სიახლეები

დაუშვილს უკრაინაში ლეგიონერად აღარ თვლიან

გაუზიარე
ლვოვის კარპატის ნახევარმცველს ბუბა დაუშვილს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს, თანაც, ლვოველებიც ახალ კონტრაქტს სთავაზობენ. ყოველივე ამის შესახებ თავად ფეხბურთელისგან შეიტყობთ.

ბოლო ტურში კარგ ფორმაში მყოფ ზორიას სტუმრად 1:1 ეთამაშეთ და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეთ. თუმცა, როგორც უკრაინული პრესა წერდა, კარპატის ფეხბურთელები აშკარად უხეშობდნენო, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ თქვენი გუნდის ექვსმა ფეხბურთელმა და მათ შორის შენც ყვითელი ბარათი მიიღეთ.

ვერ ვიტყვი, რომ ზედმეტად ვუხეშობდით, უბრალოდ, უკრაინის ჩემპიონატისთვის დამახასიათებელი ხისტი თამაში იყო. ზორია მეოთხე ადგილისთვის იბრძვის და მხოლოდ გამარჯვება სურდა, თუმცა კონტრშეტევებზე უფრო ყურადღებით რომ ვყოფილიყავით, მოგებაც შეგვეძლო. თუმცა არც ქულით დავრჩენილვართ უკმაყოფილოები.

ტრავმის გამო საკმაო დრო გაგიცდა, უკვე სრული დატვირთვით თამაშობ?

ტრავმამ დაახლოებით ორ თვეზე მეტი წამართვა. ახლა გაცილებით უკეთ ვარ და თამაშისას არანაირი პრობლემა არ მაქვს.   

უკრაინის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა. როგორ ფიქრობ, შეძლებთ ადგილის შენარჩუნებას?

გასავარდნ ზონას სამი ქულით გვაშორებს და ბოლო ორ ტურში არ უნდა დავუშვათ, რომ ილიჩევეცმა გაგვასწროს. კარპატი ტრადიციული გუნდია და უკრაინულ პრემიერლიგაში უნდა თამაშობდეს. არადა, რომ არა დაკლებული 9 ქულა, ახლა სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვიქნებოდით.

კარპატიში ერთადერთი ლეგიონერი ხარ. ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?

არა, რა დისკომფორტზეა საუბარი, როცა აქ მეხუმრებიან, შენ ჩვენთვის ლეგიონერი არ ხარო. კარპატიში ისეთი გარემოა, ამ გუნდის დატოვება ნამდვილად მენანება.

ადრე თქვი, რომ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კარპატის დატოვებას აპირებდი.

მართალია, კლუბის ხელმძღვანელობა კონტრაქტის გახანგრძლივებას მთავაზობს, მაგრამ, სავარაუდოდ, მაინც წავალ. კარპატიში წლებია, ვთამაშობ და ვფიქრობ, სხვა დონეზე თამაშის დრო მოვიდა.

რეალური შეთავაზებები თუ გაქვს?

შვეიცარიულ გუნდებზე, ლუცერნსა და სენტ გალენზეა საუბარი. რუსული პრემიერლიგის რამდენიმე კლუბის ინტერესიცაა, მაგრამ ყველაფერი ჩემპიონატის ბოლოს გაირკვევა.

საქართველოს ნაკრებს ივნისში ორი შეხვედრა ელის. ჯერ უკრაინელებს ვეთამაშებით ამხანაგურად, შემდეგ კი პოლონელებს ვესტუმრებით.

როცა საქმე ნაკრებს ეხება, ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, ოფიციალურიც და ამხანაგურიც. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლონელებისთვის თითოეული ქულა შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, პოლონელებთან შანსი გვექნება.

კახა ცხადაძის ნაკრების სათავეში მოსვლით რა შეიცვალა ეროვნულ გუნდში?

ბუნებრივია, ყველა ახალ მწვრთნელს გარკვეული სიახლეები მოაქვს. ცხადაძის ხელმძღვანელობით ნაკრებმა სცადა, უფრო მეტად ეკონტროლებინა ბურთი და, სავარაუდოდ, სიახლეები მომდევნო შეხვედრებშიც იქნება.

პაატა ძნელაძე