სიახლეები

აზერბაიჯანიდან ქართველები მესხზე დაბრუნდნენ

გაუზიარე

ბაქოს ინტერის ქართველი ფეხბურთელები, ალეკო ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, ბაჩანა ცხადაძე და გიორგი ლომაია თბილისში არიან და აზერბაიჯანში, სავარაუდოდ, აღარც დაბრუნდებიან. ყოველ შემთხვევაში, ცხადაძის გარდა, ინტერთან კონტრაქტი სამივე ჩვენიანს დაუმთავრდა და უკან დაბრუნებას არც ერთი აპირებს. მით უმეტეს, ინტერში ფინანსური მდგომარეობა არეულია და მომავალი სეზონიდან ვინ იქნება კლუბის პატრონი, ჯერაც გაურკვეველია. 

სამაგიეროდ, უკვე გარკვეულია ინტერის აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის, კახა ცხადაძის საფეხბურთო მომავალი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მისი კონტრაქტის ოფიციალური ათვლა 1 ივნისიდან იწყება _ კახა ცხადაძე ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებში იმუშავებს.

_ სად გავაგრძელებ კარიერას, ჯერ ვერ გეტყვით. ბაქოდან ორი დღის წინ დავბრუნდი და სანაკრებო შეკრებამდე დასვენებას ვაპირებ, უფრო სწორად, მსუბუქი ვარჯიშით ვეცდები ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას. ინტერში, ალბათ, აღარ დავბრუნდები. ბაჩანა ცხადაძის გარდა, კლუბთან კონტრაქტი გიორგი ლომაიასაც დაუმთავრდა და ლაშა სალუქვაძესაც. ჯერჯერობით სატრანსფერო წინადადებები არ მიმიღია, თუმცა ვიმედოვნებ, დასვენების შემდეგ საჩემო გუნდი მალე გამოჩნდება, _ გვითხრა ალეკო ამისულაშვილმა, ვინც გუშინ სამტრედიას სათასო ვარჯიშისას ვნახეთ. 

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე უკრაინასთან ამხანაგური და პოლონეთთან შესარჩევი მატჩებისთვის მოსამზადებელ შემადგენლობას დღეს, საქართველოს თასის ფინალის შემდეგ გამოაცხადებს. 

ლუკა თალაკვაძე