სიახლეები

შუქურა – ლიდერები მიდიან, მაგრამ შემცვლელებიც გამოჩდნებიან

გაუზიარე

სანამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გელა სანაია დაინიშნებოდა, ქობულეთის შუქურა უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ბინადრობდა, 36 წლის სპეციალისტის მისვლის შემდეგ კი შედეგიანობა გააუმჯობესა და ჩემპიონატი, საბოლოოდ, მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა.

სანაიას განვლილი სეზონის შეფასება ვთხოვეთ და სამომავლო გეგმებზეც დავეკითხეთ. ახალი სეზონის დაწყებამდე ჯერ საკმაო დროა დარჩენილი და, შესაბამისად, სიახლეთა მოჭარბებას მოგვიანებით უნდა ველოდოთ, თუმცა ქობულეთურ კლუბში ახალი ამბები მაინც დაგროვდა.

მანამდე კი გავიგოთ, რას ფიქრობს მწვრთნელი ჩემპიონატში მიღწეულ შედეგზე: „საკუთარ დამსახურებებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, გუნდმა ჩემპიონატი იმაზე ბევრად მაღალ ადგილზე დაასრულა, ვიდრე ჩემს დანიშვნამდე ეკავა. ჩავატარეთ რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი, გვქონდა ჩავარდნებიც, მთლიანობაში კი, მიმაჩნია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დიდი სამუშაო გასწია. საქმეს არაფერი დავაკელით და ვფიქრობ, უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა შუქურამ სეზონი ღირსეულად ჩაატარა“.

მომავალი სეზონისთვის მზადებას ქობულეთელები 20 ივნისიდან შეუდგებიან. ჯერ შინ ივარჯიშებენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, უცხოურ შეკრებაზეც გაემგზავრებიან.

„მალე გაირკვევა, რა ბიუჯეტი გვექნება მომავალი სეზონისთვის, რა დონის ფეხბურთელების დამატების საშუალება მოგვეცემა და შევძლებთ თუ ვერა უცხოური შეკრების მოწყობას. წესით, ამ მხრივ შეფერხება არ უნდა იყოს. შარშან ზაფხულშიც და შემდეგ, ზამთარშიც თურქეთში, ანთალიის მხარეში მოვემზადეთ და ეს შეკრებები ძალიან წაგვადგა. სავარაუდოდ, არჩევანს ამჯერადაც ანთალიაზე შევაჩერებთ“, - გვითხრა სანაიამ.

შუქურას ახალწვეულებზე ჯერ არაფერია ცნობილი, სამაგიეროდ, უკვე გაირკვა, რომ გუნდი არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. გიორგი გურულმა და არჩილ ტვილდიანმა დინამო თბილისს მიაშურეს, გიორგი კუხიანიძე ქუთაისის ტორპედოში დაბრუნდა, გიორგი ჩელებაძე კარიერას, სავარაუდოდ, კვიპროსზე გააგრძელებს, დავით ხოჭოლავასაც უცხოეთში თამაში სურს.

ჯერჯერობით გაურკვეველია ბრაზილიელი ლეგიონერების საკითხი. ზამთარში შუქურას ფელიპე ბეზერამ, ლუიზინიომ და პაულო ვიქტორმა მიაშურეს, თუმცა ტრავმების გამო პირველმა ორმა სეზონი ნაადრევად დაასრულა და, შესაბამისად, პოტენციალიც ვერ გამოავლინა. პაულო ვიქტორმა კი რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. 11 მატჩი და 2 გოლი – ასეთია მისი მონაგარი.

შუქურას ბრაზილიელები ამჟამად სამშობლოში იმყოფებიან და სადღეისოდ უცნობია, დაბრუნდებიან თუ არა საქართველოში.

ახალწვეულთა უმრავლესობა იმ ამპლუისა იქნება, რომელი პოზიციის ფეხბურთელებიც შუქურადან წავიდნენ. სანაიას, ფაქტობრივად, ახლიდან მოუწევს დაცვის ფორმირება. კუხიანიძისა და ჩელებაძის წასვლამ შემქმნელების დეფიციტი წარმოშვა, თუ ბრაზილიელები არ დაბრუნდნენ, შემცვლელები მათაც დასჭირდებათ.

შუქურას სამწვრთნელო შტაბი პოტენციურ ახალწვეულებს საქართველოშიც დააკვირდება და უცხოურ შეკრებაზეც. გამორიცხული არ არის, ქობულეთში ახალი ლეგიონერებიც გამოჩნდნენ. 

„გასული სეზონში საკმაო დრო და ენერგია შევალიეთ უმაღლეს ლიგასთან ადაპტაციას, ახლა კი უკვე გვაქვს საიმისო გამოცდილება, რომ მომავალ ჩემპიონატში უფრო მაღალი მიზნები დავისახოთ“, - აცხადებს გელა სანაია. 

ლევან ჯანეზაშვილი