სიახლეები

კაჭარავა მესის ელის

გაუზიარე
ნიკა კაჭარავამ, ახალი თაობის ფორვარდებს შორის ერთ-ერთმა გამორჩეულმა, ბოლო ტურში რუსთავის მეტალურგს სამჯერ გაუტანა და ცხინვალის გამარჯვებაში თავისი და დიდი წილი დაიდო. 

გილოცავ სამი გოლი გატანას, თანაც, ეს შენს კარიერაში პირველი ჰეთ თრიქია.

კი, ასეა, ერთ შეხვედრაში სამი გოლი პირველად გავიტანე. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც გოლები გაგაქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მორიგი შეხვედრა მოვიგეთ. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომ არა ისინი, ბუნებრივია, შედეგიანად თამაში ძალიან გამიჭირდებოდა.

მიმდინარე სეზონში უკვე 11 გოლი გაიტანე, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.

უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ვატარებ და ამის გათვალისწინებით, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ტრავმებმა საკმაოდ ბევრი დრო წამართვა, არადა, შემეძლო, ჩემს გუნდს უფრო მეტი გოლით შევშველებოდი, მაგრამ ეს ფეხბურთია და ტრავმისგან დაზღვეული არავინაა.

სანამ საქართველოს ჩემპიონატზე განვაგრძობთ საუბარს, რუბინში გატარებულ პერიოდს გაგახსენებ _ რატომ წამოხვედი რუსული პრემიერლიგის ერთერთი საუკეთესო გუნდიდან?

თავიდან ყველაფერი კარგათ მიდიოდა, მთავარი მწვრთნელი ყურბან ბერდიევიც კარგი თვალით მიყურებდა და პირველ გუნდსაც მაჩვევდა ნელ-ნელა, მაგრამ შემდეგ საზარდულის ტრავმის გამო გარკვეული დრო დამჭირდა სამკურნალოდ, ამასობაში კი მწვრთნელი შეიცვალა და რუბინის დუბლებში თამაშს საქართველოში დაბრუნება ვამჯობინე, თუმცა ფაქტია, რომ ყაზანში გატარებულმა პერიოდმა ბევრი რამ შემძინა.

ჩემპიონატის სტარტზე ცხინვალის ლიდერთა შორის ყოფნას არავინ ფიქრობდა, ახლა კი გუნდს ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი აქვს.

სეზონი მართლაც წარმატებული გამოდგა, მთავარი კი ისაა, რომ გამოჩნდა _ ამ შემადგენლობას პერსპექტივა აქვს. თასის ფინალში დინამომ სამტრედიას თუ მოუგო, ევროსაგზურს მოვიპოვებთ, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, მომდევნო სეზონში უფრო მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებთ. ერთადერთი, რაც ამ ჩემპიონატში ცხინვალს აკლდა, იყო ის, რომ გამოცდილება არ გვქონდა. რამდენიმე ფეხბურთელი ჩემსავით პირველ სეზონს ატარებს უმაღლეს ლიგაში. მომდევნო ჩემპიონატში ანალოგიური პრობლემა აღარ გვექნება.

ბევრ ისეთ შეხვედრაში დაკარგეთ ქულები, ფავორიტად რომ მიიჩნეოდით.

ეს ისევ და ისევ გამოუცდელობის ბრალია, სამაგიეროდ, ლიდერებს ავართვით ქულები. მოვუგეთ დინამოს, სამტრედიას, ბათუმის დინამოს სტუმრად ვაჯობეთ. 

გუნდის მთავარი მწვრთნელი მამაშენი, კახა კაჭარავაა და თამაშებზე აშკარად ჩანს, რომ შენ მიმართ განსაკუთრებულად მომთხოვნია.

ვარჯიშებზე და თამაშებზე ის, უბრალოდ, ჩემი მწვრთნელია და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ჩემგანაც და სხვა ფეხბურთელებისგანაც ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს და და ისიც კარგად ვიცი, თუ ბოლომდე არ დავიხარჯები, თამაშის საშუალება არ მექნება.

როგორ ფიქრობ, რა არის შენი პლუსი და პირიქით, ყველაზე მეტი სამუშაო რაზე გჭირდება?

ყველაზე მეტად გამძლეობაზე მაქვს სამუშაო, რაც უნდა იყოს, ეს ჩემთვის პირველი სეზონია უმაღლესში და ცოტა არ იყოს, ფიზიკურად მიჭირს, მაგრამ მჯერა, ამ პრობლემას მოევლება. პლუსზე კი, აბა, რა გითხრათ, ალბათ, მაინც თავით თამაში და საჯარიმოში თავისუფალი სივრცეების მოძებნა.

ისიც სათქმელია, რომ მსაჯებთან კამათს ბევრ დროს უთმობ.

ფეხბურთი ემოციური სპორტია და ხანდახან გვიჭირს თავის შეკავება, თანაც, ჩემი აზრით, მსაჯების გამო ბევრი ქულა დავკარგეთ. რა თქმა უნდა, ამას განგებ არ აკეთებენ, შეცდომისგან ხომ არც მსაჯია დაზღვეული და არც ფეხბურთელი.

ადრე სისტემატურად თამაშობდი ასაკობრივ ნაკრებებში, ახლა კი ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი ხარ.

ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად თურქეთში წამიყვანა, სადაც ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ნაკრებში ნამდვილი პროფესიონალური სიტუაციაა. მომდევნო შესარჩევს სან მარინოსთან გასვლითი თამაშით ვიწყებთ, მართალია, ჩვენი მეტოქე გრანდი არ არის, მაგრამ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. შემადგენლობა ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც ჩვენგან მოედანზე გავა, ყველაფერს გააკეთებს სამი ქულის მოსაპოვებლად. დავძენ იმასაც, რომ ძალიან სასიამოვნოა ისეთ პიროვნებასთან და მწვრთნელთან მუშაობა, როგორიც ალექსანდრე ჩივაძეა.

არის ფესბურთელი, რომელსაც ბაძავ? და რომელ ნაკრებს და კლუბს გულშემატკივრობ?

მიბაძვით არავის ვბაძავ, მესიზე მაგარი ფეხბურთელი კი არ მეგულება. ვგულშემატკივრობ მხოლოდ საქართველოს ნაკრებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე საყვარელი ნაკრები არ მყავს, ვქომაგობ იმას, ვინც კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.

ანუ იმედი გაქვს, რომ 11 აგვისტოს თბილისში მესის იხილავ?

მაგის იმედი მარტო მე კი არა, ფეხბურთის უამრავ გულშემატკივარს აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი საფეხბურთო ზეიმი გველოდებაკა, მაგრამ ამ ზეიმს მესი ძალიან გაალამაზებს.

პაატა ძნელაძე