სიახლეები

კახა ცხადაძე: ქედს ვიხრი ფეხბურთელების წინაშე

გაუზიარე

თურქეთში ქასიმფაშამ გასვლაზე 1:1 ითამაშა სივასპორთან და მეთერთმეტე ადგილზეა. ლაშა დვალი ამჯერად შეცვლაზე შევიდა, 50-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. ამ დროს ანგარიში 0:0 იყო. როგორც იცით, დვალი ინგლისურ რედინგს ეკუთვნის და ზაფხულში სად გაგრძელებს კარიერას, ჯერ უცნობია, კვლავაც შანსია, ქასიმფაშამ ქართველი მცველი გამოისყიდოს. 

უკრაინულ პრემიერლიგაში ზორია-კარპატი 1:1 დასრულდა. ლუგანსკელთა შორის ბოლო 35 წუთი გაისარჯა ჯაბა ლიპარტია, ხოლო ლვოველთაგან ბუბა დაუშვილმა შუცვლელად ითამაშა. ზორია მეოთხე ადგილზეა და ევროპის ლიგის საგზური თითქმის მოპოვებული აქვს, ხოლო კარპატი ბოლოსწინა პოზიციაზეა. 

აზერბაიჯანში ჩემპიონის ვინაობა გაირკვა: ყარაბაღმა თავისი მატჩი მოიგო, ხოლო ინტერმა სტუმრად 1:1 დაასრულა გაბალასთან. კახა ცხადაძის გაწვრთნილები მეორე ადგილზე გავიდნენ. ინტერში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლომაიამ და ალეკო ამისულაშვილმა, ხოლო ბაჩანა ცხადაძე 70-ე წუთამდე იყო მინდორზე. 

კახა ცხადაძემ ნამატჩევს ჩემპიონობა მიულოცა ყარაბაღს, ხოლო თავისი გუნდის ფეხბურთელებზე ეს თქვა: 

“ქედს ვიხრი მათ წინაშე. მიუხედავად ამდენი პრობლემებისა, ბევრი მატჩი მოიგეს და ჩემს თვალში გმირები არიან”. 

ასევე პრობლემებით სავსე სიმურგმა, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, ბაკის 1:0 სძლია და მეხუთე პოზიციაზეა. სიმურგიდან არაერთი ფეხბურთელი წავიდა, რადგან ხელფასს ვერ იღებდნენ. ჩიხრაძემ მათ მადლობა გადაუხადა და კარიერაში წარმატება უსურვა. 

კვიპროსზე ანორთოსისმა შინ 3:1 სძლია აპოლონს და მეხუთე ადგილზეა. ირაკლი მაისურაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო გიორგი აბურჯანიას ოთხი ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ეს შეხვედრა გამოტოვა. ამ ეტაპზე რაც ცნობილია: მაისურაძე ერთი წლით კიდევ დარჩება გუნდში, აბურჯანიას საკითხი კი ღიადაა – ფეხბურთელს სხვა შემოთავაზებებიც აქვს და ახალ კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მოუწერია. 

კვიპროსზევე, ქვედა ექვსეულში ნეა სალამისმა დოქსა 6:0 გაანადგურა, თუმცა გამარჯვებულთა შორის ქართველები არ გამოჩენილან: გიორგი პაპავა სათადარიგო იყო, ხოლო შოთა გრიგალაშვილს კვლავ ტრავმა აქვს. ნეა სალამისს უმაღლეს ლიგაში დარჩენა გარანტირებული აქვს, აი, ოთელოსი კი წინა ტურში გავარდა... მართალია 3:0 მოუგეს აელ-ს, მაგრამ ეს ვეღარ უშველით. ოთელოსიდან მხოლოდ ელგუჯა გრიგალაშვილმა ითამაშა (80 წუთი), როინ კვასხვაძე და ლევან ხმალაძე (ტრავმა) კი არ გამოჩენილან. 

ნორვეგიაში გიორგი გოროზიას სტაბეკმა მიოლდესთან სტუმრად 3:3 ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი 57-ე წუთზე შევიდა მინდორზე, როცა მისი გუნდი 1:2 აგებდა. სტაბეკი მეორე ადგილზეა: მხოლოდ რუსენბორგს ჩამორჩება 2 ქულით. 

რუმინეთში კლუჟმა სტუმრად 3:0 აჯობა იაშის და ბოლოდან მესამე ადგილზეა, არადა, 24 ქულა რომ არ ჰქონდეს დაკლებული, მესამეზე იქნებოდა. გიორგი ჭანტურიამ 58-ე წუთიდან ითამაშა, ამჯერად გოლი არ გაუტანია. 

რუსულ პრემიერლიგაში ყაზანის რუბინმა მოსკოვში 0:3 წააგო ლოკომოტივთან, მეხუთე ადგილზეა და მართალია, ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი დარჩა, მაგრამ არცთუ დიდი. სოლომონ კვირკველიამ ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა, ხოლო მამუკა კობახიძე სათადარიგო იყო. 

რუსეთის პირველ ლიგაში ორი ქართული გოლი გავიდა, მისი ავტორები სკა-ენერგიას მარჯვენაფლანგელი კახა ალადაშვილი და შემტევი გუჯა რუხაია არიან. ხაბაროვსკის გუნდმა 3:1 სძლია ენისეის. ალადაშვილმა 32-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო რუხაიამ 85-ე წუთზე გაიტანა, რითაც მეორედ დააწინაურა თავისიანები. სხვათა შორის, მესამე გოლიც ქართველთათვის კარგად ნაცნობმა ფეხბურთლმა, გორის დილას ექს-ფორვარდმა ნათან ჟუნიორმა შეაგდო. ალადაშვილისა და რუხაიას გარდა, სკა-ენერგიაში გოგიტა გოგუამაც ითამაშა. ქართველთა გუნდი მეთოთხმეტე ადგილზეა. 

საქართველოს ნაკრების თავკაცმა კახა ცხადაძემ ჩვენთან ინტერვიუშიც განაცხადა, რომ შესაძლოა, ალადაშვილი და გოგუა ნაკრებში დააბრუნოს. პირველი, როგორც მარჯვენა მცველი და მეორე, როგორც საყრდენი ნახევარმცველი.  

ტოსნო მესამე ადგილზეა და ჯერაც იბრძვის პრემიერლიგაში გადასასვლელად. ტოსნომ 1:0 მოუგო ვოლგას, ქართველთაგან კი გიორგი ნავალოვსკიმ და გურამ თეთრაშვილმა (რუსეთის მოქალაქე) შეუცვლელად ითამაშეს. ნუკრი რევიშვილი სათადარიგო გახლდათ.     

ილია ნანობაშვილი