სიახლეები

მჭედლიძეს რეკორდისთვის დააჯილდოვებენ

გაუზიარე

სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ლევან მჭედლიძემ ემპოლი-სასუოლოს მატჩში სერია A-ს რეკორდი დაამყარა. საუბარია გოლზე, რომელიც ქართველმა ფორვარდმა შეცვლაზე შესვლიდან მალევე გაიტანა: 13 წამსა და წამის 20 მეასედში.

აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა ცნობილ სერბ თავდამსხმელ პრედრაგ მიატოვიჩს. ის რეალიდან წასვლის შემდეგ ფიორენტინაში თამაშობდა და 2000-2001 წლების სეზონში ბოლონიასთან შეაგდო სწრაფი გოლი: 14 წამსა და წამის 28 მეასედში.

როგორც იტალიური პრესა წერს, 29 მაისს ემპოლიში საზეიმო დაჯილდოება გაიმართება, კლუბის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, დებიუტანტს, საუკეთესო გოლის ავტორსა და სხვა ნომინანტებს გადასცემენ პრიზებს. ცნობილია, რომ ერთ პრიზს მჭედლიძე მიიღებს – სწორედ ამ უსწრაფესი გოლისთვის. 

დიდი შანსია, ლევანი მეორე პრიზსაც შესწვდეს: საეჭვოა, მის მიერ ჯენოას კარში გატანილს (იტალიის თასზე) რომელიმე ემპოლელის გატანილი გოლი ამჯობინონ. მაშინ მჭედლიძემ ერთი შეხებით, აკრობატულ ნახტომში შეაგდო.

ილია ნანობაშვილი