სიახლეები

მატჩის წინ...

გაუზიარე

გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ დინამოს მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე, სამტრედიას მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავით კვირკველია.

ზაზა ზამთარაძე: პირველ რიგში, ვულოცავ გიას დინამოში დაბრუნებას და წარმატებას ვუსურვებ. მართალია, სამტრედია პირველადაა ფინალში, მაგრამ ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრაა ჩვენთვის და ვეცდებით, სეზონი გამარჯვებით დავასრულოთ. 

გია გეგუჩაძე: თასის ფინალში თამაში ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ამის დასტურია ისიც, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საკმაოდ მრავლად ხართ ჟურნალისტები. იმედია, ფინალზე გულშემატკივარიც მრავლად მოვა და დაძაბული ორთაბრძოლის მომსწრე გახდება. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ ტიტულის შესანარჩუნებლად. 

დავით კვირკველია: ორივე გუნდის ფეხბურთელებმა იციან, თუ როგორი დაძაბული თამაში გველოდება ფინალურ მატჩში, მაგრამ ყველანი მზად ვართ საბრძოლველად. დიდი სურვილი გვაქვს, პირველივე ჯერზე მოვუპოვოთ სამტრედიას თასი და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები.

ტრავმირებულები თუ გყავთ? ან სხვა რაიმე მიზეზით ხომ არ მოისაკლისებთ ფეხბურთელებს?

ზაზა ზამთარაძე: ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული არავინაა, მაგრამ გიორგი თევზაძე და ილია კერძევაძე შეურთდნენ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არჩევანი ნაკრებზე გავაკეთეთ და 19-წლამდელებს ელიტრაუნდში წარმატებას ვუსურვებ.

გია გეგუჩაძე: როგორც იცით, უკვე დიდი ხანია, დაშავებულია ნიკა ჭანტურია, ასევე ტრავმირებულია ვაჟა ტაბატაძე. შერგელაშვილი დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება. რაც შეეხება რენე ფერეირას, მისი საკითხი ხვალ, თამაშის დღეს გაირკვევა, იმედია, სერიოზული არაფერია და შეძლებს თამაშს.

ფინალს გერმანელი მსაჯები მოემსახურებიან, ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

გია გეგუჩაძე: ასეთ ფაქტს მხოლოდ მივესალმები, იმიტომ კი არა, რომ ადგილობრივ მსაჯებს არ ვენდობით, უბრალოდ, მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული.

ზაზა ზამთარაძე: მეც ვიზიარებ გიას მოსაზრებას, გერმანელი მსაჯების დანიშვნა ფინალურ შეხვედრაზე ყველანაირად მისასალმებელია. ისე არ გამიგოთ, თითქოს ჩვენს მსაჯებს არ ვენდობით. საქართველოშიც ბევრი მაღალი დონის არბიტრი გვყავს, მაგრამ ასეთ შეხვედრაში კვალიფიციური უცხოელი მსაჯების დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა.

ფინალური მატჩის შედეგზე ხომ არ არის დამოკიდებული, გააგრძელებთ თუ არა სამტრედიაში მუშაობას?

ზაზა ზამთარაძე: სიმართლე გითხრათ, ამაზე ახლა საერთოდ არ ვფიქრობ. მეც და მთელი გუნდიც ახლა მხოლოდ ფინალზე ვართ კონცენტრირებულები. სეზონის მერე კი ყველაფერზე მშვიდად, საქმიანად დავილაპარაკებთ.

პაატა ძნელაძე