სიახლეები

ვიტესი პლეი ოფის ფინალშია

გაუზიარე

არნემის ვიტესმა ცვოლესთან 1:1 შინ ითამაშა და რადგან პირველი შეხვედრა სტუმრად 2:1 ჰქონდა მოგებული, ევროპის ლიგაზე გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. ვიტესიდან გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. განსაკუთრებული ეფექტების გარეშე გაისარჯნენ, ნორმალურ დონეზე. 

ვიტესის მორიგი ბარიერი ჰერენვენია, რომელსაც 28 მაისს გასვლაზე შეხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ - არნემში. და თუ ჰერენვენსაც სძლევს, ქართველების გუნდი ევროპის ლიგაზე გავა. თავის მხრივ, ჰერენვენმა ფეიენოორდი გამოთიშა: შინ 1:0, სტუმრად 2:2 (დამატებით დროში). 

იტალის სერია ა-ს ბოლოსწინა ტურში არ უთამაშია ლევან მჭედლიძეს. ის სათადარიგო იყო ემპოლი-სამპდორიას შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა. 

კვიპროსზე ბოლო ტური გაიმართა: უჩა ლობჟანიძის ომონიამ ბოლო ტურში 1:2 წააგო აპოლონთან და მეოთხე ადგილზე დარჩა, ანუ ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. ლობჟანიძემ სრულად ითამაშა. 

მეხუთეზე და ევროპის მიღმა დარჩა ანორთოსისი, რომლისთვისაც ბოლო ტური ისედაც არაფერს წყვეტდა. ანორთოსისმა აეკ ლარნაკასთან სტუმრად 0:2 წააგო. გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი მაისურაძე უკვე ვწერდით, რომ ტრავმა აქვს და მუხლზე ოპერაცია დასჭირდება.

ფინეთში კტპ-მ სტუმრად მოუგო იაროს და მეცხრეზეა. 90 წუთი ითამაშა კტპ-ის მარცხენა მცველმა გიორგი ოსიტაშვილმა.