სიახლეები

ისწავლეთ იაშვილისგან...

გაუზიარე

22 მაისი. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“.  1000 მაყურებელი
სამტრედია - მერანი  4:2
1:0 გურული (31), 2:0 გაბედავა (51), 12:1 ფიფია (71), 2:2  წყაროზია (75), 3:2 რამოსი (83), 4:2 იაშვილი (86. პენ.)
სამტრედია: მუჯრიშვილი, ხიზანიშვილი (კაკუბავა 46), შალიკაშვილი, ბეჭვაია, ბაკურაძე, ბოლქვაძე, დათუნაიშვილი (იაშვილი 46), გორგიაშვილი, ა. გურული, ლეონარდო რამოსი, გაბედავა (თორნიკე გრიგალაშვილი,68) 
სათადარიგოები: მეშველიანი, შილაკაძე, კაპანაძე, ი. კერძევაძე
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
მერანი: ბეგაშვილი, მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, გეგია, წყაროზია, ფონიავა (რუხაია 56), ს. ლომია (წურწუმია 56), ქიქავა, ფიფია, დ. ციცხვაია (კიკნაველიძე 68)
სათადარიგოები: მამალაძე, ციკოლია, ი. ციცხვაია, ფაილოძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე
გაფრთხილება: წყაროზია (8), ბოლქვაძე (27), გეგია (38), წყაროზია (75) 
გაძევება: წყაროზია (76)

ბევრი თქმა არ უნდა, სამტრედიელებს ახლა მთელი გულისყური 26 მაისს გასამართი თასის ფინალისკენ აქვთ მიპყრობილი და მერანთან საბურთაოდ ძირითადის რამდენიმე მოთამაშის გარეშე რომ გამოვიდნენ, სულაც არ იყო გასაკვირი. თუმცა, მასპინძელთა ექსპერიმენტულმა შემადგენლობამაც არ შეირცხვინა თავი ამ მატჩში და ჩემპიონატის ფინიში გამარჯვებით აღნიშნა. 
თამაში უხვგოლიანი გამოდგა, უფრო სწორად, მისი მერე ნახევარი, როცა მაყურებელმა ხუთი გოლი იხილა. რაც შეეხება პირველ ტაიმს, ის საკმაოდ დაბალ ტემპში, მონოტონურად წარიმართა. ვიდრე სამტრედიელები ანგარიშს გახსნიდნენ, მოედანზე საინტერესო, ფაქტობრივად, არაფერი მომხდარა. „ეროსი მანჯგალაძის“ ბინადარნი ბოლქვაძის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ  გურულმა დააწინაურა, რომელმაც ახლოდან კეფით გაიტანა ბურთი. იმავე გურულს შესვენებამდე ერთხელაც მიეცა თავის გამოჩენის შანსი, ოღონდ ბეგაშვილმა იყოჩაღა. მერანსაც ჰქონდა ორი კარგი მომენტი, მაგრამ ფიფიას და ფონიავას დარტყმულებმა მიზანს ვერ უწიეს. 
მეორე ტაიმისათვის ზაზა ზამთარაძემ ორმაგ შეცვლას მიმართა, ხიზანიშვილი კაკუბავათი ჩაანაცვლა, დათუნაიშვილს კი პოზიცია იაშვილისთვის დაათმობინა. ჰოდა, იაშკამ ამბები დაატრიალა, თქვენი მოწონებული. ვეტერანი გასაოცარი შემართებით ჩაერთო თამაშში და მალევე ზუსტად  ჩაუწოდა გაბედავას, თავური და - 2:0. ცოტა ხანში იაშვილის პასი გორგიაშვილმა ვერ შეირგო, ხელსაყრელი მდგომარეობიდან ააცილა ჩარჩოს. სტუმართა საპასუხო იერიშისას კი დათა ციცხვაიას მართებდა გატანა, ოღონდ დარტყმა გაუცუდდა. ამის შემდეგ იაშვილმა გამოზომილი გადაცემით გურული გაიყვანა მეკარესთან პირისპირ - ბეგაშვილი ჩინებულად გაისარჯა.  
მერანი არა და არ ეგუებოდა ორბურთიან ჩამორჩენას. შუა მეორე ტაიმში მარტვილელებმა მძლავრად შეუტიეს და ოთხწუთიან ინტერვალში მოახერხეს გათანაბრება. ჯერ იყო და ფიფიამ არ აცალა მუჯრიშვილს ცოცხალი კედლის დალაგება და საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა კარში. მალევე ფიფიამ მორიგი სტანდარტულიც სახიფათოდ შეასრულა, მუჯრიშვილს ხელიდან გაუვარდა მისი შორიდან დარტყმული ბურთი, რითაც კარგად ისარგებლა წყაროზიამ და საგოლედ დაამატა. გატანილით გახარებულმა მარტვილელმა ემოციები ვერ მოთოკა, ნებსით იყო თუ უნებლიეთ, სათადარიგო ბურთს ტრიბუნისკენ, მაყურებლებში უთავაზა. წყაროზიამ ამ საქციელისთვის არბიტრისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა და, რადგანაც მანამდეც იყო გაფრთხილებული, ვადაზე ადრე დატოვა მოედანი.
კაცნაკლულ მეტოქესთან მასპინძლებს აღარ გასჭირვებიათ. იაშვილმა საკუთარ თავზე აიღო თამაში და დიდებულად შეასრულა ეს მისია. 82-ე წუთზე  მან უზუსტესი გადაცემა გაუკეთა რამოსს, რომელმაც არ დაახანა და თავური დარტყმით დააწინაურა სამტრედიელები. იაშვილი მართლაც რომ შეუჩერებელი იყო ამ თამაშში და მასპინძელთა ბოლო გოლიც მან მიითვალა თერთმეტმეტრიანი დარტყმით, რომელიც თავადვე გამოიმუშავა.
სამტრედიამ ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა. კაცმა რომ თქვას, გაცილებით უკეთესი შედეგის ჩვენება შეეძლო, მაგრამ ამის გამო ქომაგისგან მაინც ნაპატიები დარჩება, რაღა თქმა უნდა, თუკი თასის ფინალს მოიგებს. 
ფინალისთვის კი სამტრედია სერიოზულად ემზადება. დინამოსთან დიდი ბრძოლის მოლოდინში გუნდმა საკუთარი ხელოვნურსაფარიანი არენის ნაცვლად ბოლო ვარჯიშები ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე“, ბუნებრივ მწვანე გაზონზე ჩაატარა. ეს იმის გამო, რომ ფინალის თამაშიც მსგავს მინდორზე მოუწევს.  

იუზა კაციტაძე სამტრედიიდან
ავტორის და ქრისტი ხუჭუას  ფოტოები