სიახლეები

სიამაყის ხეივანი

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ რამდენიმე კვირის წინ თქვა, ქართული ფეხბურთის დიდების ხეივანს 26 მაისს გავხსნითო და, ისე ყველაფერი აგიხდეთ, როგორც ფედერაციის თავკაცმა შეასრულა დანაპირები... 

მიხეილ მესხის სტადიონის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვნივ, ფედერაციის შენობამდე, დაახლოებით 100-მეტრიანი მონაკვეთი თვალსა და გულს რომ ერთნაირად ახარებს, ისე გამოიყურება. 

ერთი შეხედვით მცირე, ფიჭვებში გაჭრილი ვიწრო გზას თითქოს სხვა რა დანიშნულება უნდა შესძენოდა, მაგრამ ზვიად სიჭინავას იდეა მართლაც რომ საშური გამოდგა. ის გზა ახლა მხოლოდ გზა არ არის, არც ჩვეულებრივი გზაა და არც მხოლოდ ცენტრალურ ქუჩას აკავშირებს ფეხბურთის ფედერაციასთან _ ეს გზა უკვე თაობების დამაკავშირებელი, ქართული ფეხბურთის დიდებისა და ზეობის გზაა, რომელიც სიმბოლურ ძაფს აბამს აწმყოსა და წარსულს შორის, გზა, რომელსაც დასრულება არ უწერია და ქართულ ფეხბურთს, მის ისტორიას სხვა სიბრტყეში, სხვა განზომილებაში გვიჩვენებს... 

გზისპირი ვარსკვლავებითაა მოკირწყლული. თითო ვარსკვლავს თითო დიდი სახელი ამშვენებს, სულ 54! 54 სახელი, რომელმაც ქართული ფეხბურთი აქამდე მოიტანა. 

იქვე არის 8 სტელა. თითოეული ქართული ფეხბურთის თითო ღირსშესანიშნავ მოვლენას ეძღვნება. სტელები გვამცნობს, რომ თბილისის დინამო 1964 და 1978 წლებში სსრკ ჩემპიონი გახდა; გვამცნობს, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი 1990 წლის 27 მაისს ჩაატარა; გვახსენებს საქართველოს ჩემპიონებსა და თასის მფლობელებს, 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფატორებს, სსრკ თასის მფლობელი დინამოს შემადგენლობებს... ხეივნის ბოლოს კი ერთი თავისუფალი, სუფთა სტელაც აღმართულა. რატომ? მომავალი გამარჯვებების აღსანიშნად _ ხვალ და ზეგ ხომ აუცილებლად დადგება დიდი გამარჯვებების დრო.
ჯერჯერობით ყოველ სტელას დიდი ქართველი ფეხბურთელების მიერ მოპოვებული თასების ფოტოები ამშვენებს, მალე კი ფოტოს თასთა ასლები ჩაანაცვლებს _ ფედერაციის პრეზიდენტს ამ თასების ასლები უკვე შეკვეთილი აქვს.

მოკლედ, ნუ დაიზარებთ, გაიარეთ ეს ჯადოსნური 100 მეტრი, ეს გაგახსენებთ წარსულს და იტყვით _ ეს ჩემი წარსულია, ვამაყობ! 

კობა ინასარიძე