სიახლეები

ვიტ ჯორჯია ბოლო აღარაა

გაუზიარე

17 მაისი. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 200 მაყურებელი.

ვიტ ჯორჯია- კოლხეთი 1:0

1:0 კახაბრიშვილი (63)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, დანელია, ლებანიძე, გახარია (მერაბიშვილი 90), კურდღელაშვილი (ბუნტური 85), კახაბრიშვილი, მაისურაძე, ლობჯანიძე

სათადარიგოები: ისერგიშვილი, დემეტრაშვილი, ვაზაგაშვილი, დადიანი, ხვისტანი.

მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

კოლხეთი: სეფიაშვილი, თ. კაკულია (გუგუშვილი 76), ლ. კაკულია (ქორჩილავა 65), თევზაძე, ჩადუნელი, გიგაური, ამბროლაძე (სარსანია 85), ჩაკვეტაძე, გურეშიძე, ჟიშკარიანი, ჯიქია

სათადარიგოები: ძაგანია, ბარამიძე

მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

გაფრთხილება: კურდღელაშვილი (57), ლ. კაკულია (60), კალანდია (74)

მსაჯი: ბაკურ ნინუა

გუშინ "მცხეთა პარკზე" ვიტ ჯორჯიამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო და უძლიერესთა რიგებში დარჩენის შანსი საგრძნობლად გაიუმჯობესა. კოლხეთს კი უკვე კარგა ხანია განაღდებული აქვს უმაღლეს ლიგაში დარჩენა. სანამ უშუალოდ თამაშზე გადავალთ, მოგახსენებთ, რომ შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე და ახლგაზრდული ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე. 

მასპინძლებს კვლავ ვერ დაეხმარა ერთ-ერთი ლიდერი მარჯვენაფლანგელი ლუკა თათხაშვილი, მაგრამ ეს რა მოსატანია კოლხეთის დანაკლისთან. სხვადასხვა მიზეზით ფოთელებს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი: შენგელია, ლემონჯავა, კილასონია, გოგონაია, სიჭინავა აკლდა.

მასპინძლები თავიდანვე ცდილობდნენ ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ისინი ზედმეტად ნერვიულობდნენ და ეს ეტყობოდა კიდეც მათ მოქმედებას. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ლობჯანიძეს შეექმნა, მაგრამ საბაძის სახიფათოდ ჩაწოდებული, მართალია, კარისკენ გადაგზავნა, მაგრამ ეს იმდენად სუსტად გამოუვიდა, რომ კოლხეთის მეკარე სეფიაშვილს პრობლემა არ შექმნია. ცოტა ხანში, მასპინძლებმა საკმაოდ ორგინალურად გაითამაშეს ჯარიმა, მაგრამ ლობჯანიძის საბოლოო პასი არაზუსტი გამოდგა, არადა უმჯობესი იქნებოდა ამ მომენტში მასპინძელთა ფორვარდს პირდაპირ კარში დაერტყა. შემდეგი სახიფათო მომენტი, უკვე კოლხეთმა შექმნა. გურეშიძეს თავისი ყოფილი გუნდის კარში შეეძლო გატანა, მაგრამ ბესიკ შეროზიამ აკრობატულ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. ტაიმის მიწურილს კი კვლავ სტუმართა საჯარიმოში დაიძაბა სიტუაცია, მაგრამ ჯერ შეტევაში ჩასულმა ცენტრალურმა მცველმა კალანდიამ, შემდეგ კი ლობჯანიძემ თავით ზუსტად ვერ დაარტყეს.

მეორე ტაიმში ვიტ ჯორჯიამ უფრო დიდი ძალით შეუტია და ეს, საბოლოოდ,კახა კახაბრიშვილის გამარჯვების გოლით დასრულდა. საბაძის მშვენიერი პასის შემდეგ კახაბრიშვილმა დაბალ კუთხეში გადაგზავნა ბურთი, კოკა სეფიაშვილს ამ ეპიზოდში კოლხეთის გადარჩენის შანსი არ ქონდა.

რამდენიმე წუთში კი სეფიაშვილმა ბრწყინალედ ითამაშა, როდესაც ერთ შეტევაში ორჯერ იხსნა თავისი გუნდი გოლისგან. ჯერ ლობჯანიძეს ახლო მანძილიდან დარტყმულზე გამოავლინა სასწაულებრივი რეაქცია, დამატებაზე კი იქვე გახარიას აუღო არანაკლებ რთული ბურთი.

დარჩენილ დროში კოლხეთი ბევრს ეცადა, მაგრამ გოლთან უფრო ახლოს მასპინძლები იყვნენ, თუმცა კახაბრიშვილის და მაისურაძის დარტყმებს სიზუსტ აკლდათ.

ამ მოგების შემდეგ, ვიტ ჯორჯიას 26 ქულა დაუგროვდა და გუნდმა საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლის ფასად, როგორც იქნა, თავი დააღწია ბოლო ადგილს. თენგიზ კობიაშვილის გუნდი ახლა მე-14 ადგილზეა და ბოლო ტურში უკვე მოქმედ ჩემპიონს გორის დილას ესტუმრება. სავარუდოა ვიტ ჯორჯიასთვის სეზონი გორში არ დასრულდება და გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩენას პლეი ოფში შეეცდება. ფოთელები კი ჩემპიონატს ცხინვალთან საშინაო შეხვედრით დაამთვრებს.

პაატა ძნელაძე