სიახლეები

დინამო - სამტრედია: პრეს-კონფერენცია

გაუზიარე

მედია-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე მხოლოდ დინამოს მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე წარსდგა ჟურნალისტების წინაშე. სამტრედიელთა თავკაცმა ზაზა ზამთარაძემ მედიის წარმომადგენლებს ბოდიში შემოგვითვალა, ადამიანურად მისი გაგება ნამდვილად შეიძლება.

გია გეგუჩაძე: პირველ რიგში ვულოცავ დინამოს თითოეულ ქომაგს ამ გამარჯვებას. თასის ფინალისთვის არადამახასიათებელი ანგარიში დაფიქსირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, სამტრედია კვლავ სიმპატიურ და ძლიერ გუნდად მიმაჩნია. მათ რიგებში არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს. როგორც ჩანს, დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ მარტო იღბალსაც ნუ დავაბრალებთ ყველაფერს - ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე მოინდომეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. 

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თასის მოგება მით უფრო საამაყოა, რომ დავით ყიფიანის სახელი ეწოდება, პიროვნების, რომელიც მთელი ქვეყნისთვის პატივსაცემია.

დინამოში მხოლოდ ორი თამაშია რაც დაბრუნდით და ორ სეხვედრაში 8 გოლი გაიტანეთ. თანაც თქვენი მეტოქეები ჩიხურა და სამტრედია იყვნენ, მეტოქეები, რომლებიც ქართული საზომით საკმაოდ კონკურენტუნარიან გუნდებად მიიჩნევიან. როგორც ჩანს დინამოს პერსპექტივა გააჩნია. ხომ არ აპირებთ გაძლიერებას და ამის შესახებ ხომ არ გქონიათ საუბარი?

დინამოში ჩემი დაბრუნების შემდეგ ძალიან მცირე დრო გავიდა და ყველანი ამ თამაშებზე ვიყავით კონცენტრირებულები. ამის შესახებ აუცილებლად გვექნება საუბარი.

თქვენი მწვრთნელობით დინამომ 2004 წელს უკვე მოიპოვა თასი, მაშინ ტორპედოს 2:1 მოუგეთ. ამ თამაშებს შორის საერთო რა იყო?

საერთო ისაა, რომ შეხვედრა მოვიგეთ, სხვა არაფერი. მაშინ სხვა დრო და სხვა ფეხბურთელები იყვნენ, ახლა სხვა დროა და სხვა ფეხბურთელები არიან.

პაატა ძნელაძე