სიახლეები

მატჩის წინა ბოლო ვარჯიში

გაუზიარე

პირველები სავარჯიშოდ, 18 საათზე, დინამოელები გავიდნენ `მიხეილ მესხის~ მინდორზე. დაახლოებით 15-წუთიანი გახურების შემდეგ კვადრატის ჯერი დადგა, რომელმაც დაახლოებით 20 წუთს გასტანა და დროის ამ მონაკვეთში ბიჭებმა ძალიან იხალისეს. გამოსარჩევი იყო ჭანტურიშვილის გონივრული მოქმედებები, რომელსაც ბურთი პრაქტიკულად არ დაუკარგავს. ბოლო ნახევარმა საათმა კი ორმხრივ თამაშში განვლო.

„წითლები“: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, შერგელაშვილი, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი, ჯანელიძე, ცინცაძე, ლობჟანიძე, მანუელი.

„ყვითლები“: დაუშვილი, თოთაძე, გველესიანი, ბუკორაცი, კიტეიშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, ვოლკოვი, ჩირგაძე. 

ვარჯიშისას ტერფი იტკინა რენე ფერეირამ, რომელმაც წვრთნა ვერ დაასრულა და ფეხზე ყინულდადებული სათადარიგოთა სკამზე მჯდარი ადევნებდა თვალს თანაგუნდელების ვარჯიშს. 

ორმხრივი თამაშისას ვერც "წითლებზე" იტყოდი დარწმუნებით, ძირითადი შემადგენლობააო და ვერც "ყვითლებზე", მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გუშინ მოვარჯიშეთაგან დღეს ნამდვილად ვერ ითამაშებს დინამოს მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.  

სამტრედიელებმა ვარჯიში 19 საათზე დაიწყეს. აქაც ტრადიციული გახურებისა და კვადრატის შემდეგ ორმხრივი თამაშის დრო დადგა და აღსანიშნავია, რომ ზაზა ზამთარაძემ უფრო მეტი დრო დაუთმო ორკარას. აშკარად გამოსარჩევი იყო ალექსანდრე იაშვილის თამაში, რომელიც გამოზომილი და ჭკვიანური პასებით ამარაგებდა თანაგუნდელებს.