სიახლეები

ქვილითაიაც დინამოშია

გაუზიარე

თბილისის დინამოში დიდი ცვლილებებია, ვიდრე გუნდი ევროტურნირისთვის მზადებას დაიწყებს, ლამის ყოველდღე ახალ ფეხბურთელს იმატებს. ყველაზე „ხმაურიანი“ შენაძენი, რა თქმა უნდა, ალექსანდრე იაშვილია. მის გარდა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს უკვე დაემატნენ გიორგი ბეგაშვილი, არჩილ ტვილდიანი და გიორგი გურული. საუბარია კიდევ რამდენიმე მოთამაშეზე, რომლებთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს. სამაგიეროდ, დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ გიორგი ქვილითაია დინამოში გააგრძელებს კარიერას. თავად ფეხბურთელმა შემდეგი გვითხრა: „დინამო ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული გუნდია და გამონაკლისი არც მე ვარ. აქ თამაშის შანსი რომ მოგეცემა, აუცილებლად უნდა გამოიყენო. მომავალ სეზონში დინამოს მიზანი ჩემპიონის ტიტული დაბრუნება და ევროპის ლიგაზე წარმატებული გამოსვლაა.“

შეგახსენებთ, თავის დროზე გიორგი ქვილითაია სასკოს რიგებში ასპარეზობდა და პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ბოლოს კი უნგრული დიორის ღირსებას იცავდა და გუნდიდან წამოსვლა კლუბში წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო მოუწია.

პაატა ძნელაძე