სიახლეები

17-წლიანი ლოდინის შემდეგ - ვერცხლის მედლები ბათუმში

გაუზიარე
შუქურა-დინამო ბთ 1:3
22 მაისი. ქობულეთი. ,,ჩელე არენა".  2 000 მაყურებელი.
0:1 შონია (26),  1:1 ჩელებაძე (45),  1:2 ბერიაშვილი (55),  1:3 ბ. მახარაძე (64. პენ.)
შუქურა: თ. კაკალაძე, კომახიძე, გ. გურული (ჩხაიძე 61), ხოჭოლავა, ტაკიძე, პუკანიჩი, მჟავანაძე, ლაღაძე, ტუღუში (კვესიეშვილი 78), ჩელებაძე, კოპალიანი (ანანიძე 46);
სათადარიგოები: ჯიოევი, ჭანუყვაძე;
მწვრთნელი: გელა სანაია
დინამო ბთ: მამინაშვილი, ტეტუნაშვილი, ბ. მახარაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია (ჩირიკაშვილი 83), მუჯირი, ქავთარაძე, დიასამიძე (თევდორაძე 62), ტატანაშვილი, ბერიაშვილი (ვარშანიძე 74)
სათადარიგოები: შოვნაძე, გოგიტიძე, ქორიძე, აბუსელიძე
მწვრთნელი:  ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: ჩხაიძე (63)  
არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი 

ქობულეთში გამართულ ბოლო ტურის შეხვედრას ბათუმელთათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მათთვის უკვე მშობლიურად ქცეულ ,,ჩელე არენაზე” ისინი სტუმრის რანგში თანარეგიონელ შუქურას ეპაექრებოდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს ინაღდებდნენ.
ბუნებრივია უფრო მოტივირებულნი ბათუმელები იყვნენ და შეხვედრაც მათი  უპირატესობით დაიწყო. ისინი მეტოქეს მატჩის დებიუტშივე ეკვეთნენ და აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთეს. განსაკუთრებით ბერიაშვილი და ტატანაშვილი აქტიურობდნენ. ბათუმელთა ფორვარდები მეტოქის მცველებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და სწრაფი გადაადგილებებით თანაგუნდელებს ზონებს უთავისუფლებდნენ. 
პირველი სახიფათო იერიში სტუმრებმა მე-2 წუთზე განახორციელეს. თანაგუნდელების წამოწყებული შეტევა შონიამ ძლიერი დარტყმით დაასრულა. კაკალაძეს სწორი პოზიცია ეკავა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია. მალე ბათუმელთა უბერებელი ვეტერანი ამირან მუჯირი ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ ამჯერადაც კაკალაძემ იმარჯვა.
ამის შემდეგ სტუმრებმა აქცენტი ფლანგურ შეტევებზე გადაიტანეს, სადაც ქავთარაძე და დიასამიძე დომინირებდნენ. ისინი დიდ სამუშაოს ასრულებდნენ, მოედნის ცენტრიდან პირით ხაზამდე ჩარბოდნენ და გამჭოლი გადაცემებით თავდამსხმელებს ამარაგებდნენ.
ბათუმელთა გარჯამ შედეგი 26-ე წუთზე გამოიღო. სტუმრების მორიგი იერიშის შემდეგ შონია ბურთს მის საყვარელ, მარჯვენა ინსაიდის ადგილზე დაეუფლა და უძლიერესი დარტყმით ქობულეთელთა კარის ბადე შეარხია - 0:1.
ნახევარი საათის მიწურულს ბათუმელებს ანგარიშის გაზრდის 100%-იანი შესაძლებლობა ჰქონდათ. ბერიაშვილის მახვილგონივრული გადაცემის შემდეგ ტატანაშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მახვილი კუთხიდან გამიზნულად დაარტყა. კაკალაძემ შესაშური რეაქცია გამოავლინა და ბურთის მოგერიება მოახერხა. დამატებაზე ყველას ბერიაშვილმა დაასწრო და მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა დარტყმა მისთვის უხერხული მარჯვენა ფეხით შეასრულა და ტაკიძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. 
მასპინძელთა საპასუხო შეტევაც საკმაოდ სახიფათო გამოდგა. ჩელებაძე მოედნის სიღრმიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოვებულმა ძლიერად გაისროლა. ბურთი ხარიხას გაეხახუნა და მოედნის ფარგლები დატოვა.
ტაიმის ბოლოს ორი წუთის ინტერვალში შონიას ზედიზედ ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა. ორივე შემთხვევაში იგი მისთვის ჩვეული პოზიციიდან ურტყამდა. პირველად კაკალაძემ იმარჯვა და აკრობატული ნახტომით ბურთი კუთხურზე მოიგერია. მეორედ კი შონიას ყუმბარისებული გასროლა კარის ძელმა აისხლიტა.
ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო ბათუმელები ტაიმის უკანასკნელ წუთზე დაისაჯნენ. საჯარიმო ხაზის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო ჩელებაძემ დიდებულად შეასრულა. მისი მოჭრილი დარტყმის შემდეგ ბურთმა ცოცხალ კედელს გადაუქროლა და ხარიხას გავლით სტუმართა კარის ცხრიანში შეფრინდა -1:1.
მატჩის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. პირველად თავის გამოჩენის შესაძლებლობა შეტევაში ჩართულ ტეტუნაშვილს მიეცა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო.
ქობულეთელთა საპასუხო ჩხვლეტა ისევ ჩელებაძის გახლდათ. მან ცრუ მოძრაობით მეურვე ჩამოიტოვა და საჯარიმოს მიახლოვებულმა შორეული კუთხისკენ გამიზნულად გაისროლა. მამინაშვილი ნახტომით კარის ძელთან მისწვდა ბურთს და თავისიანები აშკარა ხიფათისგან იხსნა.
მატჩის გარდამტეხი მომენტი 55-ე წუთზე დადგა. სტუმრებმა სანიმუშო სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. ტეტუნაშვილმა გრძელი გადაცემით ქავთარაძე მარჯვენა ფრთაზე გაიყვანა, რომელმაც დრიბლინგით თავისი მეურვე ჩამოიტოვა და პირით ხაზთან მიახლოვებულმა საჯარიმოში შევარდნილ ბერიაშვილისკენ გამჭოლი გადაცემა გააკეთა. ბათუმელთა ფორვარდმა თანაგუნდელებს გარჯა დაუფასა და შეუჩერებელი დარტყმით კაკალაძე უშანსოდ დატოვა - 1:2.
მალე მოვლენების ეპიცენტრში ისევ ბერიაშვილი აღმოჩნდა. მან მცველებს ძალისმიერი ბრძოლა მოუგო და დაფარული გადაცემით შონია მეკარის პირისპირ გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ჩხაიძემ ბათუმელი ნახევარმცველის შეჩერება მხოლოდ აკრძალული ილეთის ხარჯზე მოახერხა. გიორგი ავაზაშვილმა, რომელსაც უმაღლეს ლიგაში არბიტრის რანგში დებიუტი ჰქონდა, უყოყმანოდ ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტის შესრულება ბორის მახარაძემ ითავა და დაკისრებულ მოვალეობას თავი ჩინებულად გაართვა. იგი მეკარის მოძრაობას დაელოდა და ბურთი საპირისპირო კუთხეში დაურტყა - 1:3.
მატჩი პრაქტიკულად აქ დამთავრდა. მართალია, მასპინძლებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ და რამდენჯერმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს, მაგრამ ბათუმელებს ამ შეხვედრის მოსაგებად გაცილებით მეტი მოტივაცია გააჩნდათ და მათთვის სასურველი ანგარიში მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.
არბიტრის საფინალო სასტვენს ბათუმელი გულშემატკივრები დიდი ზარზეიმით შეხვდნენ. უმაღლეს ლიგაში წელს აღზევებული გუნდის მიერ მეორე ადგილის დაკავება მართლაც გმირობის ტოლფასი გახლდათ. აჭარლებმა ვერცხლის მედლები 17-წლიანი პაუზის შემდეგ  მოიპოვეს. 

მატჩის შემდეგ
ასლან ბალაძე (დინამო ბთ): ,,უზომოდ ბედნიერები ვართ. სეზონის დასაწყისში ამას ვერავინ წარმოვიდგენდით, მაგრამ ჩვენმა სწორმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ამას შემთხვევითობასაც ვერ დავარქმევთ, რადგან ძირითადი მეტოქეები, გორის დილა, თბილისის დინამო და ცხინვალი გასვლით შეხვედრაში დავამარცხეთ. გულით ვულოცავ მთელ გუნდს ამ დიდ გამარჯვებას. დიდი მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის".

ირაკლი ქავთარაძე ქობულეთიდან
ავტორის ფოტოები