სიახლეები

ვაწაძის მე-19

გაუზიარე

ორჰუსმა დანიის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება გაინაღდა, ბოლოსწინა ტურში გუნდმა 2:2 ითამაშა ლუნგბიუსთან და მეორე ადგილზეა. ერთი გოლი მათე ვაწაძემ მიითვალა, რომელმაც 26-ე წუთზე გახსნა ანგარიში: დავით სხირტლაძის შორეული პასი, მათე მცველთან ბრძოლისას ინარჩუნებს პოზიციას და კარიდან წინ გამოსულ მეკარეს თავზე უგდებს ბურთს. 

ვაწაძისთვის ეს სეზონში მე-19 გოლია და ბომბარდირთა დავაში საუკეთესოა. სამი ბურთით უსწრებს უახლოეს მდევარს, რომელიც ასევე ორჰუსელი კიმ ობეხი გახლავთ.  მათემ ლუნგბიუსთან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სხირტლაძემ 77 წუთი გაატარა მინდორზე. 

რაც შეეხება ორჰუსის მესამე ქართველ დავით დევდარიანს, კვლავაც წელი აწუხებს, ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია და როდის დაუბრუნდება მოედანს, უცნობია - ექიმები ზუსტად ვერ ამბობენ. დევდარიანი ორჰუსს ტოვებს...

რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო ტური გაიმართა და ქართველთა გუნდები ევროტურნირებს მიღმა დარჩნენ: ყაზანის რუბინმა უფასთან გასვლაზე 1:1 ითამაშა და მეხუთე ადგილზე გავიდა. საბა კვირკველიამ ტრადიციულად 90 წუთი დაჰყო მინდორზე, ნორმალური მატჩი ჩაატარა და მეორე ტაიმში გაფრთხილება მიიღო, ხოლო მამუკა კობახიძე სათადარიგო გახლდათ. 

არეულ-დარეულმა მოსკოვის სპარტაკმა ამკართან საშინაო 3:3-ით დაასრულა სეზონი და მეექვსე პოზიციაზე დარჩა. ჯანო ანანიძემ ამჯერად 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ოსტატობა არ ეყო. სპარტაკში  ბოლო 35 წუთი ითამაშა 18 წლის ნახევარმცველმა გიორგი მელქაძემ და ერთი საგოლე შანსი მასაც ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. მელქაძე რუსეთის მოქალაქეა და ქვეყნის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშევი. 

დასრულდა რუსეთის პიირველი დივიზიონიც, თუმცა დარჩა პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფები. ტოსნო მესამე ადგილზე გავიდა და უმაღლესის საგზურისთვის როსტოვის დამარცხება მოუწევს. ტოსნომ ბოლოს შინ 0:2 წააგო ორენბურგთან, ამ შეხვედრაში გიორგი ნავალოვსკიმ 90 წუთი ითამაშა, ხოლო ნუკრი რევიშვილი სათადარიგო იყო. ქართველები მაინც მიდიან ამ გუნდიდან, ასე რომ, ტოსნოს ამბები აღარ დაგვაინტერესებს. 

გოგიტა გოგუას, კახა ალადაშვილისა და გუჯა რუხაიას სკა-ენერგია შინ 0:0-ზე გაეყარა ლუჩ-ენერგიას და მე-14 ადგილზე დაასრუალ პირველი დივიზიონი. რუხაიამ შეუცვლელად ითამაშა, გოგუამ 81-ე წუთამდე, ხოლო ალადაშვილს ყვითელი ბარათები მოუგროვდა და ამ მატჩს ტოვებდა. 

სახალინმა, სადაც გოჩა ხოჯავა გამოდის, შინ 0:3 წააგო ანჟისთან და გავარდა. ხოჯავა სასტარტოში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. 

ჩეხეთში ლევან ყენიას სლავიამ შინ 1:3 წააგო სლოვაცკოსთან და მეთერთმეტე ადგილზე გავიდა 16 გუნდს შორის. ყენიამ 58 წუთი დაჰყო მინდორზე, ერთხელ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ვუკადინოვიჩი, თუმცა საბოლოო ჯამში, გამორჩეული მატჩი არ ჩაუტარებია. 

რუმინეთში კლუჟმა სტუმრად 0:3 წააგო კრაიონას უნივერსიტატიასთან და მეოთხე ადგილზე გავიდა. კლუჟელთა შორის ბოლო ნახევარი საათი ითამაშა გიორგი ჭანტურიამ. 

ბოლო ტური იყო თურქეთშიც და ქასიმფაშამ 18 გუნდს შორის, მეცამეტე საფეხურზე დაასრულა სეზონი. ლაშა დვალის გუნდმა ბოლო ტურში ფენერბაჰჩესთან 0:2 წააგო, თუმცა ქართველ მცველს არ უთამაშია: სათადარიგოებში იყო. დიდი ალბათობით, ქასიმფაშა დვალის კონტრაქტს გამოისყიდის ინგლისური რედინგიდან. ვნახოთ, ჯერ არაა გადაწყვეტილი. 

უკრაინა: ბოლო ტურში ვოლინმა 1:1 დაასრულა მატჩი დონეცკის მეტალურგთან და მეშვიდე ადგილზე გავიდა. სანდრო კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა და ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასი კი გაახერხა. სანდრო ბოლო თამაშებში მართლაც კარგ ფორმაშია. 

ლუგანსკის ზორიამ ვორსკლასთან 1;1 ითამაშა, მეოთხე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგაზე ითამაშებს: ერთი ეტაპის გადალახვა დასჭირდება ჯგუფში შესასვლელად. ჯაბა ლიპარტია ზორიას სათადარიგო იყო, მინდორზე არ შეუყვანიათ. 

გადაქანცული დნიპრო ჰოვერლასთან სტუმრად 0:0-ს დასჯერდა და მესამე ადგილზე გავიდა. დნიპროს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, მათ შორის, ჯაბა კანკავაც. მწვრთნელმა მარკევიჩმა ისინი დაასვენა. 

ბუბა დაუშვილის კარპატიმ დონეცკის შახტართან 2:2-ს მიაღწია და ბოლოსწინა ადგილზე გავიდა. დაუშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა: იმ დროს შევიდა მინდორზე, როცა მისი გუნდი 0:2-ს აგებდა. 

ილია ნანობაშვილი