სიახლეები

ჩიხურამ და ჯარიმებმა დინამო ხასიათზე მოიყვანეს [ვიდეო მიმოხილვა]

გაუზიარე

თბილისი. 22 მაისი. „დინამო-არენა“ 1000 მაყურებელი
დინამო- ჩიხურა 3:0
1:0 პაპუნაშვილი (11), 2:0 თოთაძე (19), 3:0 ჭანტურიშვილი (34)
დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, თოთაძე, რენე ფერეირა, შერგელაშვილი (გველესიანი 70), ცინცაძე, ჯიღაური (პარუნაშვილი 83), პაპუნაშვილი (ლობჟანიძე 64), კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, ჩირგაძე
სათადარიგოები: დაუშვილი, ბუკორაცი, ვოლკოვი, ჯანელიძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ჩიხურა: ქვილითაია, ლ. ჭელიძე, განუგრავა, დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე, კუჭუხიძე (მუმლაძე 46), დეკანოიძე, კორიფაძე (კაკაშვილი 46), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე (ა. ივანიშვილი 54) 
სათადარიგოები: იაკობაშვილი, ლუბჩაკი, მანჯგალაძე 
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

ათი წლის შემდეგ გია გეგუჩაძემ დინამოს მორიგი სამი ქულა მოუტანა. მატჩამდე ორი დღით ადრე დანიშნული მწვრთნელი გუნდში, ცხადია, მნიშვნელოვნად ვერაფერს შეცვლიდა და ეს შემადგენლობასაც დაეტყო, თუმცა კი ისიც აშკარა იყო, რომ გეგუჩაძის გუნდი ძალიან მოტივირებული და მიზანდასახული ჩანდა. 

დინამო საჩხერელებს საწყის ნახევარ საათში ერთმანეთზე ლამაზი გოლებით მოუმთავრა საქმე და აღარც ჩემპიონატში მესამეადგილოსნის ვინაობა გაუხდია საეჭვო. 

დინამო სტუმარს თავიდანვე ეკვეთა. ქვილითაიაას კარისკენ რამდენიმე შეტევისა და უზუსტო დარტყმის შემდეგ კი საჯარიმოს ხაზთან ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღო. ბურთთან, რა თქმა უნდა, დინამოელთა მთავარი დამრტყმელი ლაშა თოთაძე მივიდა, მას კი გვერდში გიორგი პაპუნაშვილი ამოუდგა. დინამოს დამრტყმელზე ჩიხურას მეკარესაც ეცოდინებოდა და ვეჭვობთ, ქვილითაია სწორედ თოთაძის დარტყმულს ელოდა, თუმცა სულ ტყუილად - მოულოდნელად პაპუნაშვილმა დაარტყა, მეკარემ რეაქცია დააგვიანდა და ბურთიც კარის შორეულ კუთხეში დაბალზე შეგორდა. 

დინამოს არც გატანილი გოლი შემდეგ დაუთმია ინიციატივა. მასპინძლები ჩიხურას კართან მომენტს მომენტზე ჰქმნიდნენ, სტუმართა შეტევები კი დინამოს საჯარიმომდე ვერც აღწევდა. შესვენებამდე საჩხრელებმა ჰრდლიჩკას ერთადერთხელ დაურტყეს. დენის დობროვოლსკიმ კარიდან დაახლოებით 30 მეტრიდან მოინდომა გატანა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

სამაგიეროდ გამოუვიდა თოთაძეს, რომელმაც ასევე ჯარიმიდან გაიტანა.  პაპუნაშვილისაზე არანაკლებ ლამაზი გოლი გამოვიდა. საჯარიმომდე დაახლოებით სამი მეტრიდან თოთაძის მოჭრილი დარტყმული ბურთი კედელს გადაევლო და ქვილითაიასთვის მიუწვდომელი გამოდგა. სხვათა შორის, ამ გოლამდეც ბურთთან თოთაძესთან ერთად პაპუნაშვილი იდგა და საჩხერელთა მეკარისთვის დამრტყმელის ვინაობა ძნელი გამოსაცნობი იქნებოდა.

მალევე დინამოს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარეს ვეღარ აჯობა. ერთხელაც კი ჯიღაურმა მოედნის შუაში ისეთი ელემენტარული შეცდომა დაუშვა, მწვრთნელისგან უეჭველი შენიშვნას დაიმსახურებდა. ისე, მეორე ტაიმში თოთაძეც ისეთ მარტივ სიტუაციაში შეცდა, სტუმარი თორნიკე მუმლაძის ჩაჭრილი ბურთი კინაღამ მასპინძელთა კარში აღმოჩნდა. ბედად ჰრდლიჩკამ ივარგა. გეგუჩაძე, ალბათ, ორივეს შესაბამისად გაესაუბრება. წინ თასის ფინალია და სამტრედიელები ასეთ ბავშვურ შეცდომებს თბილისელებს არ აპატიებენ, თანაც გავიხსენოთ ვინ თამაშობს სამტრედიელთა შეტევის  ხაზში _ ალექსანდრე იაშვილი...

„დინამო არენაზე“ კი არც მესამე გოლს დაუგვიანია და სილამაზით პაპუნაშვილისა და თოთაძის გოლებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ჩამოუვარდებოდა კი არა, ვფიქრობ, უკეთესიც იყო: ვახტანგ ჭანტურიშვილს გია გეგუჩაძე ზესტაფონიდან იცნობს და ამ გოლის შემდეგ მასზე დადებითი წარმოგდგენა ალბათ კიდევ გაუმყარდებოდა. ჭანტურიშვილმა მარცხნიდან შუისკენ ბურთიანად შეიწია და მეტოქის საჯარიმოს წიბოდან ბურთი კარის შორეულ კუთხეში მოჭრილი დარტყმით ჩასვა.

ტაიმის დამთავრებამდე პაპუნაშვილსა და ჭანტურიშვილს კიდევ შეეძლოთ თითო გოლის გატანა, მაგრამ ერთს ქვილითაიამ არ დაანება, მეორეს მიზანმა უმტყუნა.

შესვენების შემდეგ კი მოედანზე მაინცდამაინც საინტერესო არაფერი მომხდარა. მხოლოდ მატჩის ბოლოსკენ იყო, რომ წაქცეულმა ჰრდლიჩკამ ჯერ მუმლაძის, იქვე კი ლაშა ჭელიძეს დარტყმულებს რაღაც წარმოუდგენელი რეაქცია შეაგება და კარი მშრალად შეინახა. 
მოკლედ, გია გეგუჩაძეს ფრიად წარმატებული ხელახალი დებიუტი გამოუვიდა. თასის ფინალის წინ კი ფეხბურთელებს ხასიათიც გამოუკეთდებოდათ... 

კობა ინასარიძე