მოსალოდნელ საინტერესო ტრანსფერზე: როგორც შევიტყვეთ, დიდი შანსია, 21 წლის ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი ფრაიბურგში გადავიდეს. საუბარია ფეხბურთელზე, რომელიც მიუნხენის ბაიერნის აკადემიის აღზრდილია, 2010 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც ითამაშა. გეხსომებათ, მას ქართველი დედა ჰყავს.
ჰუფნაგელი გერმანიის მესამე ბუნდესლიგის უნტერჰახინგში გამოდიოდა. ეს გუნდი მეოთხე ლიგაში გავარდა, თუმცა თავად ლუკასი კარგად თამაშობდა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში. ის ერთ-ერთ ტურში საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ჰუფნაგელი 1994 წელსაა დაბადებული და ასაკის მიხედვით, 21-წლამდელთა ნაკრებში თამაში შეუძლია. ლუკასმა საქართველოში ბოლოს 2013 წელს, გია ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა.
ფრაიბურგი კი, გეცოდინებათ, სეზონს მეორე ბუნდესლიგაში დაიწყებს: პირველ ბუნდესლიგაში იყო და გავარდა. ფრაიბურგში არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია (ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი კიკნაძე, ზაზა ზამთარაძე, დავით თარგამაძე).
საერთოდაც, ბადენ-ვიუმტერბერგის მხარის ეს კლუბი ყოველთვის გამოირჩეოდა ახალგაზრდული შემადგენლობით. ფრაიბურგს არაერთი ისეთი ფეხბურთელი აღუზრდია, რომლებსაც შემდეგ ბრწყინვალე კარიერა ჰქონიათ.
დაველოდოთ კონტრაქტის გაფორმებას. დიდი ალბათობით, ხელშეკრულებას მომავალ კვირაში მოეწერება ხელი.
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე