სიახლეები

ქართველმა ქალებმა პირველი ამხანაგური მოიგეს

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

ბაქო, 26 მაისი, ისმეთ გაიბოვის სახელობის სტადიონი

აზერბაიჯანი - საქართველო 0:1

0:1 ლელა ჭიჭინაძე (22’)

საქართველო: თამარ ნადირაშვილი, ნინო კოჭლამაზაშვილი, ნინო პასიკაშვილი, ნინო სუთიძე, თამარ ტატუაშვილი, მარიამ ბასილაძე, ლანა გორგაძე (თამრიკო კვალიაშვილი), ტატიანა მატვეევა (ანა სინატიშვილი), ლელა ჭიჭინაძე , ანა ჩემინავა, ნათია სხირტლაძე.

აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა ქართველი გოგონების უპირატესობით წარიმართა. ჩვენებმა თამაშის დებიუტშივე რანდენჯერმე შეუტიეს მეტოქის კარს, თუმცა გოლი მხოლოდ 22-ე წუთზე გავიდა. ქართველთა კაპიტნის ტატა მატვეევას გადაცემა გოლით ლელა ჭიჭინაძემ დააგვირგვინა. მოვლენებს წინ გადავასწრებ და ვიტყვი, რომ ჭიჭინაძეს ამ შეხვედრაში კიდევ ორი გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა ერთ მომენტში აზერბაიჯანელები ძელმა იხსნა, ხოლო მეორე ჯერზე, მას შემდეგ რაც ჩვენმა გოგონებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს, ტატა მატვეევას მორიგო ჩაწოდების შემდეგ ჭიჭინაძის დარტმული ოდნავ ასცდა კარს.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ჭიჭინაძის ორი შანსის გარდა, ქართველ გოგონებს კიდევ ჰქონდათ რამდენიმე საინტერესო მომენტი - ერთში არ გაუმართლა მატვეევას, ხოლო მეორეში სხირტლაძის დარტმულმა ვერ მიაღწია მიზანს.

მართალია, მთელი თამაშის მანძილზე, მხოლოდ რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა ქართველების კართან, მაგრამ აღსანიშნავია ჩვენი მეკარის თამარ ნადირაშვილის თავდადებაც. მეორე ტაიმის შუაწელში აზერბაიჯანელმა ფეხბურთელებმა მეკარის საჯარიმოში დაჰკიდეს ბურთი. თავიდან ნადირაშვილს გაუჭირდა ორიენტირება, თუმცა მაშინვე მოახერხა სადავეების ხელში აღება და ზედა ძელიდან ბურთი კუთხურზე გადააგდო.  ეს იყო ერთად-ერთი მომენტი, როცა მეტოქემ ქართველთა კარის ჩარჩოს მიმართულებით დაარტყა. აზერბაიჯანის ნაკრებმა, მსაჯის მიერ დამატებულ 99-ე წუთზე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმენს, თუმცა ნადირაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

არჩილ ჩხაბერიძე: გოგოებმა კარგად და გამართულად ითამაშეს. განსაკუთრებით, დაცვით ფაზაში და მატჩამდე მწვრთნელების მიერ მიცემული ყველა დავალება სათანადოდ შეასრულეს. მეორე ტაიმი, კორექტულობის თვალსაზრისით უფრო დაძაბული იყო. ხშირად ირღვეოდა წესები ჩვენი გოგოების წინააღმდეგაც, თუმცა ამან ანგარიშზე გავლენა ვერ იქონია. საგოლე მომენტებიც უფრო მეტი გვქონდა და სათამაშო უპირატესობაც. დღევანდელ შეხვედრას დადებითად ვაფასებთ, თუმცა წინ 29 მაისის თამაშია და ახლა მისთვის გვიწევს მომზადება. გუნდში არის უმნიშვნელო ტრავმები, მაგრამ ეს მომდევნო შეხვედრაში პრობლემებს არ შეგვიქმნის.

სფფ-ის პრესსამსახური