სიახლეები

ბედნიერი და მოზეიმე გორი [ვიდეო მიმოხილვა]

გაუზიარე
დილა-ვიტ ჯორჯია 3:0
22 მაისი. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“. 3 000 მაყურებელი 
1:0 მოდებაძე (32), 2:0 - მოდებაძე (79), 3:0 ერისთავი (86)
დილა: მიგინეიშვილი, სამხარაძე (სეთურიძე 75), ქარქუზაშვილი, კვახაძე, ჯაფარიძე, წიქარიძე (ძარია 55), რაზმაძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, ახალკაცი (ერისთავი 73), მოდებაძე
სათადარიგოები: სომხიშვილი, გორელიშვილი, გვალია, თექთურმანიძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, დანელია, ლებანიძე, კურდღელაშვილი (დემეტრაშვილი 57), მაისურაძე, გახარია (დავლაშელიძე 65), კახაბრიშვილი (ხვისტანი 76), ლობჯანიძე
სათადარიგოები: ისერგიშვილი, მერაბიშვილი, ბენტური, დადიანი
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი 
გაფრთხილება: მაისურაძე (90) 
მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი 

გორის დილას ჩემპიონობა ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე გახდა ცნობილი. უჩა სოსიაშვილის გუნდს ჩემპიონატის უკანასკნელი ტური შინ უწევდა და ახალი ჩემპიონების დასაჯილდოვებლად უკეთესი ვითარება და დრო რაღა უნდა ყოფილიყო? ამიტომ ამ დღეს გორში სპეციალური საზეიმო ღონისძიების გაიმართა. დღესასწაული თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე, დილა-ვიტ ჯორჯიას შეხვედრის გამართვამდე დაიწყო. პირველად მოძრაობის თეატრმა უჩვენა პუბლიკას თავისი შემოქმედება, მერე მოედანზე გუნდებიც გამოჩნდნენ. გამოსასვლელში ვიტ ჯორჯიამ დილა საჩემპიონო დერეფანში ტაშით გაატარა. 
ასპარეზობას მასპინძლებისთვის სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ინტერესი არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ მათ საკუთარი პუბლიკის თვალწინ მორიგი გამარჯვების მოპოვების წყურვილი ამოძრავებდათ და შედეგიც კარგი მიიღეს. 
ტაიმის საწყისი ოცი წუთი ისე მიილია, რომ არც ერთ კართან რეალური ხიფათი არ შექმნილა. არადა, ფეხბურთელებს თითქოს მონდომება არ დაეწუნებოდათ. ვიტ ჯორჯიას გამარჯვება, ან ქულის მოპოვებაც ძალიან სჭირდებოდა, რათა ქვედა ლიგაში დაქვეითება თავიდან აეცილებინა. ვიტელთა გამოკვეთილი ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე ხშირად ცდილობდა მასპინძელი მცველების  შეწუხებას, თუმცა დილას უკანა ხაზი ყურადღებით მოქმედებდა. 26-ე წუთზე ლობჯანიძემ ალექსანდრე კვახაძის მიერ ცუდად მოგერიებული ბურთი კინაღამ კარში გადაგზავნა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა არ მისცა მას ამის საშუალება. ხუთ წუთში ნიკა კვეკვესკირის დარტყმული საჯარიმოს ხაზთან ხელზე მოხვდა თბილისელ მცველს და მიმართულება შეიცვალა, მაგრამ მსაჯმა სახიფათო საჯარიმო არ დანიშნა. მალე გუგა ფალავანდიშვილის დარტყმული სულ ოდნავ აცდა მიზანს. ფალავანდიშვილმა 33-ე წუთზე უკვე ირაკლი მოდებაძე მონახა და ამანაც ახლო მანძილიდან ჯონი შეროზიას შანსი არ დაუტოვა – 1:0.
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს მონდომება არ დაეწუნებოდა გოლების აქტივის გასაზრდელად და ამაში თანაგუნდელებიც ხელს უწყობდნენ, მაგრამ ტაიმი ისე მიიწურა, მეტი გოლი აღარ გასულა და არც რეალური საგოლე მომენტი შექმნილა რომელიმე კართან. 
შესვენებისას, თბილისის ჩემპიონატში გამარჯვებული, გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის უმცროსი ასაკის ფეხბურთელთა გუნდი შემოვიდა მინდორზე მწვრთნელებთან ერთად. ამ გუნდს ასაკობრივ შეჯიბრებაში 23 თამაშიდან 22 მოგებით დაუკავებია პირველი ადგილი. ესეც გორის დილას უფროსი გუნდის სამომავლო იმედი. იქვე ანსამბლმა გორმაც წარმოადგინა თავისი შემოქმედება `პოპურით~.
სახიფათო და საგოლე მომენტებით მდიდარი არც შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისი აღმოჩენილა. სათამაშო ტემპმაც იკლო მატჩის განახლების შემდეგ. დილა გარკვეულწილად მოეშვა და ვიტ ჯორჯიას მიზნის განხორცელებისთვის მეტი გასაქანი მიეცა. სტუმართა ნახევარმცველმა ნიკოლოზ მაისურაძემ ორჯერ ზედიზედ ჯერ შორეული, ხოლო შემდეგ ახლო მანძილიდან დარტყმებით შეაწუხა გორელები. პირველად ბურთი კარს მცირედით აცდა, ხოლო მეორედ მიგინეიშვილმა მოიგერია კუთხურზე. 75-ე წუთზე დილას გოლკიპერი გამოსვლისას შეცდა, თუმცა მერე თავად აღარ მისცა ამ შეცდომის გამო მოწინააღმდეგე ფეხბურთლებს ანგარიშის შეცვლის საშუალება. ამან უკვე დილა გააღიზიანა და მოწინააღმდეგის ნახევარს მიეძალა. 
მასპინძლები შეტევებში უფრო მრავალრიცხოვანი გადადიოდნენ. ძალიან აქტიურობდა შეცვლაზე შემოსული გიორგი ერისთავი. სწორედ მისგან მიუვიდა სახეირო პოზიციაში მყოფ მოდებაძეს პასი და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა. ამავე გოლით მოდებაძის ბომბარდირული აქტივი 16-მდე გაიზარდა. დარჩენილ დროში ერისთავმა კიდევ ერთხელ გამოიღო ხელი და ამჯერად თავად გაზარდა ანგარიში სამამდე, ასისტენტად მას ირაკლი ძარია მოევლინა. 
მატჩის დამთავრების შემდეგ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სტუმართათვის განკუთვნილი ლოჟიდან გორის `დილას~ ქვეყნის ჩემპიონობა მიულოცეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და გორის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ. 
ტრიბუნაზე ასულ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ოქროს მედლები მკერდზე სფფ-ის ხელმძღვანელებმა, ზვიად სიჭინავამ, ალექსანდრე ჩივაძემ და გია ფირცხალავამ ჩამოჰკიდეს. გორული გუნდის გულშემატკივარმა ჯერ სტადიონზე იზეიმა წარმატება, შემდეგ სპეციალური ავტობუსით ფეხბურთელებმა თასით ქალაქის ქუჩებში გაიარეს და ქალაქის დანარჩენ მოსახლეობასაც აუწყეს საამაყო გამარჯვება. ბოლოს, გორის ადმინისტრაციული შენობის წინ, მოედანზე ჯგუფ `ფრანის~ კონცერტი გაიმართა, დღესასწაული კი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. 

დაჩი ნაპირელი გორიდან