სიახლეები

რუხაძის ტაიმი და მშვიდი კილასონია

გაუზიარე

მეტალურგი-ტორპედო  1:1
23 მაისი. რუსთავი. „ფოლადი“. 500 მაყურებელი
1:0 ბარაბაძე (42), 1:1 კვერნაძე (79)
მეტალურგი: ნადირაძე, მინდორაშვილი, ნარიმანიძე, კ. ხიზანეიშვილი, ჩიკვაიძე, ზვიადაძე, სარიშვილი (ბიწკინაშვილი 89), ბერუაშვილი, შუშიაშვილი (ციცქიშვილი 77), ბარაბაძე, გაბაშვილი (ბ. ოქროპირიძე 69)
სათადარიგოები: ს. ქარდავა, მიქელაძე, ბროლაძე, ბუზალაძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ტორპედო: შევჩენკო, მახვილაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ბანძელაძე, ბაბუნაშვილი (კვერნაძე 46), ქებაძე, კირკიტაძე (ზივზივაძე 46), ფუხაევი, ვ. კვარაცხელია, ტუღუში (ადამაძე 73)
სათადარიგოები: შეყრილაძე, მამასახლისი, ზ. ჭელიძე, ფურცხვანიძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილება: ხიზანეიშვილი (90)
მსაჯი: ლევან კვარაცხელია

უნდა მიეღწია ვიტ ჯორჯიაზე უკეთესი შედეგისთვის – სწორედ ამ წინაპირობის შესრულება მისცემდა მეტალურგს პლეი ოფში თამაშის საშუალებას. ვეტერინარები გორში დილასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ, რუსთაველებმა კი ტორპედოსთან დაპირისპირებაში საჭირო ქულა მოიპოვეს და თუ 27 მაისს პლეი ოფის გადამწყვეტ მატჩში თბილისის ლოკომოტივს დაამარცხებენ, უძლიერესთა შორის დარჩებიან.
"ფოლადზე" მატჩს ვიტ ჯორჯიას პრეზიდენტი გურამ რუხაძე დაესწრო, რომელიც არა საპატიო სტუმართა ლოჟაში, არამედ გულშემატკივრებს შორის ისხდა, პირველი ტაიმის შემდეგ კი სტადიონი დატოვა.
პირველ ტაიმში ტორპედომ დაწინაურების რამდენიმე კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. ყველაზე მეტს ვახტანგ კვარაცხელია სცოდავდა, რომელსაც ჯერ მცველებმა არ მისცეს გატანის საშუალება, შემდეგ კი ახლო მანძილიდან ააცილა.
სამაგიეროდ, ზუსტი იყო რევაზ ბარაბაძე, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს თავურით დალაშქრა სტუმართა კარი – 1:0.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ტორპედოს თავკაცმა გიორგი დარასელიამ მოედანზე ორი ახალი ფორვარდი შეუშვა და 73-ე წუთამდე ქუთაისელებმა ოთხი ნომინალური თავდამსხმელით ითამაშეს. შეცვლაზე შესულთაგან ერთ-ერთმა, ოთარ კვერნაძემ სტუმრებს ქულა გადაურჩინა. მან მეტლურგს ახლო მანძილიდან გაუტანა – 1:1.
დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. გორიდან მოსულმა ინფორმაციამ ცხადი გახადა, რომ მასპინძლებს ფრეც ჰყოფნიდათ და ამიტომაც, მეტალურგმა მთელი ენერგია საკუთარი კარის უსაფრთხოებას მოახმარა, ტორპედოს კი გამარჯვებისკენ განსაკუთრებული სწრაფვა არ გამოუვლენია.
მეტალურგს, რომელსაც მძიმე ფინანსურმა კრიზისმა მეორე წრეში ერთი მატჩის მოგების საშუალებაც კი არ მისცა, ჯერ კიდევ აქვს უმაღლესში დარჩენის შანსი, თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ კლუბს მომავალ სეზონში მაინც მიხედავენ.
ბოლოს, ერთი საინტერესო დეტალიც – მეტალურგის თავკაცი ვარლამ კილასონია, რომელიც როგორც წესი, მთელი მატჩის განმავლობაში ემოციურია ხოლმე, ამ შეხვედრაში ერთხელაც არ წამომდგარა სათადარიგოთა სკამიდან...

ლევან ჯანეზაშვილი