სიახლეები

კობახიძეს მსურველები არ აკლია

გაუზიარე

უკრაინული პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ ვოლინი ჩემპიონატს, ყველაზე უარეს შემთხვევაში, მე-7 ადგილზე დაასრულებს. ამ გუნდის ამბები კი იმიტომ გვაინტერესებს, რომ ვოლინის ერთ-ერთ ლიდერად საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე მიიჩნევა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას კობახიძე, წარმატებული სეზონის შემდეგ მას მსურველები არ აკლია. პრაქტიკულად გამორიცხულია, კობახიძე თავის ყოფილ გუნდს, დნიპროს დაუბრუნდეს, სამაგიეროდ, ქართველ ნახევარმცველს ლუგანსკის ზორია და ხარკოვის მეტალისტი ეპატიჟებიან. რა თქმა უნდა, ვოლინის ხელმძღვანელებსაც სურთ კობახიძის შენარჩუნება. აი, რა განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი კვარციანმა: „წლევანდელი სეზონი წარმატებული გამოდგა, მაგრამ ჩვენ განვითარებაზე ვფიქრობთ და მომდევნო ჩემპიონატში უფრო კარგი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. ამისთვის კი საჭიროა ძირითადი შემადგენლობის შენარჩუნება, ფლორენტინ მატეის და სანდრო კობახიძის საკითხი მალე გაირკვევა, მანამდე კი ერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით: ეს ფეხბურთელები ჩვენ ძალიან გვჭირდება.“

პაატა ძნელაძე