სიახლეები

ლევან ყენია: ლამაზი გოლი ორმაგად სასიხარულოა

გაუზიარე

თვალს სიამოვნებს ისეთი გოლები, როგორიც ლევან ყენიამ კვირას ჩეხური სლავიას მაისურით გაიტანა. 24 წლის ქართველმა შემტევმა პრაღულ დერბიში, დუკლასთან პატარა წარმოდგენა დადგა. აღარ აღვწერთ, რადგან დარწმუნებულნი ვართ, ქომაგები ნახავდნენ ამ გოლს. რა თქმა უნდა, ყენია ჯერ ისეთ ფორმაში ვერაა, შალკეში რომ იყო, მაგრამ მაინც იმედიანად ვართ: სადაც ამდენ ტრავმას სძლია, წესით, კარიერის კარგად აწყობა აღარ უნდა გაუჭირდეს. 

მხოლოდ ჩეხეთის ჩემპიონატის მატჩები რომ ავიღოთ, ეს ყენიას მეორე გოლი იყო. პირველიც მშვენიერი გახლდათ, მლადა ბოლესლავს 27-30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმით რომ გაუტანა. 

ლევანს ჩეხეთში დავუკავშირდით.

დუკლასთან გატანილ გოლს კარიერაში საუკეთესოდ მიიჩნევ?

ალბათ, კი. ჩეხეთშიც ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა. გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ლამაზ გოლს რომ გაიტან, ორმაგად გიხარია. 

ეს გოლი ძალიან ჰგავდა შალკეში გატანილს: მაშინ გერმანიის თასზე შეაგდე. შენი ხედვით, რა განსხვავება იყო ამ ორ გოლს შორის? 

განსხვავება ის იყო, რომ გუშინდელი გოლი ცოტა უფრო ლამაზი იყო და შესასრულებლად ცოტა რთულიც. 

დუკლასთან გატანილი გოლი ვის მიუძღვენი? 

ყოველთვის ჩემს უახლოეს ადამიანებს ვუძღვნი: დედას, მამას, მეუღლეს, შვილებს, მეგობრებს. განსაკუთრებით კი იმ მეგობარს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. 

როგორც ვიცით, წვერიც ამიტომ გქონდა მოშვებული. 

დიახ, ასეა. 

მეორე ტაიმში თითქმის მუდმივად გცვლიან. ეს დაღლილობის ბრალია თუ მწვრთნელის ჩანაფიქრი? 

დაღლილობა მეორე ტაიმში ყველას ეტყობა. კონკრეტულად დუკლასთან ნამდვილად შემეძლო, 90 წუთი მეთამაშა, მაგრამ მწვრთნელმა საჭიროდ ჩათვალა, რომ 70-ე წუთზე გამოვეცვალე. 

სლავია-დუკლას დერბისთვის დამახასიათებელი დაძაბულობა თუ ახლავს? სხვანაირი მოლოდინი იყო ამ თამაშის წინ? 

დაძაბულობა გარკვეულწილად ახლავს, მაგრამ მთავარი დერბი მაინც სპარტა-სლავიაა. 

ჩეხეთის ჩემპიონატის სპეციფიკა როგორია? თამაშისას უფრო რაზე კეთდება აქცენტი?  

უკრაინის პრემიერლიგას წააგავს. აქცენტი ორთაბრძოლებზე და მაღალ გადაცემებზე კეთდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ტექნიკური ფეხბურთელებიც ფასობენ. 

სლავიაში მომდევნო სეზონშიც რჩები თუ წასვლაზე ფიქრობ? 

ვნახოთ. აქ კიდევ ერთი წელი მაქვს კონტრაქტი. ძალიან მომწონს ჩეხეთში თამაში და ცხოვრებაც, კარგი გარემოა. 

სლავია ტრადიციული და ტიტულოვანი კლუბია. რატომ არის ცხრილში ასე ქვემოთ? 

წლეულს სხვა მიზენები გვქონდა, ევროტურნირებზე გვინდოდა გასვლა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ვნახოთ, მომდევნო სეზონში რა როგორ იქნება. მთავარია შრომა და ჯანმრთელობა, დანარჩენი კი მიიღწევა. სლავია ცუდი გუნდი არაა, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხეთ ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა. 

პირადად შენი თამაშით რამდენად ხარ კმაყოფილი? ბევრი გიკლია სასურველ ფორმამდე? 

ყოველთვის შეიძლება, თამაში გააუმჯობესო. ვგრძნობ, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ბოლომდე დავიბრუნე ფორმა. ახლა რაც მინდა, ტრავმამდე რა კონდიციაშიც ვიყავი, ისე ავთამაშდე _ შემეძლო ყველა ორთაბრძოლის მოგება, წინ და უკან სირბილი, ბევრი აგრესია. ეს კომპონენტებია, რისი გაუმჯობესებაც მსურს. 

წინ ორი სანაკრებო მატჩია: 8 ივნისს უკრაინასთან ამხანაგური და 13 ივნისს პოლონეთთან ევროშესარჩევი. როგორი მოლოდინი გაქვს, რას ელი ამ თამაშებში? 

ჩემთვის ნაკრებში ყველა თამაში განსაკუთრებულია. წინა ორმა მატჩმა კარგი განცდები დამიტოვა. ძალიან მინდა, რომ ნაკრები წარმატებულად გამოვიდეს და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. 

პოლონელ ფეხბურთელებს თუ იცნობ ბუნდესლიგიდან? 

ლევერკუზენის მცველი სებასტიან ბიონიში ჩემი მეგობარია. მანამდე შალკეშიც იყო და ვერდერშიც. თუმცა ბიონიშს ბოლო დროს ნაკრებში აღარ იძახებენ. 

ილია ნანობაშვილი