სიახლეები

არაბიძე 5 ივნისიდან შახტარში

გაუზიარე

17 წლის გარემარბი გიორგი არაბიძე 5 ივნისს უკვე დონეცკის შახტარში იქნება, კერძოდ, შახტარის 19-წლამდელთა გუნდში: ეს საკითხი გადაწყვეტილია. თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი ჯერ კიდევ თებერვალში იყო შახტარის ახალგაზრდულში, იქ მწვრთნელებს თავი მოაწონა და გადაწყდა, რომ სეზონს საქართველოში დაასრულებდა, შახტარს კი ივნისში შეუერთდებოდა. 

ლოკომოტივს სურდა, რომ არაბიძე ივნისამდე დაეტოვებინა, რათა ფეხბურთელი უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დახმარებოდა. როგორც იცით, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი ლოკომოტივი პირველი ლიგის ა ზონაში მეორე ადგილზე გავიდა და ბ ზონის მეორეადგილოსან ბორჯომს შეხვდება, თუ მოიგებს, მერე უმაღლესი ლიგის ბოლოდან მესამესთან მოუწევს გადამწყვეტი მატჩი. 

არაბიძემ სეზონი 13 გოლით (16 მატჩში) დაასრულა: ბოლო ტურში, ადელთან 8:0 მოგებულ შეხვედრაში პოკერი შეასრულა და საერთოდაც, ახალ თაობაში ის გამორჩეულთაგანია: ცაცია, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან უტევს და ძლიერი, დაყენებული დარტყმა აქვს.     

ერთიც: არაბიძე შახტარის 19-წლამდელთა იმ გუნდში ითამაშებს, რომელიც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში მიიღებს მონაწილეობას. 

ილია ნანობაშვილი