სიახლეები

ყენია და კობახიძე – გოლები და რა გოლები... [ვიდეო]

გაუზიარე

ლევან ყენიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა პრაღულ დერბიში. სლავია-დუკლა 2:0 დასრულდა, ქართველმა შემტევმა კი 36-ე წუთზე გახსნა ანგარიში: მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ორ მეტოქეს შორის გაირბინა და დაახლოებით 25 მეტრიდან აუღებელი დაარტყა – ბურთი ხარიხიდან ასხლეტით შევარდა კარში. 

ყენია ძალიან აქტიური იყო, ხშირად აწუხებდა დუკლას დაცვას. მან გაფრთხილებაც მიიღო, 70-ე წუთზე კი შეცვალეს. სლავია მეცამეტე ადგილზეა, თუმცა გავარდნა არ ემუქრება. ლევანის გუნდი მერვეადგილოსანს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. 

უკრაინულ პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა სანდრო კობახიძემ. მისმა ვოლინმა 4:2 სძლია ჰოვერლას, სანდრომ კი მე-7 წუთზე მშვენიერი გოლით გახსნა ანგარიში: საჯარიმოს გარედან ცაცია ფლანგელმა მარჯვენა ფეხით ისეთი დაარტყა, მეკარეს ნახტომმა ვერ უშველა. 

სანდრომ შეუცვლელად ითამაშა, საუკეთესო იყო გუნდში და კიდევ ერთ გოლში მიიღო აქტიური მონაწილეობა. ვოლინი მეშვიდე ადგილზეა. 

დნიპრომ კიევის დინამოსთან 0:1 წააგო და მესამე ადგილზე დარჩა. ჯაბა კანკავამ პირველ ტაიმში ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს. დნიპროს ახლა სხვა საფიქრალი აქვს: სევილიასთან ევროპის ლიგის ფინალი, რომელიც 27 მაისს გაიმართება. 

ჰოლანდიაში ბოლო ტური გაიმართა და ვიტესმა შინ 3:3 ითამაშა უტრეხტთან, მეხუთე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგაზე გასასვლელ ფლეი-ოფში მოუწევს ჭიდილი: იქ ფეიენოორდი, ვიტესი, ზვოლე და ჰერენვენი გაითამაშებენ ერთ საგზურს. გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა უტრეხტთან შეუცვლელად ითამაშეს, თუმცა გოლი, ან საგოლე პასი არ მიუთვლიათ. 

იტალიის სერია ა-ში ემპოლიმ ვერონასთან გასვლაზე 1:2 წააგო და მეთორმეტე პოზიციაზეა. ლევან მჭედლიძემ ბოლო 20 წუთი გაატარა მინდორზე. 

რუსულ პრემიერლიგაში მოსკოვის სპარტაკმა შინ 0:4 წააგო ცსკა-სთან და მეექვსე საფეხურზე დარჩა. სპარტაკელთა სათადარიგოთა სკამზე გახლდათ ჯანო ანანიძე და მინდორზე არ შეუყვანიათ. ანანიძე არა, მაგრამ სპარტაკში სხვა ქართველი გამოჩნდა: ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა 18 წლის ნახევარმცველ გიორგი მელქაძეს, ის 59-ე წუთზე შეცვლაზე შეიყვანეს. 

მელქაძე რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებშია ნათამაშევი. სპარტაკელთა მწვრთნელმა მურატ იაკინმა შეაქო, მოედნის კარგი ხედვა აქვს და პირველი გუნდის ვარჯიშზე რომ მოვიწვიეთ, აშკარად კარგად გამოიყურებოდა, გოლიც კი გაიტანაო. 

კვიპროსზე, ზედა ექვსეულის მატჩში ომონიამ 7:1 გაანადგურა ერმისი და მესამე ადგილზეა. ომონიას მცველი უჩა ლობჟანიძე 69-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ამ დროს ანგარიში 4:1 იყო. კვიპროსზე ერთი ტური დარჩა გასამართი. 

ფინეთში ირაკლი სირბილაძემ კუპს-ინტერის მატჩში (1:1) ბოლო 25 წუთი ითამაშა. ქართველი ფორვარდი ყოფილ გუნდს უპირისპირდებოდა. ასევე ფინეთში, გიორგი ოსიტაშვილმა ითამაშა: კტპ-ის მარცხენა მცველი სიკ-თან (0:0) 64-ე წუთზე შევიდა მინდორზე. 12-გუნდიან ჩემპიონატში კუპს-ი მეექვსეა, ხოლო კტპ მეცხრეზე. 

უნგრეთში დიორმა სტუმრად 1:4 წააგო დიოშდიორთან და მეათე პოზიციაზეა. დიორელთა ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ მეორე ტაიმში სრულად ითამაშა. 

პოლონურ ექსტრაკლასაში იაგელონიამ პოზნანის ლეხს სტუმრად 3:1 აჯობა. საინტერესოა, რომ ნიკა ძალამიძე 57-ე წუთზე შევიდა მინდორზე და ამ დროს იაგელონია აგებდა, მაგრამ თამაშის ბედი შემოტრიალდა და  ამაში ქართველმა ნახევარმცველმაც დიდი წვლილი შეიტანა. მან ერთი საგოლე პასი გააკეთა და მთლიანობაში, საკმაოდ აქტიური იყო. რაც შეეხება ძალამიძის თანაგუნდელ გიორგი ფოფხაძეს, ის განაცხადში გახლდათ, თუმცა თამაშის საშუალება არ მისცემია. 

იაგელონია მესამე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერს, ასე რომ, ჩემპიონობის შანსი აქვს. 

პორტუგალიის უმაღლესი ლიგიდან გავარდა ავთო ებრალიძის ჟილ ვისენტე. ბოლოსწინა ტურში ჟილ ვისენტემ სტუმრად 1:2 წააგო პენაფიელთან და ყველანაირი იმედი გადაეწურა, რადგან ერთი ტური დარჩა და მარიტიმუს 5 ქულით ჩამორჩა. ებრალიძეს პენაფიელთან არ უთამაშია – სათადარიგო იყო. 

ილია ნანობაშვილი

ლევან ყენიას გოლი

ალექსანდრე კობახიძის გოლი