სიახლეები

თასის ფინალი - პრევიუ

გაუზიარე
სავარაუდო შემადგენლობები

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, თოთაძე, ცინცაძე, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური, ჩირგაძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

სამტრედია: თევდორაძე, გრიგალაშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია, ბეჭვაია, გორგიაშვილი, დოლიძე, გეწაძე, ბოლქვაძე, იაშვილი

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

მსაჯები: მარკო ფრიტცი, კრისტიან დიცი, დომენიკ შაალი (გერმანია)

დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის 25-ე გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს თასის მოქმედი მფლობელი, თბილისის დინამო და სამტრედია დაუპირისპირდებიან, რომელიც პირველადაა თასის ფინალში და სწორედ დღევანდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული, დაუბრუნდება თუ არა სამტრედია ოცწლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირს. როგორც უნდა დასრულდეს ფინალი, დინამოს ევროტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს, სამტრედიელებს კი ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად დღეს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, მათი მარცხის შემთხვევაში ევროარენაზე ცხინვალი ითამაშებს.

თამაში 19 საათზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება. იმედს დავიტოვებთ, რომ სტადიონზე ქომაგი მრავლად მოვა, თასის ფინალი ამას ნამდვილად იმსახურებს. მითუმეტეს, ისეთი გუნდები თამაშობენ, ვფიქრობთ, კარგი სანახაობა გველის. ერთ მხარესაა ახალგაზრდული დინამო, რომელიც გია გეგუჩაძის დაბრუნების შემდეგ პირველი ტიტულის მოგებას ეცდება. შეგახსენებთ, გეგუჩაძემ დინამოს 2004 წელს უკვე მოაგებინა საქართველოს თასი (ფინალში ტორპედოსთან 2:1), ამის შემდეგ კი გუნდი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ვფიქრობთ, მოვლენების ასეთი განვითარების წინააღმდეგი ნამდვილად არ იქნებიან დინამოელთა ქომაგები. მეორე მხარეა გამოცდილი ფეხბურთელებით დახუნძლული სამტრედია, თუნდაც ალექსანდრე იაშვილისა და ზურაბ ხიზანიშვილის დასახელება რად ღირს.

ჩემპიონატი ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. დინამომ პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა, რაც ასეთი ტრადიციების გუნდისთვის დიდი ვერაფერი შედეგია და ამას სამწვრთნელო შტაბის სრული ცვლილებაც მოჰყვა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა გოგიჩაიშვილი გია გეგუჩაძემ შეცვალა, რომლის თავკაცობით დინამოელებმა ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში საჩხერის ჩიხურას უპრობლემოდ მოუგეს. თავის მხრივ, სამტრედიასგანაც მეტს ელოდნენ და ვარაუდობდნენ, რომ იმერლები, სულ მცირე, სამეულში მოხვდებოდნენ, მაგრამ ზაზა ზამთარაძისგუნდმა მხოლოდ მე-6 ადგილი დაიკავა. ისიც სათქმელია, რომ ჩემპიონატის მეორე ნახევარში სამტრედიელებიპრაქტიკულად თასის გათამაშებაზე გადაერთვნენ და დღევანდელი მატჩის მოგების შემთხვევაში ზაზა ზამთარაძეზე (როგორც მწვრთნელისთვის, ეს მისი პირველი ფინალია) და მის ფეხბურთელებზე აუგს ვერავინ იტყვის.

დღევანდელი ფინალი იმითაცაა გამორჩეული, რომ მას ცნობილი გერმანელი მსაჯი მარკო ფრიტცი განსჯის და ასისტენტებადაც თანამემამულეები ეყოლება. ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა საქართველოს თასის ფინალს უცოელები იმსაჯებენ. პირველად 2008 წელს იყო _ მაშინ ფინალურ შეხვედრას (ამერი-ზესტაფონი 1:0)თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა.

როგორც ევროტურნირის მონაწილე, დინამო თასის წლევანდელ გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთო და პირველ მეტოქედ ქობულეთის შუქურა ერგო. მიუხედავად იმისა, რომ ამ წყვილში ფავორიტებად თბილისელები მიიჩნეოდნენ, შუქურამ საკამოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მასზე ძლიერ მეტოქეს. პირველი შეხვედრა ქობულეთში 1:1 დასრულდა. განმეორებით მატჩში კი შუქურა დაწინაურდა და საკმაოდ ხმაურიან სენსაციასთანაც ახლოს იყო, მაგრამ თამაშის მიწურულს დინამომ სამი გოლი გაიტანა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იმ პერიოდისთვის ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს,გორის დილას შეხვდა. გორში მატჩი უგოლოდ დასრულდა, თბილისში კი ოთარ კაკაბაძის ერთადაერთი გოლის წყალობით ნახევარფინალის საგზური კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა მოიპოვეს, სადაც ასევე ევროსაგზურის მაძიებელი ცხინვალი ერგოთ მეტოქედ. პირველი მატჩი "დინამო არენაზე" მასპინძლებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს და განმეორებით მატჩში მარცხისმიუხედავად (0:1) ფინალში სწორედ დინამო გავიდა.

სამტრედელებმასათასო ბატალიები მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყეს და პირველ ეტაპზე ქედის ბეთლემს უპრობლემოდ სძლიეს. შემდეგ კი იყო სპორტული გმირობა ბათუმის დინამოსთან დაპირისპირებაში _ სამტრედიამ პირველი შეხვედრა სტუმრად 1:4 წააგო და საპასუხო მატჩის წინ ამ კლუბის ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივრებიც კი  უიმედოდ იყვნენ, მაგრამ ზაზა ზამთარაძის ფეხბურთელებმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს და მეოთხედფინალშიც გავიდნენ. მომდევნო მეტოქე იმ დროისთვის საკმაოდ მოძლიერებული ტორპედო იყო, რომელსაც ასევე აქცენტი თასზე გადაეტანა. ტორპედო იგებდა კიდეც სამტრედიაში, მაგრამ მეტწილად ახალგაზრდა ფორვარდ კაპანაძის კარგი თამაშის წყალობით სამტრედიელებმაპირველი შეხვედრის მოგება შეძლეს, ქუთაისში კი უგოლო ფრე იყო და ნახევარფინალში სამტრედიასთასის ბოლო ორი გათამაშების ფინალისტი ჩიხურა „გადაეყარა“.სამტრედიელებმა საჩხერელებს ორივე თამაში მოუგეს.

დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტის დასახელება ურთულესი საქმეა და, ალბათ, ამ ფინალს არც ჰყავს ფავორიტი. ერთხელაც ვიტყვით: დღეს საფეხბურთო ზეიმი რომ შედგეს, კარგ თამაშთან ერთად სტადიონზე ქომაგთა სიმრავლეცაასაჭირო. რა თქმა უნდა, დინამოს გვერდით იქნებიან "გლადიატორები", სამტრედიიდანაც მრავლად ჩამოვლენ ქომაგები, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება _ვიმედოვნებთ, მათ გარდა კიდევ ბევრი გულშემატკივარიმოვა და ტრიბუნებზე სიხლვათე არ იქნება.

პაატა ძნელაძე

გზა ფინალამდე

დინამო

1\8 ფინალიშუქურა (1:1, 3:1)

1\4 ფინალი დილა (0:0, 1:0)

1\2 ფინალი ცხინვალი (2:0, 0:1)

სამტრედია 

1\16 ფინალი  ბეთლემი (4:1, 3:0)

1\8 ფინალი დინამო ბთ (1:4, 3:0)

1\4 ფინალი   ტორპედო (2:1, 0:0)

1\2 ფინალი   ჩიხურა (1:0, 3:0)