სიახლეები

შაბათის ლეგიონი: ძალამიძე და კობახიძე გამოირჩნენ [ვიდეო]

გაუზიარე

პოლონეთის ექსტრაკლასაში მშვენიერი მატჩი ჩაატარა ნიკა ძალამიძემ, უფრო სწორად, მშვენიერი ტაიმი. ნიკამ იაგელონია-ვისლას შეხვედრაში (2:1) ბოლო წუთებზე ჯერ საგოლე პასი მიითვალა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა, ტექნიკური დარტყმით ხარიხას მოარტყა და დამატებაზე პავლოვსკიმ შეაგდო. დიახ, იაგელონია 87-ე წუთამდე აგებდა და მოიგო, მესამე ადგილზეა და ჩემპიონობის შანსი კიდევ აქვს. წინ სამი ტური დარჩა.  

უკრაინაში სანდრო კობახიძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. ლუცკის ვოლინმა სტუმრად 3:1 მოუგო დონეცკის მეტალურგს, ქართველმა ფლანგელმა კი 75-ე წუთზე გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა: მარცხნიდან გაუკეთეს პასი და თითქმის კარის ხაზიდან შეაგდო, მცველს დაასწრო. სანდრომ შეუცვლელად ითამაშა, გოლი კი სეზონში მისთვის მეექვსე იყო. ვოლინი მექვსე ადგილზეა. 

დნიპრომ დონეცკის შახტარს ჯაბა კანკავას გარეშე სძლია - 3:2. დნიპროს ახლა უკრაინული პრემიერლიგისთვის არ სცალია, 27 მაისს ევროპის ლიგის ფინალი აქვს სათამაშო და წამყვან ფეხბურთელებს ასვენებს. კანკავას გუნდი ქვეყნის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.   

თურქეთში ქასიმფაშამ მორიგი უხვგოლიანი მატჩი ჩაატარა: შინ 3:3 ერჩიესფორთან. ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა. ქასიმფაშა მეთორმეტე ადგილზეა.   

დანიის პირველ ლიგაში ორჰუსმა გასვლაზე 1:1 ითამაშა სკივესთან, მეორე ადგილზეა და ფაქტობრივად, გადასულია უმაღლესში. ორჰუსის სასტარტოში ორი ქართველი იყო: მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე. ვაწაძე გასაკვირი არაა, აი, სხირტლაძე კი კარგა ხანია, თერთმეტეულში არ ჰყოლიათ. დავითმა 73-ე წუთამდე ითამაშა და კიმ ობეხს სწორედ მან გაუკეთა საგოლე პასი. გასატანი ორივე ქართველს ჰქონდა, მაგრამ ვერ მოახერხეს. რაც შეეხება ორჰუსის მესამე ქართველ დავით დევდარიანს, მას წელის ტრავმამ არა და არ გაუარა. 

ჩეხეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში მოიგო ლევან ყენიას სლავიამ. პრაღელებმა სტუმრად 1:0 აჯობეს ერთ-ერთ აუტსაიდერ ჰრადეც კრალოვეს, ყენიამ კი მე-60 წუთამდე ითამაშა. სლავია მეათე ადგილზეა. 

პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ბოლო ტური გაიმართა და უკვე გავარდნილმა ჟილ ვისენტემ შინ 0:2 წააგო ბელენენსეშთან. ჟილ ვისენტეში 70 წუთი ითამაშა ავთო ებრალიძემ. ებრალიძის რომელიმე კლუბში გადასვლაზე ჯერ არაფერი ისმის: ფეხბურთელი წინადებებს ელის. 

გერმანიის მესამე ლიგაში ბოლო ტური გაიმართა და ლუკა ჰუფნაგელის უნტერჰახინგი გავარდა. ბავარიულმა კლუბმა ერფურტში 0:1 წააგო და ბოლოდან მეორე ადგილზე გავიდა. ჰუფნაგელმა შეუცვლელად ითამაშა და დიდი ალბათობით, ეს მისი ბოლო მატჩი იყო უნტერჰახინგში: ჰუფნაგელი მეორე ბუნდესლიგის გუნდებს სურთ, მაგრამ სახელები ჯერ არ კონკრეტდება. 

აკაკი გოგიამაც ბოლო მატჩი ჩაატარა ჰალეშერში და ინგლისის ჩემპიონშიფის ბრენტფორდში გააგრძლებს კარიერას. გოგიას ჰალეშერმა მესამე ბუნდესლიგის ბოლო ტურში ოსნაბრიუკთან სტუმრად წააგო (0:2) და ოც გუნდს შორის, მეათეზე გავიდა. 

უნგრეთში დიორმა შინ 3:0 სძლია პეჩის და მერვე ადგილზეა ბოლო ტურის წინ. გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს: გოლი არ გაუტანია. ნირედიჰაზამ კი შინ 1:2 წააგო დუნაივაროშთან და მეთორმეტე პოზიციაზეა. ნირედიჰაზას თერთმეტეულში გახლდათ ზურაბ არზიანი და 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი დავით დარციმელია სათადარიგო იყო. 

რუსეთში მოსკოვის სპარტაკი მთლად წყალწაღებული გახდა, ზედიზედ აგებს თამაშებს და თანაც, აუტსაიდერთა წარმომადგენლებთან. ამჯერად შინ უფასთან 1:2 დამარცხდა და მეექვსე ადგილზეა. ჯანო ანანიძე გამოჩნდა მინდორზე, მაგრამ მხოლოდ ბოლო 20 წუთით. 

რუმინეთში გიორგი ჭანტურიას კლუჟს დაკლებული 24 ქულა დაუბრუნეს. ტრანსილვანიური კლუბი ფინანსური დარღვევების გამო იყო დასჯილი და ბოლოდან მესამე ადგილზე იყო, ახლა კი, როცა ქულები დაუბრუნეს, მესამე პოზიციაზეა და ევროპის ლიგაზეც გავა. ისედაც, კლუჟი ბოლო ტურებში მიჯრით იგებს და ამჯერად ბუქარესტის რაპიდს 2:1 სძლიეს. ჭანტურია მე-80 წუთზე შეიყვანეს მინდორზე.     

ილია ნანობაშვილი