სიახლეები

ვიტ ჯორჯია დაბრუნდება! წავა თუ დარჩება კაპიტანი?

გაუზიარე
მიუხედავად იმისა, რომ ვიტ ჯორჯია ბევრს და ბოლომდე ეცადა, ვერა და ვერ  შეინარჩუნა ადგილი უძლიერესთა შორის. და მაინც: გუნდის კაპიტანმა, ცენტრალურმა მცველმა გიორგი გეთიაშვილმა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ისეთი ტრადიციული გუნდის გავარდნა, როგორიც ვიტ ჯორჯიაა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ გუნდის საშუალო ასაკი ძალიან ახალგაზრდული იყო. ვიტ ჯორჯია ძირითადად 20-21 წლის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მათ, ბუნებრივია, საჭირო გამოცდილება არ ჰქონდათ. არადა, ჩემპიონატი საკმაოდ კარგად დავიწყეთ და საწყისი ტურების შემდეგ გავარდნაზე არავინ ფიქრობდა, მაგრამ მერე თავი იმანაც იჩინა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე შეკრება არ გაგვივლია და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გუნდი გავარდა.

მეორე წრეშივე ნათელი იყო, რომ ვიტ ჯორჯიას ერთადერთი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნებოდა, ამასთან, კალენდარიც ხელს გიწყობდათ მიზნის მიღწევაში, მაგრამ შინ ვერ მოუგეთ მერანს, ტორპედოს, ჩიხურას და შუქურას. არადა, ამ შეხვედრებში ურიგოდ არ გამოიყურებოდით...

უკვე ვთქვი, რომ ახალგაზრდა მოთამაშეთა გამოუცდელობამ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა. მეორე წრეში ყველა თამაშზე ისე გავდიოდით მოედანზე, როგორც გადამწყვეტზე, ასეთ წნეხს კი ახალბედები ვერ უძლებდნენ, არადა, ნამდვილად შეგვეძლო, გასავარდნ ზონას, სულ მცირე, 10 ქულით დავშორებოდით.

გადამწყვეტი რუსთავში მეტალურგთან ჩატარებული მატჩი გამოდგა?

შეიძლება ასეც ითქვას. ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო და მაშინ, სულ მცირე, პლეი ოფში თამაშს ვინაღდებით. 90 წუთის განმავლობაში მრავლად შევქმენით საგოლე მომენტები, მაგრამ მატჩი საბოლოოდ 0:0 დასრულდა და მეტალურგმა მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგით გვაჯობა.

სეზონის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელი ზურაბ ბერიძე თენგიზ კობიაშვილმა შეცვალა, ამან როგორ იმოქმედა გუნდზე?

ორივე კარგი მწვრთნელია და მათ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ახალ მწვრთნელსა და მის ტაქტიკაზე გადაწყობას გარკვეული დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, კობიაშვილს უფრო მეტი დრო რომ ჰქონოდა, არ გავვარდებოდით. კარგი სპეციალისტია, თანამედროვე და შემტევი ფეხბურთის მოყვარული, მაგრამ დრო არ ეყო იმისთვის, რომ გუნდი გასავარდნი ზონიდან გამოეყვანა.

ახლა რა ხდება ვიტ ჯორჯიაში?

ჯერ ფეხბურთელებთან შეხვედრა არ გამართულა. ალბათ, ამ დღეებში შევიკრიბებით და ყველაფერს შევიტყობთ. დარწმუნებული ვარ, ვიტ ჯორჯია პირველივე სეზონში იბრძოლებს უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად და ამას შეძლებს კიდეც. უბრალოდ, საწყენია, ერთი წლის დაკარგვა რომ მოგვიწევს.

თავად შენს გეგმებზე რას გვეტყვი?

კლუბთან კონტრაქტი დამიმთავრდა და ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ არა. ეს მას შემდეგ გაირკვევა, კლუბის ხელმძღვანელებს რომ შევხვდები. საერთოდ, ვიტ ჯორჯიას სტრატეგია ასეთია _ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომლებსაც ზრდის და მერე ყიდის. მე კი უკვე 25 წლის ვარ და ამიტომ არ ვიცი, დავრჩები თუ არა გუნდში

სხვა გუნდებისგან თუ გქონდა შემოთავაზება?

ჩვენი უმაღლესი ლიგის ორი კლუბი დამიკავშირდა, თუმცა მათი დასახელებისგან ჯერ თავს შევიკავებ. მოკლედ, ჯერ არ ვიცი. სად გავაგრძელებ კარიერას, ბევრი რამ, ცხადია, კლუბის ხელმძღვანელებთან საუბარზე იქნება დამოკიდებული.

თავის დროზე დინამოს დუბლებში ერთ-ერთი გამორჩეული იყავი, ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდი. ალბათ, ფიქრობდი, რომ 25 წლისა უფრო მაღალ დონეზე ითამაშებდი...

ამის მოლოდინი მართლაც მქონდა, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო ჩემი კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც მსურდა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მეც დავაკელი, არ მინდა, თავის მართლება გამომივიდეს, მაგრამ ტრავმებმაც საკმაოდ შემაფერხეს. დინამოდანაც ტრავმის გამო წამოვედი, იქ პირველ გუნდში თამაშის გარანტიას ვერ მაძლევდნენ, დუბლებში კი თავად აღარ მსურდა ყოფნა და ამიტომაც ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ კონტრაქტი. კი, მართალია, უფრო მაღალ დონეზე მსურდა და მსურს თამაში, მაგრამ ჯერ 25 წლის ვარ, თანამედროვე ფეხბურთში კი უამრავი მაგალითია იმისა, რომ ამ ასაკში რადიკალურად შეცვლიათ კარიერა. ასე რომ, ჯერ ხელის ჩაქნევის დრო ნამდვილად არ არის.

პაატა ძნელაძე