერიოდში სულ ისინი დგანან საქართველოს 21 თუ 19-წლამდელთა ნაკრებებში, ან თუ სულ არ დგანან, პირველ ნომრებად ისინი ითვლებიან. 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ამ შესარჩევ ციკლში 1994 წელს დაბადებულებს შეუძლიათ თამაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ 1994, 1995 და 1996-წლიანებში შესაბამისი კადრი არ გამოიძებნა და საუკეთესოები გვყავს 1997 წელს დაბადებულები: ქურდაძეც და გოშაძე. 

ეს მართლაც ასეა. აბა, რომელ მწვრთნელს ესიამოვნება კარში 18 წლის მეკარის დაყენება, თუკი 21 წლის კარგი გოლკიპერი ჰყავს? 

გავიხსენოთ გია ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის გავიდა. მაშინ კარში იდგა გაბრიელ თებიძე - სხვათა შორის, იმ დროს უკლუბოდ მყოფი. თებიძემ მშვენივრად ითამაშა ჯერ ელიტრაუნდში და მერე ფინალურ ეტაპზეც არ შეურცხვენია თავი. მას შემდეგ იყო თბილისის ლოკომოტივში, ქუთაისის ტორპედოში და იანვარში გადავიდა ლანჩხუთის გურიაში, სადაც ის და მიხეილ გოგუაძე თითქმის 50/50-ზე თამაშობენ. 

ქურდაძე საბურთალოს ძირითადი მეკარეა, ხოლო გოშაძე ქასიმფაშაში სწორედ საბურთალოდან გადავიდა. ისინი მუდამ კონკურენტები იყვნენ. 18 წლის მეკარეები საუკეთესონი არიან სამი წლით უფროსებშიც კი... 

ცეცაძის ნაკრები გავიხსენეთ და ნურც ვასილ მაისურაძის გუნდს დავივიწყებთ: 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რომ გავიდნენ, მაშინ ძირითადი გოლკიპერი ალექსანდრე ადამია იყო, ხოლო მეორე ნომერი - ნიკა შერმადინი. ადამია ბოლო სეზონში ხელვაჩაურის მაჭახელაში გახლდათ და სულ 4 შეხვედრა ჩაატარა, მაჭახელას ძირითადი გოლკიპერი კი რომან ტაკიძეა: 21 წლისა, რომელსაც ასაკით შეუძლია ჩივაძის ნაკრებში თამაში. რაც შეეხება შერმადინს, პირველი ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ სტუ-ში იდგა.   

გუშინწინ საქართველოს 21-წლამდელებმა სან მარინოს 3:0 რომ სძლიეს, კარში ქურდაძე იდგა, ხოლო სათადარიგო გახლდათ ლოკომოტივის 21 წლის მეკარე ბაჩო მიქავა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩივაძის ნაკრებში ქურდაძეს, მიქავასა და გოშაძეს შორისაა კონკურენცია. ეს ჯერჯერობით, მერე კი ვნახოთ, რამდენად მოუმატებენ თებიძე, მიქავა და ტაკიძე, ან ეგებ უცებ სხვაც გამოჩნდეს... ნურც საბურთალოს მეორე მეკარეს, 19 წლის ლაზარე კუპატაძეს დავივიწყებთ. 

თემის შინაარსიც ესაა: თან სამაყოა, 18 წლის მეკარეები რომ საუკეთესონი არიან, თან დამაფიქრებელია ის, რომ მათ სამი წლით უფროსები ვერ სჯობნიან. 

ილია ნანობაშვილი