სიახლეები

ანორთოსისი: ქეცბაიას დაბრუნება რეალური ხდება

გაუზიარე

შესაძლოა, თემურ ქეცბაია კვიპროსული ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი გახდეს, ანუ ექვსწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდეს პოსტზე. ამის შესახებ კვიპროსული გამოცემები წერენ. მეტიც, როგორც ირკვევა, ანორთოსისის პრეზიდენტ ხრისტოს პულაიდისის სიაში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სახელ-გვარი ყოფილა: თემურ ქეცბაია. 

ეს ამ ეტაპზე, თუმცა ჯერ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ანორთოსისს ანდრე პაუსი წვრთნის, რომელმაც გუნდი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე გაიყვანა. ანორთოსისი შარშან ზაფხულს, ფაქტობრივად, ახლიდან დაკომპლექტდა, ახალგაზრდებითაა სავსე და საერთო აზრით, გუნდმა მოსალოდნელზე კარგად ჩაატარა სეზონი, თუმცა, როგორც ჩანს, ამბიციები მოსძალებია. 

ანდრე პაუსი ჰოლანდიელია, ისევე, როგორც კლუბის სპორტული დირექტორი ტედ ვან ლიუვენი. ისინი ერთად მუშაობდნენ მალტურ ვალეტაში, მანამდე კი ვიტესშიც. პაუსი ვიტესის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა. 

შეხსენებისთვის: ქეცბაიამ ფეხბურთელობისას დიდხანს ითამაშა ანორთოსისში და კლუბის ლეგენდა გახლავთ. ამასთან, ქეცბაია პირველი მწვრთნელია, რომელმაც კვიპროსული კლუბი ჩემპინთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა – ანორთოსისი 2008 წელს. 

კიდევ ერთი ინფორმაცია ქეცბაიაზე, ოღონდ დადასტურებული. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გადმოსცა, ქეცბაია და გიორგი ნემსაძე დღეს შოტლანდიურ დანდიში კიდევ ერთხელ ითამაშებენ. ისინი ყოფილი თანაგუნდელის, მეკარე ჯულიან სპერონის საიუბილეო მატჩისთვის დაპატიჟეს. ამ მატჩში კი დანდისა და კრისტალ პალასის ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა ლონდონში გაიმართება.  

სპერონი ქეცბაიას, ნემსაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის თანაგუნდელი იყო დანდიში. ხიზანიშვილიც მიწვეული იყო, მაგრამ ბუნებრივია, ბრიტანეთში ჩასვლას ვერ შესძლებდა. დღეს საქართველოს თასის ფინალი ელის: სამტრედია-დინამო თბილისი.      

ილია ნანობაშვილი