სიახლეები

დინამო - სამტრედია: კომენტარები

გაუზიარე
ზურაბ ხიზანიშვილი (სამტრედია): ძნელია იმ თამაშის შეფასება, რომელშიც 0:5-ს წააგებ. მატჩი აქტიურად დავიწყეთ და ვდომინირებდით, თუმცა უცნაური გოლი გავუშვით. მეორე გოლის გაშვებამდე გათანაბრებაც შეგვეძლო, თუმცა ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ამხელა ანგარიშით წაგება წარმოუდგენელი იყო. დინამოს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ.

ლევან კაკუბავა (სამტრედია): პირველი ტაიმი მოსაგები გვქონდა. არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა ჩვენი გასატანი ვერ გავიტანეთ და აქეთ დავისაჯეთ. მეორე გოლმა კი ყველაფერი გადაწყვიტა. ამხელა ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით.

ლევან შარიქაძე (სამტრედია): დაძაბული მატჩი იყო, უპირატესობას ვფლობდით, გატანაც არაერთხელ შეგვეძლო, მაგრამ ალოგიკური გოლები გავუშვით. მეორე გოლის შემდეგ გუნდი გატყდა და მთავარი მიზეზი რის გამოც ამ ანგარიშით დავმარცხდით ეს იყო.

გიორგი გველესიანი (დინამო): თასის ფინალში თამაშის მოტივაცია ისედაც არ გვაკლდა, მაგრამ რადგან გუნდში ახალი მწვრთნელი გვყავს, ყველა მაქსიმალურად დავიხარჯეთ და მოედანზე 100% დავდეთ. ჩვენი მონდომება საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა და დამაჯერებლად მოვიგეთ. ზედიზედ მესამედ მოვიგე დავით ყიფიანის სახელობის თასი და ძალიან გახარებული ვარ. ვულოცავ დინამოს ყველა გულშემატკივარს, განსაკუთრებით გლადიატორებს. ახლა მთავარია ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშოთ კარგად და ღირსეულად.

გიორგი პაპუნაშვილი (დინამო): მთელ გუნდს მადლობას ვუხდი ასეთი კარგი თამაშისთვის. ყველა ძალიან მონდომებული იყო და ეს მოედანზეც გამოჩნდა. გოლებს გუნდელების გარეშე ვერ გავიტანდი, ამიტომ მათ მადლობას ვუხდი. ეს გამარჯვება თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა.