სიახლეები

ბავშვები: ფესტივალისა და მომავლის თასის შესახებ

გაუზიარე

ხვალ უფროსი ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა მერვე საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყება. როგორც წესი, ტურნირი სამ ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს: 9, 10 და 11 წლის ბავშვთა გუნდებს შორის, ანუ 2006, 2005 და 2004 წლებში დაბადებულებში. ფესტივალი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის (პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა) ეგიდით იმართება, თუმცა საქმეში სხვადასხვა კომპანიაა ჩართული და ტურნირს დიდ დახმარებას უწევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც. 

ჩვენ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მამუკა ელიკაშვილს ვესაუბრეთ: 

„დიდ დახმარებას გვიწევენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, არველაძეების ფონდი, თბილისის მერია და სხვადასხვა კომპანია: „მაკდონალდსი“, წყალი „ბინული“, „სანდორა“. ასევე, ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“, რომლის ხელმძღვანელიც ნათია ალფაიძეა. ფესტივალი 28 მაისს გაიხსნება. უცხოეთიდან და რაიონებიდან ჩამოსული გუნდები სამ და ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში დაბინავდებიან.“  

უცხოეთიდან ჩამოსულთაგან 2004 წელს დაბადებულებში ითამაშებს სომხეთის ვაჩიკი, ხოლო 2005 წელს დაბადებულებში – სანკტ-პეტერბურგის ზენიტი, აზერბაიჯანის ვატანი და ვლადიკავკაზის ბარსი. ვლადიკავკაზის გუნდი შარშანაც იყო ჩამოსული და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. 

ფესტივალის მატჩები დინამოს აკადემიის მინდვრებზე გაიმართება და იქვე შედგება 2006 წელს დაბადებულთა გუნდების ფინალი. ხოლო ორ ასაკში (2004, 2005) ფინალები `მიხეილ მესხზე~ ჩატარდება. ტურნირი 1 ივნისს დასრულდება.  

უცხოელთა გარდა, საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოვიდნენ ქუთაისის მართვე, ცაგერის ხვამლი, რუსთავი-2004, ახმეტის ბახტრიონი, ლაგოდეხის რანი, გორის დილა (ყველა – 2004), ბათუმის დინამო, რუსთავი-2005 (ორივე – 2005), ლანჩხუთის გურია, გორის დილა, ფოთის კოლხეთი, ლაგოდეხის რანი (ყველა – 2006). გუნდების რაოდენობაზეც ვთქვათ: 2004 – 16 გუნდი, 2005 – 12 გუნდი, 2006 – 12 გუნდი. 

რა თქმა უნდა, დაწესებული იქნება სხვადასხვა პრიზი – როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური. 

ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალის გარდა, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით კიდევ ერთი ტურნირი დაიწყება: ივიკო ჭელიძის ხსოვნის თასი. ტურნირს ასე ჰქვია: „მომავლის თასი – ივიკო“. ტურნირი 28 მაისიდან 2 ივნისამდე გაიმართება საბურთალოს „ბენდელას“ სტადიონზე და საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტის მოედანზე. ფინალი „ბენდელაზე“ შედგება. 

ხსოვნის ტურნირზე 2003 წელს დაბადებულთა 16 გუნდი ითამაშებს, მათ შორის რაიონებიდანაც იქნებიან: რუსთავი-2003, ქუთაისის მართვე, ბათუმი, გორის დილა, ლანჩხუთის გურია.  

როგორც მამუკა ელიკაშვილმა გვითხრა, ივიკო ჭელიძე 10 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ბაბუამისი, ივერი ჭელიძე ადრეც ატარებდა ტურნირებს შვილიშვილის ხსოვნის პატივსაცემად, ახლა კი, თბილისის მერიის მეშვეობით, უფრო მასშტაბური სახე მიეცემა ამ ყველაფერს. 

ილია ნანობაშვილი