სიახლეები

სამტრედიას გია ცეცაძე გაწვრთვნის

გაუზიარე

ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, სამტრედია უახლოეს დღეებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარადგენს გია ცეცაძეს. იმერული კლუბის თავკაცის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ სამტრედიას აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი, ზაზა ზამთარაძე გადადგა.

როგორც იცით, ცეცაძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ასისტენტია. სამტრედიაში დანიშვნა, სავარაუდოდ, მას ამ მოვალეობის შესრულებაში ხელს ვერ შეუშლის – 40 წლის სპეციალისტი წინასწარი ცნობით, ორივე თანამდებობაზე იმუშავებს.

სამტრედია ცეცაძისთვის მეორე უმაღლესლიგური კლუბი იქნება. ადრე იგი გორის დილას წვრთნიდა – ჯერ მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ კი შიდაქართლურ კლუბს მეორე მწვრთნელის ამპლუაში დაუბრუნდა. გაუწვრთნია პირველი ლიგის ბინადარი ლოკომოტივი, კარიერის ყველაზე დიდ წარმატებას კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მიაღწია, რომელიც 2013 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

რაც შეეხება სამტრედიას, გაგახსენებთ, რომ გასული ჩემპიონატი კლუბმა მეექვსე ადგილზე დაასრულა, თასზე კი ფინალს უწია, სადაც დინამო თბილისთან დამარცხდა. სამტრედია ევროსაგზურის გარეშე დარჩა, რაც ქართული მასშტაბით სოლიდური ბიუჯეტისა და ძლიერი შემადგენლობის კლუბისთვის უარყოფით შედეგად შეფასდა. 

ლევან ჯანეზაშვილი