სიახლეები

პოლონელებმა ლეგიონერები დაასახელეს, ნავალკა ბლაშჩიკოვსკიმ გაახარა

გაუზიარე

როგორც იცით, საქართველოს ნაკრები 13 ივნისს ვარშავაში პოლონელებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დაუპირისპირდება. ამ შეხვედრისთვის ჯგუფის ლიდერის მთავარმა მწვრთნელმა, ადამ ნავალკამ 18 ლეგიონერი გამოიძახა, უახლოეს დღეებში კი ამ სიას ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით შეავსებს. 

საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება ერთ-ერთი ლიდერი, დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურა ბოლოს 2013 წელს ირლანდიელებთან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო, დაახლოებით წელიწადნახევარი კი ტრავმირებული იყო. ბლაშჩიკოვსკის დაბრუნებასთან დაკავშირებით ნაკრების თავკაცმა შემდეგი განაცხადა: "ბლაშჩიკოვსკი დიდი ძალაა და ახლა, როდესაც ნაკრებს გადამწყვეტი თამაშები ელის, მისი დაბრუნება ძალიან დროულია. მით უმეტეს, რომ ოპტიმალური შემადგენლობა არც ამჯერად გვეყოლება."

დანაკლისი დაცვის ერთ-ერთი ლიდერის, კამილ გლიკის არყოფნაა (თბილისში სწორედ მან გაგვიტანა პირველი გოლი), რომელიც დისკვალიფიცირებულია, თუმცა ნავალკამ გლიკი მაინც გამოიძახა, რადგან 16 ივნისს პოლონელები ამხანაგურ მატჩში საბერძნეთის ნაკრებს ხვდებიან, სადაც გლიკს უპრობლემოდ შეეძლება თამაში.

პოლონელ ლეგიონერთა სია კი ასეთია: 

მეკარეები: არტურ ბორუცი (ბორნმუთი, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი, ინგლისი), ვოიცეხ შჩესნი (არსენალი, ინგლისი), პრჟემისლავ ტიტონი (ელჩე, ესპანეთი).

მცველები: კამილ გლიკი (ტორინო, იტალია), ტიაგო ციონეკი (მოდენა, იტალია), ლუკაშ პიშჩეკი (დორტმუნდი, გერმანია), მარტინ კომოროვსკი (ტერეკი, რუსეთი), ლუკაშ შუკალა (ალ იტიჰადი, საუდის არაბეთი).

ნახევარმცველები: კამილ გროსიცკი (რენი, საფრანგეთი), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (სევილია, ესპანეთი), იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (დორტმუნდი, გერმანია), პიოტრ ზელინსკი (ემპოლი, იტალია), მაცეი რიბუსი (ტერეკი, რუსეთი), სლავომირ პეშკო (კიოლნი, გერმანია), კშიშტოფ მაცინსკი (გუიჯუ რენე, ჩინეთი).

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია), არკადიუშ მილიკი (აიაქსი, ჰოლანდია). 

პაატა ძნელაძე