სიახლეები

ერთი ნაბიჯი უმაღლესი

გაუზიარე
23 მაისი. თბილისი. „მიხეილ მესხი“ (სათადარიგო). 1 700 მაყერებელი
ბორჯომი-ლოკომოტივი 3:3 (2:4 პენ.)
0:1 კიკნაძე (15), 1:1 როსტიაშვილი (29), 1:2 კიკნაძე (33), 2:2 ჩხარტიშვილი (51), 2:3 გავაშელიშვილი (85), 3:3 კირვალიძე (90).
პენალტები: 1:0 ვეკუა, 1:1 გავაშელიშვილი, 2:1 ჩხარტიშვილი, 2:2 ჩიტეიშვილი, 2:2 მუმლაძე (მეკარე), 2:3 გაგნიძე, 2:3 ჯოჯუა (მეკარე), 2:4 სულთანიშვილი.
ბორჯომი: გოგიაშვილი, ვეკუა, ჩხარტიშვილი, საჯაია, მუმლაძე, ჯოჯუა, თედიაშვილი (კობესაშვილი 87), კვარაცხელია (სალარიძე 46), ლობჟანიძე, ღირდალაძე (კირვალიძე 85), როსტიაშვილი
სათადარიგოები: გაბიჩვაძე, როსტობაია, შაყულაშვილი, ხითარიშვილი
მწვრთნელი: კობა თედიაშვილი
ლოკომოტივი: მიქავა, მაკასარაშვილი, სანდოხაძე, გაგნიძე, ჩიტეიშვილი, კიკნაძე, სამურკასოვი (ღვინაშვილი 78), სულთანიშვილი, დიასამიძე (ჩიხლაძე 100), არაბიძე (ართმელაძე 73), გავაშელიშვილი
სათადარიგოები: რომელფინგერი, დუმბაძე, უბილავა, გაბაძე
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: ჯოჯუა (35), ვეკუა (62), დიასამიძე (71), ლობჟანიძე (90), სულთანიშვილი (106)
მსაჯი: ლაშა სილაგავა

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სტადიონზე მოსულმა დაახლოებით ორი ათასამდე ქომაგმა ნამდვილად კარგი დონის ფეხბურთი იხილა. გავიდა ექვსი გოლი, 120 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული თამაში მიმდინარეობდა და მისი ნახვა ნამდვილად ღირდა. ლოკომოტივი შეხვედრის მიმდინარეობისას სამჯერ იგებდა და ალბათ უფრო სამართლიანია, მეტალურგთან თამაშის უფლება საბოლოოდ ვასილ მაისურაძის შეგირდებმა რომ მოიპოვეს. თავის მხრივ ბორჯომმაც მედგრად იბრძოლა. კლუბის ხელმძღვანელობა არსებულ შემადგენლობას თუ შეინარჩუნებს, ბორჯომი მომავალ უმაღლესში გადასვლის რეალური კანდიდატი იქნება.
გარკვეულ ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე ლოკომოტივი დაეუფლა და ეს უკვე მე-15 წუთზე გოლით დაგვირგვინდა. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ბორჯომელებმა ვერ გამოიტანეს, ამ სიტუაციაში ყველაზე კარგათ გიორგი კიკნაძე გაერკვა და ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ლოკომოტივი კვლავ აგრძელებდა უპირატესობის ფლობას, მაგრამ კონტრშეტევა გამოეპარა და ბორჯომმაც ანგარიში გაათანაბრა. ღირდალაძის პასის შემდეგ როსტიაშვილმა იდეალურად დაარტყა და ლოკომოტივის მეკარე ბაჩო მიქვამ (რომელიც შემდეგ მატჩის გმირი გახდება), ამ მომენტში რეაგირება ვერ მოასწრო – 1:1. 
თუმცა შესვაებაზე მაინც ლოკომოტივი გავიდა ლიდერის რანგში. კიკნაძის საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული მართალია, ბორჯომის მეკარე შოთა გოგიაშვილმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ კიკნაძემ ივარგა და ლოკომოტივი კიდევ ერთხელ დააწინაურა. გიორგი კიკნაძეზე აუცილებლად ცალკე უნდა ითქვას - მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ლოკომოტივმა ბორჯომს აჯობა, ორი გოლისა და საგოლე გადაცემის გარდა, მთელი შეხვედრის მანძილზე ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და აშკარაა, მისი სახით საკმაოდ კარგი ფეხბურთელი გვეზრდება. 
შეხვედრა რამდენიმე წუთის განახლებული იყო, როდესაც ბორჯომმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა. კუთხურიდან მუმლაძემ ჩააწოდა, საჯარიმოში კი ყველას ჩხარტიშვილმა აჯობა და ამპლუით ცენტრალურმა მცველმა საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა და ეს შეტევები უფრო მწვავედ ლოკომოტივს გამოსდიოდა, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. თამაშის ძირითადი დროის დასრულებამდე დაალოებით 15 წუთით ადრე კი ვასილ მაისურაძემ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი არაბიძე შეცვალა. მართალია, არაბიძე თავის თაობაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია და ნამდვილად შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში, მაგრამ ბორჯომის წინააღმდეგ თავის საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად ვერ ჩაატარა.
მაშინ, როდესაც ძირითადი დროის ამოწურვას ხუთი წუთი აკლდა და სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი დამატებითი დროის საყურებლად ემზადებოდა, ლოკომოტივმა კიდევ ერთხელ გაიტანა - კიკნაძის ბრწყინვალე პასის შემდეგ გავაშელიშვილმა თავისი შანსი გამოიყენა და სეზონში 45-ე (!) გოლი გაიტანა. ბორჯომის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი ფეხბურთელები არც ამჯერად გატყდნენ და კიდევ ერთხელ შეძლეს გათანაბრება. თავი შეცვლაზე შესულმა დავით კირვალიძემ გამოიჩინა, რომელსაც ბურთი მორიგი კუთხურის შემდეგ მიუვიდა და მანაც ძლიერი დარტყმით, შეხვედრა დამატებით დროში გადაივანა.
დამატებით დროში გუნდებს თითო აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდათ, ჯერ კობესაშვილის თავურის შემდეგ მიქავამ აკრობატულ ნახტომში მოიგერია ბურთი და იხსნა ლოკომოტივი. გავაშელიშვილის დარტმის შემდეგ კი გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ამჯერად უკვე ბორჯომის მეკარე შოთა გოგიაშვილმა გამოავლინა სასწაულებრივი რეაქცია.
საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად თერთემეტმეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელიც უკეთ ლოკომოტივის ფეხბურთელებმა შეასრულეს, მათ ოთხივეჯერ გაიტანეს, მიქავამ კი ბორჯომელებს ორი პენალტი აუღო და ახლა ლოკომოტივი უმაღლეს ლიგას რომ დაუბრუნდეს, 27 მაისს რუსთავის მეტალურგი უნდა დაამარცხოს.

პაატა ძნელაძე

ლოკომოტივი 3:3 ბორჯომი (პენალტები 4:2)

ლოკომოტივი 3:3 ბორჯომი (პენალტები 4:2)გოლები: კიკნაძე (2), გავაშელიშვილიპენალტები: გავაშელიშვილი, გაგნიძე, ჩიტეიშვილი, სულთანიშვილი

Posted by Fc Locomotive Tbilisi on Saturday, May 23, 2015