სიახლეები

ზურაბ ხიზანიშვილი : დარწმუნებული ვარ, საინტერესო და დაძაბული თამაში იქნება

გაუზიარე
ლაშა პარუნაშვილი (დინამოს ნახევარმცველი): ყველამ იცის, რომ სამტრედია კარგი გუნდია და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა შევეცდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინოთ და თასი მოვიპოვოთ. პირადად ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რათა დინამომ მოიგოს. გეგუჩაძის გუნდში მოსვლამ ის მოიტანა, რომ მეტი ყურადღება ეთმობა ტაქტიკურ ვარჯიშებს. ტაქტიკური სქემა თუ შეიცვლება, ამაზე ვერაფერს გეტყვით. 

... პირადად მე თასის ფინალში არ მითამაშია. სუპერთასზე ვიყავი ჩიხურასთან. 

ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამოს ნახევარმცველი): რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. იმედი მაქვს, მოვიგებთ და თასს აღვმართავთ. ეს დიდი სტიმული იქნება ჩვენთვის, სამომავლოდ უფრო დიდ წარმატებებს რომ მივაღწიოთ. ვეცდებით, დავამტკიცოთ, რომ დინამოს კრიზისი არ აქვს და ჩვენც შეგვიძლია ტიტულის მოგება. 

... ახალი მწვრთნელის მოსვლას თან მოსდევს ტაქტიკური სიახლეები. ბუნებრივია, ვარჯიშებიც შეიცვალა. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. შეთამაშებისთვის ყოველთვის დროა საჭირო. 

ზურაბ ხიზანიშვილი (სამტრედიას მცველი): დარწმუნებული ვარ, საინტერესო და დაძაბული თამაში იქნება. მოხარული ვიქნები, თუ კარიერაში კიდევ ერთ ტიტულს მოვიპოვებ. საქართველოს თასი ადრე მომიგია, 18 წლისა რომ ვიყავი. ეს თბილისის ლოკომოტივში, როცა ფინალში ქუთაისის ტორპედო დავამარცხეთ. 

... ნერვიულობის მხრივ, გარკვეულწილად, არა მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები, არამედ მე და ალექსანდრე იაშვილიც ვნერვიულობთ. ჩემთვის და "აკუნასთვის" ორმაგად მნიშვნელოვანი იქნება დინამოსთან თამაში, რადგან ძალიან გვსურს, ასეთ ასაკში საქართველოში დაბრუნებულებმა კიდევ მოვიპოვოთ ტიტული. 

დავით მუჯირი (სამტრედიის სპორტული დირექტორი): ფეხბურთელობის დროს საქართველოს თასი არასოდეს მომიგია. 1998 წელს ბათუმის დინამოსთან წავაგეთ დამატებით დროში. კიდევ, ზესტაფონში რომ ვიყავი, მაშინ გორის დილასთან დავმარცხდით. ეს სამი წლის წინ. ახლა კი, როგორც სპორტულმა დირექტორმა, ძალიან მინდა, თასი მოვიპოვოთ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება. 

... სამწუხაროდ, ჩემპიონატში მაღალი ადგილის დაკავება ვერ მოვახერხეთ და მხოლოდ თასის აღების შემთხვევაში გავალთ ევროტურნირზე. ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. 

... მთლიანად სამტრედიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივარი ჩამოვა და სტადიონზე თბილისში მცხოვრები სამტრედიელებიც მოვლენ. 

... გაძლიერდება თუ არა შემადგენლობა ზაფხულში? ჯერ მხოლოდ თასის ფინალზე ვფიქრობთ. ყველაფერი ამ მატჩის შემდეგ გაირკვევა. 

ილია ნანობაშვილი